ფქვილის სუბსიდირება ივნისამდე გაგრძელდება - პური არ გაძვირდება

20 Mar 2021 02:16


უახლოეს პერიოდში საქართველოში ფქვილი ფასი ცოტათი კიდევ მოიმატებს. მეხორბლეთა ასოციაციის ინფორმაციით, სხვაობა საშუალოდ 2 ლარის ფარგლებში იქნება. პარალელურად მეპურეები საპირისპირო განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ პურის გაძვირების საფუძველს ჯერჯერობით ვერ ხედავენ. სუბსიდია კი, სავარაუდოდ, ივნისამდე გაგრძელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში პურის ფასი მყისიერად 20 თეთრით გაიზრდება. 


ამ დროს სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში ხორბლის მარაგი უპრეცენტოდაა გაზრდილი და ის 115 000 ტონას შეადგენს. საქართველოს საშუალო მარაგი და ფაოს რეკომენდაცია 90 000 ტონამდე ხორბალს ითვალისწინებს, ამჟამად კი ქვეყანას, თითქმის, 3 თვის მარაგი აქვს, რაც სტაბილურობის წინაპირობაა. 


"ხორბლის დიდი მარაგების შენარჩუნებამ, ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, ზაფხული და შემოდგომა გაგვევლო ისე, რომ ყველა სხვა დამხმარე თუ ძირითადი ნედლეულის გაძვირების პირობებში, არ მოგვეხდინა ინტერვენცია და პურის ფასი შეგვენარჩუნებინა, თუმცა, მოგვიწია სუბსიდირება. ეს ყველაზე ეკონომიური და ეფექტიანი ნაბიჯი იყო სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის პურზე ფასის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა მინისტრმა. 


მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ფქვილის გაძვირება ჯერ კიდევ მოსალოდნელია, რაზეც სხვადასხვა ფაქტორი მოახდენს გავლენას, მათ შორის გადასახადების ზრდა და ლარის კურსი.


,, ჯერჯერობით სტაბილური იქნება. ამ ეტაპზე შემოტანილი 1 ტონა ხორბალი 280 დოლარი ღირს, როცა ადრე 200 დოლარი ღირდა, როგორც იცით, 1-ლი მარტიდან ძალაში შევიდა 50-ევროიანი საექსპორტო გადასახადი რუსულ ხორბალზე, მანამდე განაკვეთი იყო ნულოვანი, შესაბამისად, ამას გაძვირება მოჰყვა იმდენად, რომ ყაზახური ხორბალიც კი, რომელიც რუსულზე ძვირი ღირდა, შედარებით ნაკლებ ფასშია ახლა ბაზარზე.


 მთავრობა ფიქრობს, რომ მაისშიც დაასუბსიდირებს დარგს, ხოლო ივნისიდან ახალი მოსავლის აღების სეზონია და ტრადიციულად ამ პერიოდში ფასი იკლებს.  1 ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარის ფარგლებშია, თუმცა ალბათ 2 ლარით კიდევ გაიზრდება მისი ღირებულება. პირველი მიზეზია დენის გადასახადის გაძვირება იანვრიდან, მიუხედავად იმისა, რომ გაძვირებული გადასახადის 50%-ს ასუბსიდირებს სახელმწიფო, მისი ეფექტი მაინც იგრძნობა. თავისთავად ლარის კურსი და მასთან დაკავშირებული მოლოდინიც ფქვილის ფასზე ნეგატიურად მოქმედებს“, - განუცხადა სილაგავამ ,,რეზონანსს“.


საქართველოში მალე ყაზახური ხორბალი შემოვა, მაგრამ ის მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს რუსულს. ასე რომ, მეზობელი ქვეყნიდან მომარაგება ისევ აქტუალური იქნება.


„ყაზახური ხორბალი ახლა სხვაზე იაფია. აქამდე ის რუსულ ხორბალზე 15-20 დოლარით მეტი ღირდა. აქ პრობლემაა მარაგიც, ყაზახეთის საექსპორტო პოტენციალი ძალიან ჩამოუვარდება რუსეთისას, რომელიც წლიურად 80 მილიონ ტონა ხორბლის მოსავალს იღებს, ყაზახეთში ეს მაჩვენებელი 15 მილიონ ტონაა, საიდანაც მხოლოდ 7 მილიონ ტონა ხორბალს ყიდის. შესაბამისად, მას არ შეუძლია, რუსული ხორბალი ჩანაცვლოს, ამის შესაძლებლობა რეალურად არ გააჩნია. ვმუშაობთ, რომ ბაზრები დივერსიფიცირებული გავხადოთ უფრო მეტად, ვიდრე აქამდე" - აღნიშნა სილაგავამ.


პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე გაძვირების საფუძველს ჯერჯერობით ვერ ხედავს. ამის იმედს სუბსიდია იძლევა. მისი მოხსნის შემთხვევაში კი ფასი მყისიერად 20 თეთრით მოიმატებს. დოლიძის ინფორმაციით, სუბსიდირება, სავარაუდოდ, გაგრძელდება და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსახლეობას პური არ გაუძვირდეს.


,,ძალიან ბევრი პურის მცხობელი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოები სუბსიდირების პროგრამაში ვერ მოხვდნენ და უკმაყოფილება იყო ამასთან დაკავშირებითაც. დენის სუბსიდია ფაქტობრივად არ განხორციელდა, რამაც ბევრი მეწარმე დააზარალა. ვინც მოასწრო, იმან ისარგებლა მხოლოდ. რა გამოვიდა ამით? უმეტესეობა ვერ სარგებლობს და ზარალობს. 


სუბსიდია რომ მოიხსნას, პური 20 თეთრით გაძვირდება.  ეს არის თვითღირებულების ნამატი და მაღაზია რას იზამს, ვერ გეტყვით. მთავრობა ამას ჯერჯერობით არ დაუშვებს, თუნდაც პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდიანრე. სუბსიდიას გაგრძელდება როგორც ეს სხვა ქვეყნებში კეთდება, მათ შორის, მეზობელ რეგიონებში. 


ამასობაში ახალი მოსავლის პერიოდიც მოდის, გარკვეული რაოდენობა დასაწყობებულია, რაც გვაფიქრებს, რომ ფქვილი არ უნდა გაძვირდეს. ყველა ძველ ნაშთებს ყიდის და ახალი სეზონისთვის ემზადება, ამ დროს ფასის ზრდას საერთოდ გამოვრიცხავ“, - აღნიშნა ,,რეზონანსთან“ დოლიძემ.







კომენტარები:

ფართი შოპი