შვილის ცარიელი საფლავი მაქვს, მაინც ველოდები – ტაქსის მძღოლი ქალი ბათუმიდან

14 Mar 2021 00:21

„9 წელია, რაც ტაქსის მძღოლი ვარ. ემიგრაციაში ვიყავი საბერძნეთში და იქ ვხედავდი ტაქსის მძღოლ ქალებს, ძალიან მომწონდა. ვფიქრობდი, როცა ბათუმში დავბრუნდებოდი, სხვა თუ ვერაფერს ვიშოვიდი სამუშაოს, აუცილებლად ტაქსის მძღოლი გავხდებოდი,“ – გვიყვება საკუთარ თავზე ელენე მჟავანაძე.


9 წელი ტაქსიში

ამბობს, რომ ღამით მუშაობა ხშირად უწევს, თუმცა სექსუალური შევიწროების ან ჩაგვრის შემთხვევები არ ჰქონია. „იყო 1-2 შემთხვევა, როცა ფული არ გადამიხადეს, „გადამაგდეს“, ასე ვთქვათ, მაგრამ სხვა მძიმე შემთხვევები არ მქონია.


უფრო მეტად მაქებენ – ყოჩაღ ქალო, რა კარგ საქმეს აკეთებთო, უთქვამთ ახალგაზრდებს და ხანდაზმულებსაც“, – გვეუბნება ელენე.


მისი თქმით, ტაქსის მძღოლს მარტო მგზავრების გადაყვანა არ უწევს, ხშირად ტვირთიც გადააქვს, ამიტომ ფიზიკურადაც ძლიერი უნდა იყო, რომ ტვირთი ჩადო მანქანაში ან ჩამოიღო. „მანქანა ტექნიკურად გამართული უნდა გქონდეს, ძრავა, ელექტროობა, ყველაფერს მე ვაკეთებ. მანქანასაც მე ვრეცხავ,“ – გვეუბნება ელენე.


ტაქსის მძღოლობა საბერძნეთში ყოფნისას გადაწყვიტა. ქუჩაში რომ გამოვდიოდი, ვხედავდი ქალ მძღოლებს და ძალიან მომწონდაო. ავტომანქანაც შეიძინა და ჯერ დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობდა, მოგვიანებით კი კერძო კომპანიაში დასაქმდა.


„ქალის შრომა ყოველთვის რთული იყო და ასე იქნება მომავალშიც, რადგან გარეთ შრომაც გიწევს და სახლშიც. ისეთი დღეებიც მაქვს, სადილობასაც ვერ ვასწრებ. საჭმელს დავდგამ, დამირეკავს მგზავრი, გავდივარ, მოვალ გავაგრძელებ, ისევ დამირეკავენ, ისევ გავდივარ და შეიძლება ისე დაღამდეს, ვერც კი დავასრულო კერძის მომზადება“.

ელენე: „ისეთი დღეებიც მაქვს, როცა სადილობასაც კი ვერ ვასწრებ“.


შრომა პანდემიაში

„პანდემიამ თითქოს ცხოვრება გააჩერა. ყველა ჩუმადაა, თითქოს არავინ არაფერზე საუბრობს, მაგრამ პრობლემები აღარ ილევა. იმედს არ ვკარგავ, რომ ძველი ცხოვრება დაბრუნდება,“ – ამბობს ელენე.


პანდემიამდე ელენე ძირითადად ღამის ცვლაში მუშაობდა. ამბობს, რომ ეს მისთვის უფრო მოსახერხებელი იყო, რადგან დილით სახლის საქმეებს ასწრებდა, შუადღით თავს წაძინების უფლებას აძლევდა, საღამოს კი ისევ სამუშაოდ გადიოდა.


„როცა შეზღუდვები მოიხსნება, აუცილებლად გადავალ ღამის ცვლაზე,“ – ამბობს ის.


სანამ ყველაფერი ჩაიკეტებოდა, ელენეს შეთავაზება ჰქონდა მუნიციპალური ავტობუსის მძღოლობაზე. თუ ეს პროგრამა გაგრძელდა, უარს არ ვიტყვი და ავტობუსის მძღოლადაც ვიმუშავებო, – ამბობს.


