ტელეკომპანია "პირველი" სამართლებრივ ბრძოლას იწყებს - კომპანიის ადვოკატი ამტკიცებს, რომ სასამართლოს განჩინება უკანონო და არაკონსტიტუციურია, სწორედ ამიტომ, ის დღეს სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. იგეგმება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთვის მიმართვაც.
სასამართლოს განჩინებას ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე ჟურნალისტების დაშინების მცდელობად აფასებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, უარი თქვას ყოველგვარ გეგმაზე, რამაც, შესაძლოა, ტელეკომპანიის მაუწყებლობას საფრთხე შეუქმნას.
"საფრთხე განეიტრალებული არ არის, განჩინება, რომელიც სრულიად უკანონოდ გამოსცა პროკურატურის მოთხოვნით და ხელისუფლების პოლიტიკური ზეწოლით თბილისის საქალაქო სასამართლომ, ძალაშია 9 აპრილამდე. ამ დრომდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ძალოვან უწყებას შემოვიდეს ტელეკომპანია პირველში, ან ჩვენთან, ნებისმიერთან, სახლში. რა თქმა უნდა, ამ უკანონო გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ,"-აცხადებს ნოდარ მელაძე.
ტელეკომპანია "პირველის" უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ განჩინება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან "ფაქტია, რომ განჩინება, რომელიც აქვს მიღებული მოსამართლე ლაშა კლდიაშვილს, ცალსახა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან და ზღუდავს ჟურნალისტის პროფესიულ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, მას ავალდებულებს წყაროს გამჟღავნებას, საკუთარი შინაარსით და ეს არის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა. ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რათა აღნიშნული განჩინება გაუქმდეს,"- აცხადებს ადვოკატი.
რეზონანსი