მიხეილ სარჯველაძე სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

11 Mar 2021 12:56

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და ახალგაზრდობის საკითხებზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში მათ ჩართულობასა და მათი მხრიდან ახალი ინიციატივების წარმოდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ახალგაზრდებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუდენტური პარლამენტის წევრებმა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან პროცესებზე ისაუბრეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. 


„მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად არსებობდეს კომუნიკაცია ახალგაზრდა თაობასთან და შესაბამისად, გვქონდეს ინიციატივების  და მეორეს მხრივ, გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. ეს, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და საქმიანობაში, ახალგაზრდობის უფრო მეტი ჩართულობისთვის უკეთესი პერსპექტივების შექმნის საშუალებას მოგვცემს. ამგვარად ყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება და ამ პროცესს მხარდაჭერა და წახალისება სჭირდება. სწორედ ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო დღეს გამართული შეხვედრა, რადგან მსგავს ფორმატებში შესაძლებელი ხდება მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდეს ახალგაზრდა თაობასთან და შესაბამისად, უზრუნველეყოთ მათი ჩართულობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო და პარლამენტის წევრი, ელისო ბოლქვაძე დაესწრნენ. დეპუტატებმა ახალგაზრდებისგან განათლების, კულტურის და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ მოსაზრებები მოისმინეს და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.


„ახალგაზრდებთან შეხვედრა ორმხრივად სასარგებლო პროცესია, რადგან ერთმანეთისთვის ჩვენი რესურსების გაზიარება როგორც ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვისაც საინტერესოა. თქვენი რესურსები ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა, ჩვენ კი გვაქვს ის, რაც თქვენ ჯერ-ჯერობით არ გაგაჩნიათ და ეს არის მრავალმხრივი გამოცდილება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.


სხვადასხვა ფორმატებში სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.





კომენტარები:

ფართი შოპი