ბუბა კუდავა: არჩილ ტატუნაშვილი. გზის დასაწყისი...

25 Mar 2018 05:00

ბუბა კუდავა, ისტორიკოსი:


_წეროვანი. ქალაქთან ახლოს და ქალაქივით დიდი. პატარა და ბევრი სახლი, სწორი და გრძელი ქუჩები. ერთგან აბრა: „მე <3 ახალგორი“.


ქართლელები. მუხასავით ბრგენი და მიწასავით ნამდვილნი. სტუმრად და ლტოლვილად – ქართლიდან ქართლში.


ხალხი. ნაკადად. თითქოს ბევრი, მაგრამ გაცილებით ნაკლები, ვიდრე... ნაირნაირნი და სხვადასხვანაირნი. მთავრობა ბლომად. ძალოვანნი უხვად. ჟურნალისტები მრავლად. კამერებიც ყველგან. სამღვდელოება... ზოგ საპროტესტო აქციაზე 10-ჯერ მეტნიც გინახავთ.


არჩილი. წელგამართული, ვეება, დაჯიჯგნილი. აყვავებული ხეების ზღვა და ქართველი მეომარი, მარადისობის ნავში, ხელებზე მოტივტივე. მშვიდი და გარინდული.


დედა. ცოტა მოშორებით, რიგითი ჭირისუფალივით. მოჰყვება კუბოს. ტირის და ილოცებოდა: „მალე გამთლიანებულიყოს საქართველო...“


ესკორტი. თბილისის შემოსასვლელში პოლიცია. ყოველ ფეხის ნაბიჯზე. წელში გამართულნი, სამხედრო სალმით.


მამა. გულზე დაფენილი დროშა, სამარეში ჩასვენების წინ სამხედრო წესით დაკეცილი. ხელში უჭირავს. და დგას. და იყურება.


ყოჩივარდები. დაკრეფილები, შეკონილები, ცივ და ტალახისფერ საფლავში ჩაყრილები. ლამაზად მიმოფანტულები.


ცრემლები. უფრო კაცებისა, ვიდრე ქალებისა.


მიწა. და საფლავი. მხოლოდ და მხოლოდ პეშვებით და მუჭებით ამოვსებული.


მუხადგვერდი. გმირი. გმირი. გმირი... ჯილდო, წოდება, ჩინი, ლოცვა, დანაბარები, ფოტო, ღიმილი, სანთელი. გმირი გმირის გვერდით და ასე, ჩარიგებული...


ორი კადრიც:


დიღმის გზაზე რამდენიმე ადამიანი. უმეტესობა ბავშვი და მოზარდი. ყველას ერთად ერთი დროშა უჭირავს. გაშლილი. ერთად უჭირავთ და ჩუმად დგანან. ეგებებიან მეომარს.


ბავშვები წეროვანში. ეკლესიასთან, გამოსვენებისას. ლამაზები. ფორმებში. მწყობრად. ამაყად. ცივა, მაგრამ ფეხს არ იცვლიან.


და

იმედი.

ხვალის.

და

რწმენა.


რომ დრო მალე, ძალიან მალე მოვა!

თავისით არა. ესენი მოიყვანენ და ერთად მოვიყვანთ.


არჩილ ტატუნაშვილი. გზის დასაწყისი.

<3


კომენტარები:

ფართი შოპი