კომენდანტის საათის შემსუბუქება, სავარაუდოდ, აპრილამდე გადაიდო

12 Mar 2021 20:18


კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება. ამ ეტაპზე, მისი არც გადაწევა და მით უფრო, არც მოხსნა არ იგეგმება. მთავრობა და მთავარი ეპიდემიოლოგები ამ ნაბიჯის გადადგმას, ჯერჯერობით, არ ჩქარობენ, არადა, კომენდანტის საათი ბიზნესს პრობლემებს უქმნის. მათი წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია ითხოვენ, გადაადგილებაზე შეზღუდვა 2-3 საათით გვიან დაიწყოს. მათ ეთანხმება ზოგიერთი ინფექციონისტიც. საინტერესოა, რა შედეგებს გამოიღებს კომენდანტის საათის ამდენი ხნით ძალაში დატოვება მაშინ, როცა შეზღუდვების უდიდესი ნაწილი უკვე მოხსნილია?

ორშაბათიდან მთავრობამ ეტაპობრივად დაგეგმილი შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. ეკონომიკა, ფაქტობრივად, სრულიად გაიხსნა და გამოცოცხლებას იწყებს, თუმცა გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ისევ ძალაში დარჩა. ინფექციონისტების თქმით, აუცილებელია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე დაკვირვება, რის შედეგადაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება კომენდანტის საათის შემსუბუქებასთან დაკავშირებით. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კომენდანტის საათის მოხსნა ნამდვილად განიხილეს, თუმცა მისი მოხსნა საჭიროდ არ ჩათვალეს.

„სხდომაზე იყო საუბარი ამ საკითხზე. მოგეხსენებათ, ერთდროულად ამდენი შემსუბუქება არ არის სასურველი. თითოეული ნაბიჯის გადადგმის შემდეგ უნდა დავაკვირდეთ ერთი-ორი კვირა და შემდეგ დავგეგმოთ ახალი ეტაპი. არ ჩაითვალა საჭიროდ გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქების გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ თუ ჩვენ ამ ჩარჩოებში შევინარჩუნებთ ეპიდსიტუაციას, ეს საკითხიც დადგება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


კომენდანტის საათის ძალაში დატოვება გაუგებარია ინფექციონისტთა ნაწილისთვის. როგორც ირაკლი ხმალაძე აცხადებს, ახსნა არ აქვს, რა როლს ასრულებს კომენდანტის საათი მაშინ, როცა შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა და ხალხს თუნდაც რესტორანში წასვლის შესაძლებლობა აქვს. 


„არ მივესალმები კომენდანტის საათის ძალაში დატოვებას, რადგან შესაძლებელია, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დაიწყოს 12 საათიდან და არა _ 9-დან, რადგან ადამიანი ძალიან შეზღუდულია.


ბოლომდე ვერ გავერკვიე, რა დანიშნულება აქვს გადაადგილების შეზღუდვას, რადგან თუ რესტორნები გაიხსნება, ადამიანი 8-9 საათამდე მაინც იქეიფებს. მიმაჩნია, რომ უკვე შესაძლებელია კომენდანტის საათის გაუქმება თუ არა, გადაწევა მაინც.


ეპიდსიტუაციაც გვაძლევს ამის საშუალებას, რადგან ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, ასევე რესტორნებსა და კვების ობიექტებში ერთად ჯდომა შეიძლება. ვითარება არ გაუარესებულა. დიდი ბოდიში, მაგრამ ეს კომენდანტის საათი რას აკეთებს, ვერ გავიგე. ვფიქრობ, ნამდვილად შეიძლებოდა რეგულაციის შემსუბუქება“, - განუცხადა „რეზონანსს“ ხმალაძემ.


გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ყველაზე დიდ დარტყმას ბიზნესსექტორს აყენებს. მას შემდეგ, რაც სარესტორნე სფერომ გახსნა მოახერხა, პრობლემები მაინც არ შემცირებულა, რადგან სტუმრების მიღება მაინც უჭირთ. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ვერ ასწრებს კაფე-ბარებში სიარულს.


როგორც რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე მიიჩნევს, კომენდანტის საათის გადაწევა მნიშვნელოვანია, რადგან რეგულაცია აფერხებს ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებას.


„ეს არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ საზოგადოების პრობლემაცაა. გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა ამირან გამყრელიძის გადასაწყვეტი ნამდვილად არ უნდა იყოს. კორონავირუსის თემა რეალურად ვერაფრით რეგულირდება.


ჩემთვის ალოგიკურია, ეპიდემიოლოგები წყვეტდნენ კომენდანტის საათის საჭიროებას. რეალურად ეს აფერხებს ბიზნესს, აფერხებს ეკონომიკის განვითარებას. კონკრეტულად რომ ავიღოთ, სტუმრისთვის, რომელიც რომელიმე ობიექტს სტუმრობს, წარმოუდგენელია, ელოდებოდეს დროს, თუ როდის უნდა დატოვოს ობიექტი, რომ სახლამდე მიასწროს. ანალოგიურია თანამშრომლების შემთხვევაშიც. აქედან გამომდინარე, კომენდანტის საათის გადაწევა აუცილებელია“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ბურჯანაძემ.


მართალია, ბიზნესს სულ მალე ძველებურად მუშაობის საშუალება ექნება, თუმცა საინტერესოა, რამდენად შეძლებენ სარესტორნე სფეროს წარმომადგენლები ისევ იმ დატვირთვით იმუშაონ, როგორც ადრე და, იმავდროულად, მიიღონ შემოსავალი. ფაქტია, კომენდანტის საათი ბიზნესსექტორს დიდ პრობლემას უქმნის, რის გამოც შესაძლებელია, ზოგიერთმა ობიექტმა მუშაობის განახლებაც ვერ შეძლოს.


როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ფიქრობს, კომენდანდის საათის დაწყების დრო უნდა შეიცვალოს, რადგან ობიექტებს მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.


„მაშინ, როცა ვსაუბრობდით რესტორნების გახსნაზე, ასეც მოხდა, მაგრამ, როდესაც გაიხსნა და ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ, გაირკვა, რომ სჯობდა, კომპანიების ნაწილი საერთოდ დახურული ყოფილიყო.


გახსნას, რა თქმა უნდა, თავისი ხარჯი მოჰყვება, რაც უკავშირდება საჯარო გადასახადს, კომუნალურებს, ხელფასებს და ა.შ. თუ სამუშაო საათები არ იქნება საკმარისი, ისე, როგორც ადრე, აზრი არ აქვს ობიექტის გახსნას. შესაბამისად, აუცილებელია, კომენდანტის საათმა 1-2 საათით გადაიწიოს, რადგან, ასე თუ არ მოხდება, კომპანიები, რომლებმაც გახსნა ძლივს მოახერხეს, ისევ უნდა დაიხუროს.


ისე ნუ ვიზამთ, რომ, საბოლოო ჯამში, თვითდაზიანებები მივიღოთ იმ ზედმეტი სიფრთხილისგან, რომელიც ჩვენ გვაქვს. კომენდანტის საათის ეფექტი რომ შეადაროთ იმ უარყოფით ეფექტს, რომელიც დღეს ეკონომიკას აქვს, რა თქმა უნდა, უარყოფითი ფაქტორი უფრო გადაწონის დადებითს, რაც შეიძლება ჰქონდეს რეგულაციას“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ვეფხვაძემ.






კომენტარები:

ფართი შოპი