“ხელებზე დახედე გმირს ივანიშვილო, ხელებზე” ამ ფრაზით შეეგება იქ მყოფი ერთი ქალბატონი"

27 Mar 2018 02:13

მალხაზ პატარაია:


_არჩილ ტატუნაშვილის გასვენებაში ვიყავით წეროვანში. გმირისთვის პატივის მისაგებად ყველა მოწესრიგებულად შედიოდა და გამოდიოდა ეკლესიისაკენ მიმავალი ბილიკით, რომლის გასწვრივ ორივე მხარეს უამრავი გვირგვინი და ყვავილის თაიგული იყო. ხალხმრავლობის გამო გარკვეული დროით ყველას რიგში დგომა მოგვიწია. უკვე შუაწელს მივაღწიეთ, უცებ ჟურნალისტები ერთიანად ჭიშკრისკენ დაიძრნენ. ვხედავთ, საკმაოდ მოშორებით რიგის გვერდის ავლით ეზო სწრაფი ნაბიჯებით გადაჭრა ივანიშვილმა დაცვის თანხლებით. არც ხალხისაკენ მოუხედავს, არც თავისი მთავრობის წევრებისა და თბილისის მერისაკენ, რომლებიც უკან ჩვენსავით რიგში იდგნენ. მან ტაძრის კედელთან ერთ-ერთი დეპუტატი გადაკოცნა, გაჰყვა კედელს და ასე შევიდა ტაძარში.


გეკითხებით, ვინ არის მოქალაქე ივანიშვილი, რომ ასეთი განსაკუთრებულობა მიენიჭოს თუ მიინიჭოს; ვინ არის ის ქვეყანა და რას უნდა მოელოდეს, რომელმაც მას თაყვანი სცა იმ დროს და იმის შემდეგ რაც, მან რუსეთის აშკარა და ღია აგრესიაში საქართველო დაადანაშაულა, მტერი გაამართლა და ჰააგაში გასამართლებასაც გვიპირებდა. ვინ არის ის ხალხი, ახლადგამოცხვარი ,,მესიის“ ფულის ტომრების მიღმა გავეშებული რუსი მოძალადე რომ ვერ დაინახა და აგერ არჩილი – მისი გაუგონარი ძალადობის კიდევ ერთი მსხვერპლი; ხალხი, რომელიც კერპმა ასე მწარედ გადააგდო და მაინც მას ადიდებს; ვინ არის ის საზოგადოება, რომელსაც სახელმწიფოებრიობის აღდგენის თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ ქურდულად მართავენ და ამდენს უბედავენ; საზოგადოება, რომელსაც ამ ტრაგიკულ დღეებშიც კი საკუთარი მთავრობა თვალში ნაცარს აყრის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, უამრავი სხვა ადამიანის მკვლელების-საოკუპაციო რეჟიმების საერთაშორისო აღიარებას ურცხვად და უტიფრად ტენის, ღალატს თავს ახვევს და სახელმწიფოს დაშლით ემუქრება.


არჩილ ტატუნაშვილი მებრძოლი, დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლოა. არა ასეთის -ღირსებააყრილის, ღონემიხდილისა და რუსეთის ,,ნამესტნიკის“ სათარეშოდ გადაქცეულის, რომელიც დღეს, როგორც დამნაშავეებს სჩვევიათ ხოლმე, საკუთარი დანაშაულის ადგილზე თავისი ფეხით მოვიდა. შემდეგ ასევე ჩქარი ნაბიჯებით, მშვიდად დატოვა ტაძრის ეზო იმავე საგანგებო დერეფნით.


“ხელებზე დახედე გმირს ივანიშვილო, ხელებზე” ამ ფრაზით შეეგება თურმე მას იქ მყოფი ერთი ქალბატონი. ეს ამბავი ფბ-ზე წავიკითხე. გაიგო ფრაზა ივანიშვილმა თუ არა, მანდ არ ეწერა. ზუსტად კი ვიცი, რომ უკანა გზაზე მან ერთ სოხუმელ კაცს, ჩვენს აქტივისტს ზურაბ ნაროუშვილს ძალიან ახლოს ჩაუარა. ,,შე ხეგლეჯიაო“,- ხმამაღლა მიაძახა დევნილმა აფხაზმა. ამ კაცს ყველა იცნობთ სოციალური ქსელებიდან წითელაშვილთან ცნობილი ეპიზოდით გმირთა მემორიალზე. ეს ფრაზა კი ნამდვილად გაიგო ფლიდმა კერპმა, ერთი კი შემოხედა ზურაბს, არაფერი უთქვამს და ისე გაეცალა იქაურობას.


დამცირებული და თავჩაქინდრული ქართველი კაცის სულის ძახილი იყო ეს ამობღავლება, ერის უბედურებაზე მწველი ტკივილის.


გულდამძიმებული ვტოვებდი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს. ჩემთვის ვფიქრობდი, როდემდე ასე. ვიტყვით კი კერპზე ყველანი იმას, რაც ჩვენებურმა თქვა. ალბათ-კი, ,,ხეგლეჯიას“ და ,,ქვეყანაგლეჯიასაც“. არ ვიცი როდის, მაგრამ ვიტყვით, გამოფხიზლება აუცილებლად იქნება.


მანამდე კი ხელისუფალნო, იფიქრეთ იმ დროზე, როდესაც ეს მოხდება. გუშინ თქვენი კერპი ფერმკრთალი მეჩვენა. ისე მარჯვედაც ვერ იყო, თორემ თქვენთან რიგში იქნებოდა და ასეთ ბითურ დღეში არ ჩაგაგდებათ. ალბათ შიში, საკუთარი ხალხის შიში შეეპარა.


იცოდეთ, რომ ყველაფერს ვხედავთ და გვესმის. არაფერი გაბედოთ ჟენევაში! 


კომენტარები:

ფართი შოპი