ზაალ უდუმაშვილი - როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ამის შესახებ ხვალ გამოვაცხადებთ

19 Mar 2021 22:53

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცია სამოქმედო გეგმას ხვალ, 12:00 საათზე გააჟღერებს.


როგორც უდუმაშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, მოლაპარაკებების განმავლობაში ოპოზიციური სპექტრი იყო კონსტრუქციული და გადადო ყველა აქცია, თუმცა ახლა რეალობა შეიცვალა.


„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ ზურგი შეაქცია არამხოლოდ საკუთარ ხალხს, არამედ ევროპას და მთელ დასავლეთს. ეს იყო მათი პასუხი იმ მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისში. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ ის კარს უხურავს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მთლიანად დასავლეთს. ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია იყო სრულად კონსტრუქციული არამხოლოდ მოლაპარაკებებში, არამედ თავის ქმედებებში. ჩვენ პრაქტიკულად უარი ვთქვით ყველანაირ პროტესტზე ქუჩაში, ვიდრე არ დასრულდებოდა მოლაპარაკებები, ვინაიდან ვფიქრობდით, რომ კიდევ გამოინახებოდა საღი აზრი „ქართულ ოცნებაში“ და ჩვენ მივიდოდით გარკვეულ შეთანხმებამდე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ჩვენ გავაუქმეთ ყველა აქცია და მათ შორის უარი ვთქვით ხვალინდელ აქციაზე, რომელიც იყო დაგეგმილი, მაგრამ ხვალიდან ჩვენ გადავდივართ სულ სხვა რეჟიმზე მოქმედების და სულ სხვა ტალღაზე, ამიტომ ჩვენს გეგმას, თუ რას ვაპირებთ უახლოეს მომავალში და როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ამის შესახებ ხვალ, 12:00 საათზე გამოვაცხადებთ რუსთაველზე“, - განაცხადა უდუმაშვილმა.


შეკითხვაზე, დარჩა თუ არა ხელისუფლებასთან დიალოგის სივრცე, უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.


„თუ ისინი მზად არიან დიალოგისთვის, შესაძლოა ეს დიალოგი გაგრძელდეს, მაგრამ თუ იგივე პოზიციაზე რჩებიან, რომ მათთვის შეთანხმების არცერთი ნაწილი არ არის მისაღები, ბუნებრივია, ამ დიალოგის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ჩვენ დაველოდებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქციას, რომლებიც დარწმუნებული ვარ, იმედგაცრუებული წავიდნენ ამ ქვეყნიდან“, - განაცხადა უდუმაშვილმა.






კომენტარები:

ფართი შოპი