ჯო ბაიდენი შტატებს დაავალებს ვაქცინაცია 1 მაისამდე ყველა ზრდასრულისთვის ხელმისაწვდომი იყოს

12 Mar 2021 10:59

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, თუკი კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია მოხდება, შეერთებული შტატები, შესაძლოა, 4 ივლისისთვის ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს და ამ დღეს აშშ-ის დამოუკიდებლობასთან ერთად ვირუსისგან დამოუკიდებლობის დღეც აღნიშნონ.


“თუ ამას ერთად გავაკეთებთ, 4 ივლისისთვის, დიდი შანსია, თქვენ, თქვენს ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად შეიკრიბოთ თქვენს ეზოში და აღნიშნოთ დამოუკიდებლობის დღე. ამ ხანგრძლივი მძიმე წლის შემდეგ, დამოუკიდებლობის დღე მართლაც განსაკუთრებულია, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ არა მარტო ჩვენი, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობას, არამედ ვიწყებთ ამ ვირუსისგან დამოუკიდებლობის აღნიშვნას,” - აღნიშნა ბაიდენმა, რომელიც პანდემიის გამოცხადების წლისთავთან დაკავშირებით მოსახლეობის წინაშე სპეციალური მიმართვით წარდგა.


პრეზიდენტის განმარტებით, ის შტატებს დაავალებს, ვაქცინაციის საშუალება 1 მაისამდე ყველა ზრდასრულ ადამიანს ჰქონდეს. ამასთან, მან ამერიკელებს მოუწოდა, საკუთარი წვლილი შეიტანონ ვირუსთან ბრძოლაში და აიცრან, როგორც კი ეს მათთვის ხელმისაწვდომი გახდება.


„ამერიკელებო, მე თქვენ მჭირდებით. მჭირდება, რომ ყველა ამერიკელმა თავისი წვლილი შეიტანოს, მჭირდება, გაიკეთოთ ვაქცინა, როდესაც თქვენი რიგი მოვა,“- განაცხადა პრეზიდენტმა.


მან მოქალაქეებს ასევე მოუწოდა, გამოიჩინონ ერთიანობა და გვერდზე გადადონ მიკერძოებული ბრძოლა პირბადეების გამოყენებასა და შეზღუდვებთან დაკავშირებით.


ცნობისათვის, ჯო ბაიდენმა რამდენიმე საათის წინ ხელი მოაწერა კორონავირუსისგან დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტს, რომლის მოცულობა 1.9 ტრილიონი აშშ დოლარია. 






კომენტარები:

ფართი შოპი