არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მიუსამძიმრეს
23 Mar 2018 19:25
წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მიუსამძიმრეს. სოფელ წილკანში პარტიის წევრები ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ.
“ჩვენ დავინახეთ, როგორ მოგვტაცეს და გვიწამეს ადამიანი. როგორც მოაჭრეს მას თითი და როგორ დააბრალეს, თითქოს გენოციდში მონაწილეობდა. ცინიკურად, მაშინ, როდესაც ადამიანი ცოცხალი აღარ იყო, დააპატიმრეს ცხედარი და რის ვაი-ვაგლახით გადმოგვცეს შემდეგ. სულ რაღაც 40 წუთის წინ კი, როდესაც მთელი ერი მწუხარებაშია, მოგვტაცეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე ოკუპანტებმა, ანუ რუსეთმა. და რას აკეთებს ხელისუფლება?! მაამებლურ და კაპიტულანტურ წერილს უგზავნის კვირიკაშვილი რუსეთის ფედერაციას. ჩემი რწმენით, არჩილის ეს ტრაგედია უნდა გახდეს საზოგადოების შემკვრელი, ვინაიდან მხოლოდ ერთობა აღუდგება წინ გავეშებულ ძალას, რომელსაც უკან რუსეთი უდგას. დამატებითი სიმბოლო უნდა გახდეს არჩილ ტატუნაშვილი მტერთან ბრძოლისა”, - განაცხადა ნიკა მელიამ.
"პირველი რადიო"