სალომე სამადაშვილი - ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა იყო პროდუქტიული, მაგრამ ცხადია, საუბრის გაგრძელება დაგვჭირდება

14 Mar 2021 16:51

ჩვენ, საქართველოს დემოკრატიულ ოპოზიციას, გვსურს, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს იმ შედეგით, რა მოლოდინიც აქვს ხალხს, რაც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და მის სტაბილურ განვითარებას და ეს მოითხოვს ცხადია, კომპრომისებს და იმედია, რომ ეს ყველას ესმის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა პროდუქტიული იყო, თუმცა საუბრის გაგრძელება კიდევ საჭიროა.


„დღეს გავაგრძელეთ საუბარი ყველა იმ 6 პუნქტზე, რაც არის ასახული მიშელის მიერ ჩამოყალიბებულ გეგმაში. გარკვეულწილად გვქონდა პროგრესი იმ თვალსაზრისით, რომ გვქონდა საუბარი თემებზე და უფრო დეტალური მსჯელობის შესაძლებლობა მოგვეცა სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ რთული მოლაპარაკებების პროცესი. ჩვენი მხრიდან, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ის, რომ ოპოზიციის ამოცანა, ამ მოლაპარაკებების პროცესში, არის შედეგის დადება და ეს შედეგი უკავშირდება ჩვენი ქევყნის, სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებს, რაც უკავშირდება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის ფაქტობრივად, განახლებას თუ აღდგენას იმისთვის, რომ ქვეყანაში მივიღოთ არჩევნები, რომელსაც ექნება ის ფუნქცია, რა დანიშნულებაც აქვს არჩევნებს დემოკრატიულ სახელმწიფოში. ეს მოითხოვს ძალიან ბევრ საკითხზე მსჯელობას, ძალიან ბევრ საკითხზე შეთანხმებას: პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ მართლმსაჯულებაზე, ასევე საარჩევნო რეფორმაზე, და ბევრ სხვა საკითხზე და ცხადია, ერთი შეხვედრით ყველა ეს საკითხი ვერ მოგვარდება.


მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო პროდუქტიული, მაგრამ ცხადია, რომ ჩვენ კიდევ დაგვჭირდება საუბრის გაგრძელება. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ, საქართველოს დემოკრატიულ ოპოზიციას, გვსურს, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს იმ შედეგით რა მოლოდინიც აქვს ჩვენს ხალხს და რაც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და მის სტაბილურ განვითარებას და ეს მოითხოვს ცხადია, კომპრომისებს და იმედია, რომ ეს ყველას ესმის, მათ შორის, ხელისუფლებას პირველ რიგში, რადგან მათ ეკისრებათ მთავარი პასუხისმგებლობა ამ პროცესში.


მე ვფიქრობ, რომ ახლა რაიმე პროგნოზის გაკეთება როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკებები, ჯერ ადრეა. მინდა ვუთხრა ჩვენს ამომრჩევლებს და ქართველ ხალხს, მინდა დავარწმუნო ყველა მოქალაქე, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეთანხმების შედეგად გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფო, შესაბამისად თითოეული საქართველოს მოქალაქის მომავალი გამოიყურებოდეს უკეთესად და არა უარესად“, - განაცხადა სამადაშვილმა.


ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან.


შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.






კომენტარები:

ფართი შოპი