როგორ განმარტავენ წმიდა მამები ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვას და მართლაც არსებობს თუ არა სამოთხე და ჯოჯოხეთი

21 Mar 2021 01:14

 წინა ნომერში განვიხილეთ თემა, რომ წუთისოფელში ტკივილი და ტანჯვა გვიმსუბუქდება, როგორც კი გავიგებთ, თუ რისთვის გვემართება ის, ანუ რატომ უშვებს მათ ჩვენს ცხოვრებაში შემოქმედი. თუმცა არანაკლებ საშიშადაა წარმოჩენილი იმქვეყნიური ცხოვრებაც. მართლაც გიზგიზებს თუ არა იმსოფლად ჯოჯოხეთის ცეცხლი? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.


– ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვით ადამიანების შეშინება რატომ გახდა აუცილებელი, ვითომ მართლა გიზგიზებს ცეცხლი იქ, სადაც ყველანი, ადრე თუ გვიან, მაგრამ ზუსტად თავის დროზე წავალთ?

– ეს ტერმინები რომ გავიგოთ, ჯერ უნდა გავიაზროთ, რომ ამის მიზანიც ადამიანის ზრდაა, ანუ ესეც ერთგვარი პედაგოგიკაა ღმერთის. მაგალითად, ბავშვი ხომ სხვანაირად აღიქვამს გარემოს? იჯერებს ყველაფერს, რასაც თვალით ხედავს და თანდათან, ზრდის შესაბამისად, იცვლება მისი აღქმაც. ვისი ხედვაც ბავშვურია, ის პირდაპირი მნიშვნელობით იგებს ჯოჯოხეთის ცეცხლს. მაგალითად, როდესაც ბავშვი ვიყავი, რწმენა არ მქონდა და სიკვდილის ძალიან მეშინოდა, შიშით ვკანკალებდი. მეგონა, მკვდარი, რომელიც მიწაში ასვენია, გრძნობს, რომ მიწაშია და განვიცდიდი: როგორ? ის მიწაში მარტოა? მას შია, სწყურია, ეშინია?! შესაბამისად, ჯოჯოხეთი ადამიანს, თავდაპირველად, წარმოედგინა, როგორც ფიზიკური ტკივილის მომყენებელი ადგილი, სადაც ღმერთი აგდებს ადამიანს. ანუ ადამიანების წარმოდგენაში ღმერთიც, აი, ასეთი სასტიკი იყო, იმიტომ რომ მათი ცოდნა იყო იმ დონეზე, თორემ წმიდა მამების მოძღვრებები ღრმად განიხილავს ამ საკითხს და მათგან უკვე ვიგებთ, რომ ღმერთს არ შეუქმნია ჯოჯოხეთი, როგორც ცალკე ადგილი, ბოროტებისთვის და სამოთხე – როგორც ცალკე ადგილი კეთილებისთვის. სიმართლე გითხრათ, ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ ბოროტები ჯოჯოხეთში დაიხრუკებიან და ძალიან რომ უნდა, ასე მოხდეს, არ ვიცი, ვისი იმედი აქვს. ვინ არის ის ბოროტი, რომელსაც ჯოჯოხეთის ცეცხლი დაწვავს?! ის, ვინც მისგან განსხვავდება, არა?! ვინც სხვა რწმენისაა, სხვა წარმოდგენის და ასეთს მაშინვე აგდებს კუპრში. ამის პარალელურად კი, თავის თავს აღიქვამს, როგორც კეთილს, მაგრამ, აბა, იმ მეორეს ვკითხოთ, რომელიც ჯოჯოხეთის კუპრში გაუშვა, იქნებ ისიც ჯოჯოხეთში გიშვებს თავისგან განსხვავებული აზრის გამო და მაშინ ღმერთი როგორ მოიქცეს?! ჩვენს ჭკუაზე იაროს?! ჯერ ერთი, ვისაც ღვთის მადლი შეუცვნია, ის არასდროს გაიმეტებს მეორეს ჯოჯოხეთისთვის, სხვა რომ არაფერი, შეეშინდება, მეც იქ არ მოვხვდეო და ამიტომ ასე იოლად არ დაახარისხებს ადამიანებს ბოროტებად და კეთილებად. იმას გარდა, რომ ბოროტი და კეთილი, შავი და თეთრი ასე გამოკვეთილად არც არსებობს: ეს გრადაციებია და ამ ყველაფერს ჩვენ საკუთარ თავში ვატარებთ. ბოროტებისა და სიკეთის, რასაც სხვებში ვხედავთ, მთელი თაიგული ჩვენშია – აზრის, ფიქრის, ქცევის დონეზე. ან გააკეთებ, ან გაკეთებული გაქვს და თუ არც გაგიკეთებია და არც აპირებ, ღმერთს მადლობა უთხარი, თორემ შენც იმ სხვისი მსგავსი სისხლისა და ხორცისგან ხარ შექმნილი და მასავით ადამის ნამსხვრევი ხარ. შესაბამისად, წმიდა მამები ამბობენ, ჯოჯოხეთის ცეცხლისთვის შეშა ყველა ადამიანს თავად მიაქვს ამ წუთისოფლიდანო... ეს არის ის ვნებები, მიწიერი მიდრეკილებები, ჩვევები, აზრები, ფიქრები, რომლებისგანაც გასუფთავება ვერ მოვასწარით ამ სამყაროში. ჩვენი თავი მთლიანად მათ მივუძღვენით და ძალიან ცოტა დარჩა ჩვენში ის, რაც ნათელი და ღვთიურია.

