"ეს მთავრობა მარტო არც აქ დაიტოვება და არც ბრიუსელში გაიშვება"

15 Mar 2021 22:06

შედეგით თუ ვიმსჯელებთ, ეს მთავრობა მარტო არც აქ დაიტოვება და არც ბრიუსელში გაიშვება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია


"პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა.

როგორც უგულავამ განმარტა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება რაღაც ფორმით, ყველა შემთხვევაში უნდა შედგეს და ეს მალე იქნება. მისივე თქმით, პასუხისმგებლობის უმეტესი ნაწილი ხელისუფლებაზე მოდის.


"დანიელსონი დარჩა იქამდე, ვიდრე შეთანხმება მიღწეული იქნება, კარლ ჰარცელი კი ღარიბაშვილთან ერთად წავიდა ბრიუსელში. გასაგებია, პრემიერის ვიზიტია,ელჩი უნდა წავიდეს, უბრალოდ, კომიკურად გამოიყურებოდა, როცა ამ ადამინმა თქვა, ვრჩები, იქამდე ვიდრე საჭიროაო, ის წავიდა და "ქართული ოცნება" თავისი პიარსაშუალებებით ერთ ამბავში იყო, ერთად წავიდნენო. გეგონება, დიდი ამბავია, ერთად რომ წავიდნენ და პრემიერის თვითმფრინავით წავიდა. საბოლოო ჯამში, დღის ხუმრობა შეიკრა, ეს ფაქტი "ქართული ოცნების"არსს კარგად ასახავს.


ამ წუთისთვის, ქვეყნისთვის ყველაზე დამაიმდებელი ფაქტი არის ის, რომ ადამიანი, რომელიც გუშინწინ მიემგზავრებოდა, რჩება იქამდე, ვიდრე შეთანხმება არ იქნება. პარალელურად ჩვენთვის ცნობილია, რომ ღარიბაშვილს მოუწევს საუბარი ისევ შარლ მიშელთან და ევროკავშირის სხვა მაღალჩინოსნებთან. საუბრის თემა, ცხადია, პოლიტიკური კრიზისის გადალახვა იქნება. ეს ორი პროცესი იმედს გვაძლევს და ბუნებრივია, დარჩენის გადაწყვეტილება შარლ მიშელის გადაწყვეტილებაა, რადგან მას კარგად ესმის, პერსონალურად აღებული აქვს პოლიტიკური ვალდებულება, რომ ეს კრიზისი დაიძლევა, ევროკავშირი ძალიან სიფრთხილით ეკიდება ამას, რადგან არც თუ ისე წარმატებული ვიზიტი იყო რუსეთში, სადაც რუსული ოფიციოზი საშინლად, უზრდელურად მოიქცა, მაგრამ წარმატებული ვიზიტი ეს არ იყო, ამიტომ მეორე წარუმატებული მისია უბრალოდ ძალიან მძიმე იქნება რეგიონიდან, ამიტომ ძალიან მნიშნელოვანია მისთვის შეთანხმება. ერთი რამე შეგვიძლია ვთქვათ, იქით იქნება თუ აქეთ, შეთანხმება რაღაც ფორმით, ყველა შემთხვევაში უნდა იყოს და ეს იქნება მალე", - განაცხადა გიგი უგულავამ.


რაც შეეხება პარტნიორების მოწოდებას, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად საჭიროა ნაბიჯები ორივე მხარემ გადადგას, უგულავას თქმით, "ორი მხარის მიმართ მოწოდება არ ნიშნავს ტოლობის ნიშნის დასმას ამ ორი მხარის პასუხისმგებლობაზე".


"ტოლობის ნიშანი არ არის, როცა პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, რადგან ბუნებაში არ არსებობს ტოლობის ნიშნის დასმა ხელისუფლების და ოპოზიციის პასუხისმგებლობას შორის. პასუხისმგებლობის ლომის წილი, 90 % ყოველთვის მოდის ხელისუფლებაზე, "ქართულ ოცნებაზე" კი არ არის ლაპარაკი, ნებისმიერ ხელისუფლებაზე", - განაცხადა უგულავამ.






კომენტარები:

ფართი შოპი