დიდი ცვლილება: თბილისში 50-თეთრიანი "მარშრუტკები" დაბრუნდა, თანაც უამრავი შეღავათით

12 Mar 2021 13:25

ყველაფერი ახალი სატარიფო ცვლილების შესახებ, რომელიც დედაქალაქში აპრილიდან მალე თბილისში ძვირი მგზავრობის ხანა წარსულს ჩაბარდება. ერთ-ერთი მიზეზი, რამაც მერიას ასეთი გადაწყვეტილებისკენ უბიძგა, მუნიციპალური ტრანსპორტის წახალისებაა.  1-ლი აპრილიდან ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობა 50 თეთრი გახდება, ხოლო წლის ბოლომდე ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება, რაც ნიშნავს, რომ ტარიფი მასობრივად გაიაფდება. ერთიან სისტემაში ინტეგრირებით მიკროავტობუსიც უკვე ნაწილობრივ მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციას შეიძენს.


თუ რა ცვლილებებია მოსალოდნელი, ,,რეზონანსთან“ თბილისის საკრებულოს წევრმა, ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტმა შალვა ოგბაიძემ ისაუბრა. მოხდა ყველაზე პოზიტიური ცვლილება, რაც გადაადგილებას უფრო კომფორტულს, ხელმისაწვდომს და მობილურს გახდის, რაც დიდი ხნის განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემად მიიჩნეოდა. 


,,ახალი სატრანსპორტო პროგრამა რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს, მათ შორის მგზავრობის საფასურის ინტეგრირებული სისტემის დანერგვას, რომელშიც მეტრო, ავტობუსები და ახალი ლურჯი ავტობუსები ჩაერთვება. მოქალაქეები ისარგებლებენ იმ შეღავათებით, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰქონდა. საათნახევრის განმავლობაში ისინი ერთი გადახდის შემდეგ უფასოდ იმგზავრებენ როგორც მეტროში, ასევე ავტობუსსა და ლურჯ მიკროავტობუსში. საათნახევრის გასვლის შემდეგ მგზავრი ისევ ჩვეულებრივ 50 თეთრს გადაიხდის და ტარიფი არ შეიცვლება. 


შეიძლება ითქვას მიკროავტობუსები მთლიანად მუნიციპალურ სატრანსპორტო სქემაში ჩაერთვნენ. პრაქტიკულად მათ ძველი ფუნქცია დაიბრუნეს, რაც გადახდის ერთიანი სქემას გულისხმობს.  დამოკიდებულება - ,,კონდიციონერი ჩართე“, ,,ჯიბიდან გადაიხადე“ და სხვა მსგავსი რამ წარსულს ჩაბარდა. შეიცვალა მძღოლის ანაზღაურების ფორმაც, ისინი სტაბილურ შემოსავალს მიიღებენ. რაც შეეხება ლურჯი მიკროავტრობუსების რაოდენობას, ამ ეტაპზე რამდენიმე ასულია და წის ბოლომდე მათი რიცხვი 1000-მდე გაიზრდება“, -  განაცხადა "რეზონანსთან" შალვა ოგბაიძემ.


ამ ეტაპზე ტარიფის ზრდა არ განიხილება, მეტიც,  სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში მოქმედი შეღავათიანი პაკეტები "ლურჯ მიკროავტობუსებზეც" გავრცელდება. უფასო გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ იმ მოქალაქეებს, რომლების ამ შღავათით ისედაც სარგებლობდნენ: დედაქალაქში რეგისტრირებული უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი პირი; მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებულ პირები; სამხედრო ძალების ვეტერანები; სკოლის მოსწავლეები; შსს-ს უბნის ინსპექტორები; 10 თეთრით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები; ხოლო 20 თეთრით მგზავრობის საშუალება ექნება იმავე კატეგორიას, რომელიც ამ შეღავათით მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებისას სარგებლობს:  სტუდენტები; სკოლისა და ბაღების თანამშრომლები; 9 აპრილს დაზარალებულები და დაღუპულთა ოჯახის წევრები; პენსიონერები და სხვა. 


