რატომ უყურებენ რუსები საქართველოს, როგორც ტროას ცხენს და სადამდე მივა აშშ-რუსეთის ახალი სკანდალი

19 Mar 2021 21:21

კრემლი აშშ-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს და იმუქრება, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებაზე პასუხი მხოლოდ აშშ-დან კონსულტაციებისთვის რუსეთის ელჩის გამოწვევით არ შემოიფარგლება. რამდენად შორს შეიძლება წავიდეს აშშ-რუსეთის ახალი დაპირიპირება და როგორ აისახება ეს საქართველოზე?


რუსეთმა აშშ-დან ელჩი კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიწვია, რაც ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის „საფასურს გადაიხდის". ბაიდენმა კი ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის დაზვერვამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსკოვის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევის უკან ვლადიმერ პუტინი დგას. გარდა ამისა ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია „ენბისი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვაზე, თვლიდა თუ არა ის ვლადიმირ პუტინს მკვლელად, დადებითი პასუხი გასცა.


რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე კოსაჩოვმა „ფეისბუქზე" განაცხადა, რომ აღნიშნული განცხადება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება და რომ რუსეთის მიერ კონსულტაციებისთვის აშშ-დან თავისი ელჩის გამოწვევა უკანასკნელი რეაქცია არ იქნება, თუ ბაიდენის განცხადებებს განმარტება და ბოდიში არ მოჰყვება.


როგორც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, არაა გამორიცხული, რომ ამ განცხადებისა და ბოლოდროინდელი რიტორიკის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდეს, რაც გლობალურადაც აისახება.


„გამომდინარე ბოლოდროინდელი რიტორიკიდან, რაც ჩვენ ორი ქვეყნის ლიდერებისგან გვესმის, არაა გამორიცხული, რომ ეს ურთიერთობები, რომელიც აქამდეც არ იყო იოლი, კიდევ უფრო გართულდეს. ის განცხადებები, რაც ბაიდენმა პუტინთან მიმართებაში გააკეთა, ასევე ის დემარში, რომელიც მოსკოვმა გააკეთა, აშკარად მიუთითებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლისთანავე რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თანდათან ურთიერთობები ცივდება და არაა გამორიცხული, რომ ეს უფრო გაუარესდეს, რასაც ბუნებრივბია გავლენა ექნება არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებზე, არამედ ევროპა-რუსეთის, ევროპა-პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ურთიერთიობებზე და გავლენას მთლიანად გლობალურ პოლიტიკაზე მოახდენს.


„წინასწარ რთულია თქმა სადამდე შეიძლება ქვეყნები წავიდნენ, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ თუ კოსაჩოვის განცხადებას გარკვეული საფუძველი აქვს და ეს არა მხოლოდ მისი პირადი აზრია, არამედ რუსეთის პოზიციას გამოხატავს, ყველაზე მაქსიმუმი, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ რუსეთმა აშშ-დან ელჩი გარკვეული დროის განმავლობაში გამოიწვიოს, რომ ამით აშშ-ს აგრძნობინოს, რომ ორ ქვეყანას შორის ძალიან დაბალ ნიშნულზეა, რაც შემდეგ სხვა სფეროებში ძალიან დაძაბულ ურთიოერთობას გამოიწვევს, მათ შორის განიარაღების, ევროატლანტიკურ სივრცესთან, პოტსაბჭოთა ქვეყნებთან და უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით, რაც გლობალური პრობლემების მოგვარებას კიდევ უფრო გაართულებს, მათ შორის სირიაში და სხვა.


„გარდა იმისა, რომ ისინი მეტოქეები არიან, ზოგჯერ სხვადასხვა რეგიონში თანამშრომლობენ კიდეც და ეს ამ პროცესს კიდევ უფრო გაართულებს.


„ქართულ-რუსული ურთიერთობები იმდენად დაბალ ნიშნულზეა, რომ ამის გაუარესება კიდევ როგორ მოხდება, არ ვიცი. მაგრამ, სავარაუდოდ, რუსეთის ტონი საქართველოსა და უკრაინის მიმართ კიდევ უფრო გამკაცრდება, თუნდაც ნარიშკინის განცხადებიდან გამომდინარე.


„რუსეთი საქართველოს ამ რეგიონში აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევს და აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ პროვოკაციები, ბორდერიზაციის შემთხვევები გახშირდეს, სეპარატისტული რეჟიმების გარკვეული წაქეზება მოხდეს და არაა გამორიცხული, რომ იგივე რუსეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთიობები კიდევ უფრო გართულდეს.


„რუსეთი საქართველოს განიხილავს როგორც ტროას ცხენს, რაც ნიშნავს, რომ აშშ-რუსეთის უირთიერთობების გაუარესების შემთხვევაში, საქართველოსთან კრემლის რეაქციები და ურთიერთობები სავარაუდოდ შეიცვლება," - განაცხადა კაკაჩიამ.









კომენტარები:

ფართი შოპი