რა არის სული?

09 Mar 2021 23:04


სული, პირველყოფილი, მარტივი, ანიმისტური გაგებით დამოუკიდებელი სუბსტანციაა, რომელიც მომაკვდავის პირიდან ამოდის ან სისხლს მიჰყვება და შემდეგ დამოუკიდებელ არსებობას განაგრძობს, ჩასახლდება და სხვა. სული, როგორც უხორცო, დამოუკიდებელი ნაწილი სხეულისა, თეოლოგიური ცნება, ხორცს რომ შორდება და უსასრულობაში გადადის, ეგვიპტელებისათვის უცხო იყო. არც ბერძნული "ფსიქე", არც რომაული "ანიმა", არც ქრისტიანული "უკვდავი ღვთაებრივი სული" ეგვიპტელთათვის ამ სახით არ არსებობდა. ეს იყო ძალების ჯამი, რასაც ეძახდნენ ახს,  ბას და კას.

"ახ" ძველეგვიპტურად მოელვარეს, ნიშნავდა და დაახლოებით "სულს" შეესატყვისებოდა. ახ ღმერთებსაც აქვთ და მოკვდავებსაც, შეუძლია მფლობელის სახით დედამიწაზეც იცხოვროს და ზეცაშიც ავიდეს, როგორც ზებუნებრივი ძალა, რაც უპირისპირდება სხეულს. ეს ცნება უკვე არსებობდა ეგვიპტის ძველი სამეფოს პერიოდში - ძვ.წ. 2665-2155 წლებში. ახს ფლობდნენ დაბალი რანგის ღმერთებიც და დემონებიც. ის უახლოვდება სულის გვიანდელ გაგებასაც.


"ბა" არის ფრინველის ან ადამიანისთავიანი ფორმა სულისა, რომელსაც ცალკე არსებობის უნარი გააჩნია. ბა აქვთ ღმერთებსაც, ძალუძს ზეცად ასვლა. ვარსკვლავები, ისევე როგორც ღმერთები, ადამიანთა ბაები არიან. ესაა სულიერი ძალა. ბა ზოგ გამოსახულებაზე, კლანჭებით ატარებდა ქართული ასომთავრული ანბანის ასო-ნიშანს "დონს".


"კა" უპირატესად მამაკაცის ღონეა, მარადიული სიცოცხლის სიმბოლო, სულისა და სხეულის თანდაყოლილი ძალა შობიდან სიკვდილამდე და შემდეგაც: ვის გვამსაც ღირსეულად მოუვლიან (მდიდრული სამარხით, ბალზამირებით), მისი კა მარად იცოცხლებს (ფარაონთა კა). დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სახელსა და ჩრდილსაც.


რა არის სული?

ერთი ცრუ რწმენით, სიზმარი მოარული სულია, ეგვიპტეში ასე არ იყო. აქ მიაჩნდათ, რომ მკვდარს, მუმიას, ისევე შეეძლო ეარსება, ეჭამა, ესვა, დამტკბარიყო ქონებით, ნივთებით, როგორც ცოცხალს. ამიტომ ეძლეოდა დიდი მნიშვნელობა კარგ სამარხს, კუბოს, ნივთებს, მსხვერპლს, რასაც დარჩენილები სწირავდნენ მიცვალებულის არა სულს, არამედ მიცვალებულ ძმას, მამას...


შუამდინარეთში, შუმერში, სულს ეძახდნენ ილლუს, ღმერთს, იშთარას, ინანას, შედუს და ლამასას (ორი ფრთოსანი ხარკაცა, კარიბჭს მცველნი), სიცოცხლის ძალასა და სქესობრივ უნარს რომ იძლეოდნენ;


ძველ ინდურ რელიგიაში სულის საკითხი ყველაზე უფრო რთული და მრავალსაფეხურიანია, დაკავშირებული ფილოსოფიურ, მითოლოგიურ და რელიგიურ წარმოდგენებთან, ვედას მოძღვრებასთან. ესაა მფლობელის სუნთქვა, ცნობიერება, შეგნება, თავისთავადობა, სიცოცხლე, "მე", მიწიერი სხეულის ჩრდილი, რაც საიქიო სხეულად გარდაისახება, შეუძლია მოგზაურობა, მარადიული და ყოვლის მგრძნობელია.


ინდივიდუალური "მე"-ს გარდა არსებობს კოსმოსური "მე". ეს თავისთავადი "მე", ატმანი, კოსმოსურ "მე"-სთან (ბრაჰმასთან) ერთად ერთხელ ვლინდება, მაგრამ მარადიულია და ყოველ ცალკე ადამიანს აქვს ატმანის ნაწილი, თავისი სული. სულის მსოფლიო წრებრუნვა, გადასახლება, ყველაზე ღრმად ინდოეთში დამუშავდა.


ჩინელთა ძველი რწმენით, ძვ.წ. მე-4 საუკუნიდან, ყოველ ადამიანს აქვს 2, 3, 7 ან 10 სული. ერთი სხეულშია და აწესრიგებს, მეორე სივრცეშია და ესაა სულიერი ძალა. სიკვდილის შემდეგ შეერთდებიან და წავლენ ცაში ან ჩავლენ მიწაში. თუ ათივე სული აქვს, კაცი ჯანსაღია, ხოლო თუ რამდენიმე აკლია - სნეულია. თუ ყველა აკლია - კაცი კვდება. დიდ როლს თამაშობს წინაპართა სულიც.

წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.



intermedia.ge 







კომენტარები:

ფართი შოპი