– შეშასთან როგორ ასოცირდება, ანუ რატომ წვასთან?

– შეშა რა არის? რაც იწვის. იქ სხვა სინამდვილეა და როდესაც იმ სხვა სინამდვილეში მოხვდება ადამიანი, სიწმიდის, სინათლის იქაური ცეცხლი იქნება მწველი და მას ვერ გაუძლებს საკუთარი სიმცირის გამო. ისევე, როგორც იუდა იკლავს თავს იმიტომ, რომ ვერ უძლებს სიცხადეს. ვერგაძლებისგან ტანჯვაა ჯოჯოხეთი – რომ სიყვარული არ შეგიძლია. 

ჯოჯოხეთია ტანჯვა იმის გამო, თუ რა შესაძლებლობები გაუშვი ხელიდან, როგორ შეგეძლო გეცხოვრა და სინამდვილეში როგორ იცხოვრე. ეს რომ მიწაზე ხდებოდეს, შეძლებდი მონანიებასა და გასუფთავებას, მაგრამ იქ უკვე გვიანი სინანულია და ამიტომაა ტანჯვის ცეცხლი მარადიული. თუმცა ისიცაა, თუ იქ დრო არაა, მაშინ მარადიული როგორაა ტანჯვის ცეცხლი?! 

მაგრამ ეს სხვა საკითხია... იქაც სხვადასხვა დონეებია. პავლე მოციქულიც ამბობს: ცოდვილი ადამიანი გადარჩება, მაგრამ გააჩნია, ვინ რა ააშენა, სახლი თივისგან, ხისგან თუ ძვირფასი ქვებისგან; ვინც თივისა და ხისგან ააშენა, ის სახლი უფრო იოლად დაიწვებაო, ანუ, როდესაც ერთი ღმერთის ღვთაებრივი ნათლის წინაშე აღმოვჩნდებით, ჩვენი განცდები დამოკიდებული იქნება ჩვენს ბრალეულობებზე, რა შევძელით და რას ვერ მოვერიეთ. თითოეული ადამიანის განცდა მისი მდგომარეობის შესაბამისი იქნება. 

ყველა ადამიანი იმ ერთი ღმერთის ნათლის ქვეშ აღმოჩნდება. ჯოჯოხეთშიც ღმერთია, ოღონდ ჯოჯოხეთი არის ადგილი, სადაც ღმერთისადმი სიყვარულის განცდა განულებულია ან ძალიან მცირეა და ადამიანი ამას ვერ აღიქვამს, ამიტომ ღმერთის თანდასწრება ტანჯვად ექცევა. ეს აუტანელი მდგომარეობაა, იმიტომ რომ ის ნათელი მამხილებელია, რომელიც მათ კი არ ახარებს და ანათებს, არამედ წვავს. მეორე მხრივ კი, პირიქით – გასუფთავებული ადამიანებისთვის, რომლებიც შინაგანი გამართული ცხოვრებით ცხოვრობენ, ღვთის ნათელი სიხარულის ცეცხლი იქნება. ამდენად, ეს მეტაფორებია. შესაბამისად, ბავშვური აღქმაა, რომ ჯოჯოხეთში ფიზიკური ცეცხლი გიზგიზებს და იქ ვიღაცები იხრუკებიან; თითქოს ღმერთი სჯის ადამიანს, აი, შენ რომ მე არ შემიყვარე, მიიღე სამაგიერო! ანუ რა გამოდის? თუ ადამიანმა 70 წელი იცხოვრა უღმერთოდ, მილიარდობით წელი უნდა იტანჯოს, მხოლოდ ის 70 არ ეყოფა?! ან, წარმოიდგინეთ, ასეთი ღმერთი როგორი გამოდის?! 

შურისმაძიებელია?! თავის ქმნილებას – ღვთის ხატს მხოლოდ იმიტომ, რომ მან უაზროდ იცხოვრა, ხრუკავს მილიარდობით წლის განმავლობაში და რაც უნდა იყვირო, მაპატიეო, არ გაპატიებს?! სხვათა შორის, ასეთი წარმოდგენა ღმერთზე დღესაც არსებობს და, მათ შორის, მართლმადიდებლებსაც აქვთ, მაგრამ ნამდვილი წმიდა მამების სწავლება სხვა რამეს ამბობს: 

ღმერთი არავის ტანჯავს, ადამიანი თავად იტანჯავს თავს, თორემ ღმერთი იქ ყველას თავისი ნათლით ხვდება, უბრალოდ, ეს ნათელი იმის გამო, რომ ადამიანი თავად არაა მზად, მწველ ცეცხლად განიცდება. თუ ვერაფერს შეცვლი და არანაირი გამოსავალი არ არსებობს, მაშინ რატომ ვლოცულობთ მიცვალებულებზე?! ჩვენი ლოცვის მიზანი ხომ ისაა, რომ მათ გაუნელდეთ ტანჯვა?! ღმერთი არავის ტანჯავს, მათ ტანჯავთ თავიანთი გამრუდებული ნება. ზოგი უფრო სწრაფად გადის ამ სატანჯველს, ნაწილი, თუ მათში არაფერია დარჩენილი ღვთიური, შესაძლოა, მართლაც, მარადიულად დარჩნენ სატანჯველში – სრულად ღვთის მადლის გარეშე და ეს მარტოობაა სწორედ ჯოჯოხეთი.


თბილისელები .




კომენტარები:

ფართი შოპი