Lufthansa ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს

20 Mar 2021 11:58

1-ლი ივნისიდან, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ფრანკფურტი - თბილისი - ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს შეასრულებს. რეისები კვირაში 4 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას განხორციელდება, - ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.


მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, აღნიშნული რეისით ისარგებლონ მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლის მიზნით, თბილისიდან ფრანკფურტში გაფრენა კი არ იქნება შესაძლებელი.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას უკვე მიენიჭა.


ავიაკომპანია Lufthansa-მ მიუნხენი - თბილისი - მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2020 წლის 2 აგვისტოდან განაახლა. აღნიშნული მიმართულებით ფრენების შესრულება მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გაზრდილი სიხშირით გაგრძელდება. თავდაპირველად, მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში ოთხჯერ შესრულდება, ხოლო 31 მაისიდან, ავიაკომპანია აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ოპერირებას ყოველდღიურად გეგმავს.


„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, - აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.



imedinews.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი