ხათუნა სამნიძე - პოზიტიურად ვარ განწყობილი, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დამთავრდეს

14 Mar 2021 16:58

დღევანდელი შეხვედრა ძალიან სერიოზული, პროდუქტიული იყო - პოზიტიურად ვარ განწყობილი, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დამთავრდება, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


სამნიძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია ერთად მუშაობას შეძლებს.


„დღევანდელი შეხვედრა ძალიან სერიოზული იყო იმით, რომ ყველა საკითხზე დაწვრილებით ვისაუბრებთ. ყველა იმ საკითხზე, რომელიც შარლ მიშელის მიერ იყო ჩამოთვლილი. შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო, კონკრეტიკაზეც შევძელით ლაპარაკი, რა თქმა უნდა, მე შინაარსზე ლაპარაკი არ შემიძლია, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პოზიტიურად განწყობილი ვარ, იმისთვის რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დამთავრდეს, რაც საბოლოო ჯამში, შეთანხმებას ნიშნავს. შეთანხმება ნიშნავს, კომპრომისზე წასვლას და კომპრომისი მოლაპარაკების ორივე მხარეს ეკუთნის. ამიტომ მაქვს იმედი, როგორც ხელისუფლება, ასევე ჩვენც შევძლებთ, ქვეყნის სტაბილური განვითარების მიზნით ერთად მუშაობას. ეს კომპრომისები იქნება ორმხრივი“, - განაცხადა სამნიძემ.


ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან.


შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.







კომენტარები:

ფართი შოპი