ზურაბ ჯაფარიძე - დღეს უფრო პრინციპული საკითხები იქნება გასავლელი, უფრო სიღრმეებში მოგვიწევს წასვლა, სადაც უფრო რთულია შეთანხმება

18 Mar 2021 18:54

„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის მედიაციით დღეს გასამართი შეხვედრა გადამწყვეტი იქნება.


ამის შესახებ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.


როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეს მხარეები უფრო პრინციპულ საკითხებს განიხილავენ და სიღრმეებში წასვლა მოუწევთ.


„დღეს უნდა გაგრძელდეს საუბარი, რომელიც გუშინ დაიწყო. გუშინ იყო პირველი დღე, როცა გაერთიანებულ ფორმატში შედგა ეს მოლაპარაკებები და არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიცია როგორც მანამდე, ამ შეხვედრას ესწრებოდა „ქართული ოცნებაც“. გავაგრძელებთ საუბარს იმ 6-პუნქტიან დოკუმენტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დატოვა. არც ერთი საკითხი დახურული არ არის, მათ შორის, არც პოლიტპატიმრების საკითხი და ახალი არჩევნების საკითხი. ეს საკითხები არის შარლ მიშელის მიერ დატოვებულ 6 პუნქტში. შესაბამისად, მათ დადეს პირობა, ირაკლი ღარიბაშვილმა, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აქ იყო, რომ ამაზე ისაუბრებდნენ ჩვენთან. შესაბამისად, ეს თემები დახურული ვერ იქნება.


მგონია, რომ დღევანდელი დღე იქნება გადამწყვეტი, რადგან უნდა გავაგრძელოთ გუშინდელი საუბარი. გუშინაც არ იყო მარტივი დღე, რთული დღე იყო, მაგრამ დღეს უფრო პრინციპული საკითხები იქნება გასავლელი, უფრო სიღრმეებში მოგვიწევს წასვლა, სადაც უფრო რთულია შეთანხმება, ამიტომ ვნახოთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, უფრო ოპტიმისტურად ხართ განწყობილი შეთანხმებაზე, თუ პესიმისტურად, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ წინასწარ ვერ იტყვის.


„მაგ კითხვაზე პასუხი მექნებოდა მაშინ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან მეორე მხარეს გვყავდეს ადამიანები, ვინც არიან რეალური გადაწყვეტილებების მიმღებები და ვისი მოტივაციაც გათვლადი იქნებოდა. სამწუხაროდ, არ არის ისეთი რეალობა და ველაპარაკებით ადამიანებს, რომლებიც არ არიან რეალურად გადაწყვეტილებების მიმღებები და მათ უკან დგას ადამიანი, რომელიც რა მოტივით მოძრაობს, ცოტა რთული სათქმელია. ამიტომ მიჭირს პროგნოზის გაკეთება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.


რაც შეეხება ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს, ჯაფარიძის შეფასებით, მისთვის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია და მხარეები როგორმე შეთანხმებამდე უნდა მივიდნენ.


„ჩემთვის მთავარი გზავნილი, რომელიც ისმოდა ყველასგან იყო ის, რომ ქვეყანა არის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, ახლა არ არის კრიზისის დრო და ჩვენ რამენაირად უნდა მივიდეთ შეთანხმებამდე. თუმცა, ასევე ცალსახად ყველამ ხაზი გაუსვა და მათ შორის ბატონმა ბორელმაც, რომ პასუხისმგებლობის დიდი წილი მოდის ხელისუფლებაზე. არ შესუსტებულა ოპოზიციის პოზიციები. ახლა რა პოლიტიკური კრიზისიც არის, არჩევნების თემა საერთოდ აღარ არის აქტუალური. არჩევნების შემდეგ უამრავი სხვა რამ მოხდა, რამაც გააღრმავა ეს კრიზისი, ამიტომ არჩევნების საკითხი საერთოდ აღარ არის ახლა აქტუალური. ჩვენ გვაქვს რეალობა, რომელიც არც საარჩევნო სიაში იყო, არც დაპირება გაუცია და არჩევნებში საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა. ჩაჩოჩდა არჩევნების საკითხი და ეს ბუნებრივია, ასე ხდება, როდესაც მთავარი დამფინანსებელი და შემოქმედი პოლიტიკიდან მიდის, მთავარი სახე იძახის, წავედი პრემიერ-მინისტრობიდან, ჩაჩოჩდა და კიდევ ჩაჩოჩდება წინა საკითხები, ამიტომ ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს“, - განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა: მე არ მომისმენია არავისგან შეურაცხმყოფელი განცხადებები, გარდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილისა, რომელმაც ცოტა უხეში გამონათქვამები გამოიყენა კონკრეტულად ბორელის და იან კელის მიმართ.


„არა მგონია, ამან რაიმე გავლენა იქონიოს მოლაპარაკებების პროცესზე. მგონია, რომ მოლაპარაკებების პროცესზე ნეგატიურ გავლენას ახდენს კობახიძის განცხადებები, ერთხელ რომ დაამთავრა მოლაპარაკებები, მეორე დღეს რომ გვლანძღა და გუშინ რასაც ვუსმინე, შიგნით საერთოდ სხვა ტონალობით საუბრობდა და გარეთ, როგორც ალეკო ეძახის, „მეორე კობახიძე“ იყო“, - განაცხადა ჯაფარიძემ.


ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით "ქართული ოცნების" და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას მმართველი გუნდიდან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებიან. კობახიძე დღეს დანიელსონთან შეხვედრაზე უკვე მეორედ იმყოფება. დღის პირველ ნახევარში ის მედიატორს პირისპირ, ინდივიდუალურ ფორმატში უკვე შეხვდა.


ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას შემდეგ მან ცალკე-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. გუშინ კი მისი მედიაციით "ქართული ოცნების" ლიდერებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.





კომენტარები:

ფართი შოპი