შალვა ოგბაიძის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამით” სხვა ცვლილებებთან ერთად გათვალისწინებულია მგზავრობის ერთკვირიანი/ერთთვიანი აბონემენტების შემოღება. აბონემენტების ფასი შეღავათიანი იქნება, თუმცა მგზავრებს თავად შეეძლებათ გააკეთონ არჩევანი - ისარგებლონ ჩვეულებრივი ტარიფით, თუ უღირთ შეიძინონ აბონემენტები.


მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, ვიქტორ წილოსანის თქმით, ფინანსური რესურსი კონკრეტულად არც ერთ პროექტს არ აკლდება და სუბსიდირებისთვის საჭირო თანხები ბიუჯეტის გადანაწილების პროცესში მოიძიეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტში მგზავრთნაკადის ზრდის ხარჯზე რეფორმის ეს ნაწილი გამართლებული იქნება.


"ჩვენ მოსახლეობას მგზავრობას დავუსუბსიდირებთ. ზუსტად იმიტომ, რომ რეფორმის ფარგლებში მოხდეს მოსახლეობის წახალისება და შესაძლებელი იყოს გადასხდნენ კერძოდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. მერია რა თქმა უნდა, ამაში თანხას დახარჯავს. ეს ბიუჯეტის გადანაწილების ნაწილია, კონკრეტულად რომელიმე პროექტს თანხა არ დააკლდება. ეს არის 10-წლიანი გეგმის ნაწილი. იმის ხარჯზე, რომ ყოველწლიურად მგზავრთნაკადი 15%-ით იზრდება, ვფიქრობთ, რომ ჩვენ მივიღებთ დამატებით შემოსავლებს", - განაცხადა წილოსანმა.


მთავრობის სატრანსპორტო პოლიტიკას დარგის სპეციალისტები დადებითად აფასებენ. როგორც ექსპერტმა გელა კვაშილავამ ,,რეზონანსთან“ აღნიშნა, ტარიფის გაიაფება საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისების მიზნით მოხდა, რაც მართლაც წინგადადგმნული ნაბიჯია.


,,წლების განმავლობაში საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსოპორტის სფერო მოუწესრიგებელი იყო. გარდა იმისა, რომ  მგზავრები გადაადგილდებოდნენ მაღალ ფასად, ტრანსპორტირების პირობები იყო ძალიან მძიმე, შეიძლება ითქვას, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყოველთვის სჭირდება მხარდაჭერა, ყველა ქვეყანაში ასეა და კარგია, რომ ამჯერადაც მთავრობა ცდილობს დარგის წახალისებას. 

როგორც ჩანს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო პრიორიტეტული ხდება, ამიტომ ასეთი ქმედითი ნაბიჯები საბოლოოდ ჯამში დიდ შედეგს მოგვცემს. რაც მთავარია, მგზავრობა გახდება კომფორტული და მარტივი.

 ინტეგრირებული სისტემა კი კარგია იმისთვის, რომ მომსახურების კონტროლიც გამარტივდეს, ამ მხრივ ერთიანი სქემა უფრო მისაღები და ადვილად სამართავია“, - აღნიშნა "რეზონანსთან" კვაშილავამ. 


შეგახსენებთ, მიკროავტობუსები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული გადახდის სისტემის ნაწილი ხდება, შედეგად მგზავრობის ტარიფი 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი იქნება. ცვლილებების მიხედვით, მგზავრს შეეძლება ერთი გადახდით(50 თეთრი) საათნახევრის განმავლობაში უფასოდ იმგზავროს მეტროთი, ავტობუსით და ახლა უკვე ლურჯი მიკროავტობუსით.


რეზონანსი.




კომენტარები:

ფართი შოპი