პატრიარქმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა

23 Mar 2018 17:58

სოფელ წილკანში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სასულიერო პირებთან ერთად ჩავიდა. პატრიარქმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს დაკრძალავენ. ის ახალგორიდან 22 თებერვალს გაიტაცეს. 23 თებერვალს კი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილი დაკავების შემდეგ გულის უკმარისობით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო.

ოსურმა მხარემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებზე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი არაერთხელ თქვა.

საბოლოოდ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით, ცხედარი ქართულ მხარეს გადმოსცეს და არჩილ ტატუნაშვილი სოფელ წილკანში, სახლში გადაასვენეს.


კომენტარები:

ფართი შოპი