გიგა ბოკერია პლებისციტზე - თუ ყველა საკითხი გვარდება და ამ საკითხში კომპრომისის აუცილებლობა დადგა, ჩვენ მზად ვართ, ეს განვიხილოთ

13 Mar 2021 13:35

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ ყველა სხვა საკითხი, რაზეც მოლაპარაკება მიმდინარეობს, მოგვარდება, „ევროპული საქართველო“ მზადაა, ვადამდელი არჩევნების თაობაზე პლებისციტის ჩატარების კომპრომისზე წავიდეს.


ამასთან, როგორც ბოკერიამ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, პირდაპირ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა უფრო ადეკვატური გზაა.


„თუ ყველა საკითხი გვარდება და ამ საკითხში კომპრომისის აუცილებლობა დადგა, ჩვენ მზად ვართ, ეს განვიხილოთ როგორც კომპრომისი, ოღონდ ჩემი რჩევაა, პირდაპირ ვადამდელი არჩევების დანიშვნა, ყველაზე უფრო ადეკვატური გზაა. თუმცა ივანიშვილს იმ საჩუქარს არ გავუკეთებთ, რომ თუ ყველა სხვა საკითხი გვარდება - მელია და რურუა თავისუფალი იქნება, საარჩევნო სისტემის რეგულაციის თემა მოგვარების პროცესშია და მხოლოდ ესაა საკითხი, ჩვენს მოქალაქეებს ნორმალური არჩევნების პირობებში ვკითხავთ, უნდათ თუ არა ვადამდელი არჩევნები“,- განაცხადა ბოკერიამ.


როგორც ის აღნიშნავს, შარლ მიშელის შემუშავებული საკითხებიდან ნაწილი გრძელვადიანია, თუმცა არის თემები, რომლებიც მყისიერად უნდა გადაწყდეს.


„ჩვენ გვინდა კრიზისიდან გამოსვლა. ის ხედვა, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა შეაჯერა, მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც არის აუცილებელი ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, თან არის გრძელვადიანი თემები, რომელიც 2 დღეში ვერ გადაწყდება, მაგრამ უნდა დაიძრას - როგორიც არის უზენაესი სასამართლოს, ზოგადად სასამართლოს რეფორმა, მომავალში ძალთა გადანაწილება პოლიტიკურ ძალებს შორის. მაგრამ არის მყისიერი საკითხები, ესაა პოლიტპატიმრების თემა. მელიას გათავისუფლების საკითხი, ასევე რურუას საკითხი და რა თქმა უნდა, საკითხი, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება აღდგენა იმის, რასაც ივანიშვილმა მიაყენა დარტყმა, ესაა ნდობა არჩევნების მიმართ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური, ნორმალური ინსტრუმენტისადმი ხელისუფლების ცვლილებების. ამას სჭირდება ვადამდელი არჩევნებისკენ სვლა. ამაზე უნდა შევთანხმდეთ“, - განაცხადა ბოკერიამ.


მისივე თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ვითარების განმუხტვა ვერ მოხდება.


„ესაა ჩვენი ამოცანა. ამის გარეშე განმუხტვა ვერ მოხდება, თორემ ეს არაა პერსონალურად ნიკა მელიას ან გიორგი რურუას საქმე, ესააა საკითხი პრინციპის, შესაძლებელია თუ არა ქვეყანაში, როდესმე ვისაც ძალაუფლება აქვს, ჰქონდეს ეს ინსტრუმენტი, რომ ვინც ხელს უშლის პოლიტიკურად ამა თუ იმ საბაბით დაატყვევოს, ეს დაუშვებელია“,- განაცხადა ბოკერიამ.







კომენტარები:

ფართი შოპი