ეპიდემიოლოგების განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა. პირბადის გამოყენების სტატისტიკური მაჩვენებელი 43%-ს არ აღემატება. ეპიდემიოლოგების განმარტებით, მოსახლეობა მოდუნდა, ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, რამაც კოვიდინფიცირებულების რაოდენობა გაზარდა. ისინი მოსახლეობას კვლავ მკაცრად მოუწოდებენ პირბადის ტარების, დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ.
საქართველოში იმუნიზაციის პროცესი მოსალოდნელზე ერთი კვირით ადრე დაიწყება. ქვეყანა ბრიტანულ-შვედური წარმოების „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 13 მარტს მიიღებს ვიდრე 43 ათასი დოზა ჩამოვა, ჯანდაცვის სექტორი ტექნიკურ საკითხებს მოაგვარებს და ვაქცინაციის პროცესი მომდევნო კვირიდან დაიწყება. საწყის ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მედპერსონალი აიცრება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
imedinews.ge