კელი დეგნანი მიესალმა ვახო სანაიას სამსახურში დაბრუნებას მასზე თავდასხმის შემდეგ

12 Mar 2021 22:27

ტელეკომპანია „ფორმულას" ესტუმრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. ის მიესალმა ჟურნალისტ ვახო სანაიას სამსახურში დაბრუნებას მასზე თავდასხმის შემდეგ.


„ვფიქრობ, რომ დღეს, სწორედ ახლა, ვხედავთ, თუ რამხელა გამბედაობაა საჭირო იმისთვის, რომ იყო ჟურნალისტი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე, მათ შორის აქაც. ვახო და სხვები, ვისაც თავს დაესხნენ ან დაემუქრნენ - ასეთი რამ უბრალოდ დაუშვებელი და სახიფათოა. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიათავისუფლების ძალიან მტკიცე მხარდაჭერას", - განაცხადა კელი დეგნანმა.


როგორც „ფორმულა" იუწყება, დიპლომატმა განაცხადა, რომ აშშ აგრძელებს მედიის თავისუფლების ძლიერ მხარდაჭერას.


„მოხარული ვარ, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ჟურნალისტების დაცვის მექანიზმებს, რომ მათ დაიცვან საკუთარი წყაროები, რადგან ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მიიღოს სწორი ინფორმაცია და უზრუნველყოს მთავრობის ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ. ეს არის საკვანძო პრინციპი მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიის, რათა ჟურნალისტებს შეეძლოთ პასუხისმგებლიანად საკუთარი საქმის გაკეთება დაშინების, ძალადობისა და მუქარის გარეშე. ასე რომ, მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ გავაგრძელებთ მედიის თავისუფლების აქტიურ მხარდაჭერას საქართველოში", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.


ჟურნალისტ ვახო სანაიას თბილისში, ფიზიკურად გაუსწორდნენ 24 თებერვალს ღამით, როცა ოჯახის წევრებთან ერთად შინ ბრუნდებოდა. ტელეწამყვანს ტვინის შერყევა ჰქონდა.


პოლიციამ 3 პირი დააკავა. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შსს-ს თანახმად, ვახო სანაიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და ხელისუფლებამ. ისინი მიიჩნევენ, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმა კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ არსებული აგრესიული რიტორიკის შედეგია.


kviris palitra.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი