ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

16 Mar 2021 12:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.


ამასთან, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.


17 მარტს მაღალი დონის შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატოში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს.


შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.


სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში გუშინ გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის შედგა აუდიენცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.


საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.




ipn.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი