შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, ასევე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და პროფესიული კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაცია, პირველი მარტის 10:00 სთ-დან დაიწყო და 31 მარტს, 18:00 სთ-ზე დასრულდება. მან დღევანდელ ბრიფინგზე 2021 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა შუალედური სტატისტიკა გაასაჯაროვა და აბიტურიენტებს მოუწოდა, დროულად გაიარონ რეგისტრაცია.
"ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 19200-მდე აპლიკანტი ,ვინაიდან მხოლოდ 10 დღე დარჩა რეგისტრაციის დასრულებამდე, გვინდა აბიტურიენტებს მოვუწოდოთ გააქტირდნენ და ეს პროცესი ბოლო დღემდე არ მიიყვანონ. მოგეხსენებათ, 31 მარტის 18:00 სთ-მდე, თუ ისინი არ დარეგისტრირდებიან, რეგისტრაციის შემდეგ ეტაპზე ვეღარ გადავლენ და შესაბამისად, საგამოცდო პროცესს გამოეთიშებიან. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ყოველ კვირაში ერთხელ ჩვენ გვაქვს "ღია კარის დღე" აბიტურიენტებისთვის, ეს არის სკოლების მიხედვით, მაგრამ ამ კვირაში ჩვენ გვექნება"ღია კარის დღე" ყველა აბიტურიენტისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით", - განაცხადა გორგოძემ.
მან აღნიშნა, რომ "ღია კარის დღის" ფარგლებში გამოცდების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და სურვილის შემთხვევაში, აბიტურიენტებს დარეგისტრირებაში დაეხმარებიან.
"მოგეხსენებათ, მასწავლებლობის მსურველების ამ პერიოდში რეგისტრირდებიან და ისინიც 31 მარტს, 18:00 სთ-მდე უნდა დარეგისტრირდნენ. ამ ეტაპზე 14 ათასამდე აპლიკანტია დარეგისტრირებული, მათგან ნაწილი ის პრაქტიკოსი მასწავლებელია, რომლებიც შარშან დარეგისტრირდნენ, შესაბამისად, მათ თავიდან რეგისტრაცია არ სჭირდებოდათ და თუ რეგისტრირებული არიან, საგამოცდო პროცესს ზაფხულში გაივლიან. რაც შეეხება მასწავლებლობის მსურველებს, 4 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული და წელს, პირველად, რეგისტრაცია გამოცხადდა სპეციალური მასწავლებლებისთვის და დაახლოებით 1600 ადამიანი დარეგისტრირდა სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე. გარდა ამისა, ამ ეტაპზე საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის განაცხადი გააკეთა 3400-მდე მსურველმა. მოგეხსენებათ, ასევე ტარდება სტუდენტებისთვის საგრანტო კონკურსი, სადაც სტუდენტს შეუძლია, თავისი გრანტი გაიუმჯობესოს. ამ გამოცდისთვის ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 1000-მდე სტუდენტი. ყველა ამ აპლიკანტს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ 31 მარტის, 18:00 სთ-მდე აქვთ შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდნენ", - განაცხადა გორგოძემ.