პროფესია, რომელიც ძალიან უყვარდა, მიატოვებინეს

ელენე მჟავანაძე

სკოლის დასრულების შემდეგ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩააბარა და მოცეკვავე გახდა. მუშაობდა კიდევ 6 წელი პროფესიით, თუმცა დაქორწინების შემდეგ, როგორც ელენე გვიყვება, ქმარმა მუშაობის უფლება აღარ მისცა. „ფიქრობდა, რომ ქალის ადგილი სახლშია. თუ ქალი სახლში დაჯდება, მაშინ ქმარმა უნდა უზრუნველყოს, მით უმეტეს მაშინ, როცა ორი პატარა შვილი გყავს. არც მუშაობის უფლებას მაძლევდა, არც გვარჩენდა, ამიტომ დავშორდით,“ – ამბობს ელენე.


მძიმე წლები გამოიარა. 90-იან წლებში, როცა პური, შაქარი და სხვა სურსათი ტალონებით იყიდებოდა, ოჯახს საკმარისი პურიც კი არ ხვდებოდა. „ჩემი შვილები როცა თვალს გაახელდნენ, მაშინვე იტყოდნენ – „მშია“. ხშირად მშიერიც კი ვყოფილვარ: მე როგორ შევჭამდი,“ – გვეუბნება ელენე.


ამბობს, რომ ცხოვრებაში არასდროს უნდა იყო სხვაზე დამოკიდებული და რომ შენს საქმეს სხვა არასდროს გააკეთებს. „ბრძოლა დავიწყე, ჯერ ჭურჭლის მრეცხავად ვიმუშავე ორი წელი, შემდეგ ინგლისური ვისწავლე და პორტში დავიწყე მუშაობა, ნაქირავებში ვცხოვრობდი, სახლიდან სახლში გადასვლა მიწევდა პატარა ბავშვებით, ამიტომ გადავწყვიტე ემიგრაციაში წასვლაო“.


13 წელი ემიგრაციაში – შვილებისგან შორს

რთული იყო შვილების მიტოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ბავშვები ჩემს დასთან დავტოვე და საბერძნეთში წავედი. ახლა ინტერნეტია და ეს მეტ-ნაკლებად გიმსუბუქებს სიშორეს, მაშინ კი არც ინტერნეტი იყო, არც ტელეფონი, თვეში ერთხელ ძლივს ვახერხებდი დარეკვას.


ყველგან ვმუშაობდი, – მომვლელად, მრეცხავად, კიბეებსაც ვასუფთავებდი… ბოლოს იმდენი მოვახერხე, რომ საკუთარი სახლი ვიყიდე, შვილებიც წამოიზარდნენ და ბათუმში დავბრუნდი,“ – ამბობს ელენე.


შვილის ცარიელი საფლავი – მაინც ველოდები

„მე ისევ ველოდები“ – ელენეს ჯარისკაცი შვილი წვრთნების დროს ზღვაში დაიკარგა.

მძიმე, დუხჭირი წლების გადალახვის შემდეგ ელენეს ცხოვრებაში ტრაგედია დატრიალდა. სამხედრო წვრთნების დროს დაიკარგა მისი  შვილი იაგო შარაძე, მასთან ერთად კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიკარგა ზღვაში. რამდენიმედღიანი ძებნის მიუხედავად, მაშველებმა ზღვაში დაკარგული  სპეცრაზმელები ვერ იპოვეს.


„ზღვა შემძულდა“ – ამბობს ელენე, თუმცა როცა მგზავრი არ ჰყავს, მაინც სულ ზღვის სანაპიროსკენ მიიჩქარის. „იქ, სადაც ჩემი შვილი გაუჩინარდა, არ შემიძლია იმ ადგილს გვერდი მშვიდად ავუარო. შვილის ცარიელი საფლავი მაქვს, მაგრამ მე მაინც ველოდები,“ – ამბობს ელენე.


იაგოსგან ორი შვილიშვილი ჰყავს, რომლებიც ბებიას ხშირი სტუმრები არიან. „ჩემი რძალი ცხინვალიდან დევნილია. წეროვანში ცხოვრობდა და როცა იაგო დაიღუპა, წეროვანში, მშობლებთან დაბრუნდა. ზოგჯერ მე ჩავდივარ, ზოგჯერ ბავშვები ჩამოდიან. მინდა, რომ ჩემი შვილის ოჯახი მყარად მყავდეს და ვცდილობ, მათზე ვიზრუნო. ერთი შვილი დამრჩა, გოგოსგანაც ორი შვილიშვილი მყავს,“ – ამბობს ელენე.


მისი თქმით, ქალს ორმაგად უწევს ბრძოლა, რადგან ცხოვრება აიძულებს ორმაგად ძლიერი იყოს. „ჩემს თავს უფლებას არ მივცემ უკან დავიხიო და დავეცე,“ – გვეუბნება ელენე.


batumelebi.nethazeti.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი