როდის ისწავლა რუსკა მაყაშვილმა საკუთარ მინუსებთან და პლუსებთან ერთად ცხოვრება და რას სწავლობენ ის და მისი მეუღლე ერთად

22 Mar 2021 21:12

რუსკა მაყაშვილი


რუსკა მაყაშვილი მაისში მეორე შვილს – ამჯერად გოგონას ელოდება და როგორც პირველ ფეხმძიმობაზე, ახლაც ჩვეული ტემპით აგრძელებს საკუთარ საქმეს, უფროს შვილსაც ძიძის გარეშე ზრდის და როგორც ამბობს, მონდომების შემთხვევაში, ადამიანს ყველაფრის გამკლავება შეუძლია.

– რუსკა, რა არის იმის მიზეზი, რომ ასეთი მოთხოვნადი ხარ?

რუსკა მაყაშვილი: მართლა არ ვიცი ამის მიზეზი. შეიძლება, წაყვანის ჩემეული სტილი? ალბათ, ამაზე უფრო ხალხმა უნდა გაგცეთ პასუხი. თუმცა, ძალიან მიხარია, რომ თითქმის ყველა საერთაშორისო პროექტი „ჩემი იყო“ (იცინის).

– ძალიან ბევრი მიმდევარი გყავს სოციალურ ქსელშიც და მათ შორის ბევრი ზუსტად იმ ასაკშია, როცა საკუთარ კომპლექსებსა და იმ თვისებებს ებრძვის, რომლებიც საკუთარ თავში არ მოსწონთ. რას ეტყოდი მათ?

– ადრე სხვანაირად ვფიქრობდი, თინეიჯერობის პერიოდში რაღაცებს ჩემს მინუსად ვთვლიდი, თუმცა უკვე ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ შეიძლება, სულაც არ იყო ის მინუსი, რაც შეცვლას საჭიროებდა. ახლა მგონია, რომ საკუთარი თავი ჩვენი მინუსებიანად უნდა შევიყვაროთ. იქნებ, ეს მინუსი კი არა, პირიქით, შენი პლუსია და მოდი, მივიღოთ ყველაფერი ისეთი, როგორიც არის. როცა ამას შეძლებ, ზუსტად ამ დროს გამოდის ყველაფერი კარგად და ძალიან ბედნიერი ხდები. ურთულესია ამის მიღწევა, ბევრი საერთოდ ვერ ახერხებს, ბევრი – ნაწილობრივ, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს შევძლოთ.

– როცა ამ დოზით საჯარო ხარ, პლუსებთან ერთად მინუსებთანაც გიწევს გამკლავება და ამას ალბათ, მყარი ფსიქიკა სჭირდება. რა გეხმარებოდა ამ თვალსაზრისით ამდენი წლის განმავლობაში?

– დასაწყისში რთული იყო, მაგრამ არ მახსენდება, რომ ამის გამო ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩენილიყავი. უბრალოდ, მგონია, რომ რაღაცებისთვის მზად უნდა იყო. თავიდან იბნევი, მერე სწავლობ სიტუაციის კონტროლს. ბევრი რამ შენს ქცევაზეცაა დამოკიდებული, გააჩნია, როგორ ცხოვრობ, როგორ იქცევი და რა დონეზე გააღიზიანებ ან არ გააღიზიანებ გულშემატკივრებს. მე მგონია, რომ ამ ქვეყანაში ყველა კრიტიკის ქარცეცხლშია, მე – ყველაზე ნაკლებად, მაგრამ მაინც. მგონია, რომ შენს ტიპაჟზე და შენს უბრალოებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. უნდა იყო ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი, ზედმეტი ამბიციების გარეშე.

– საკუთარი თავისთვის შეზღუდვები გაქვს დაწესებული?

– რაღაც შეზღუდვები ყველას უნდა ჰქონდეს. იმიტომ კი არა, რომ საჯარო ფიგურაა, ზოგადად, საკუთარ თავთან გარკვეული შეზღუდვები ყველას გვაქვს. მაინც მგონია, რომ ის უნდა აკეთო, რაც გინდა და არ უნდა უსმინო არავის და არაფერს. მთავარია, თვითონ იყო კომფორტულად. შენ თუ გინდა, რაღაცებში თავი შეზღუდო, რომ ვიღაცამ შენზე ზედმეტი არ ილაპარაკოს – კი, ბატონო. ვიღაცას სულაც არ აინტერესებს, ილაპარაკებენ თუ არა მასზე. ეს ინდივიდუალური საკითხია. ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ის უნდა იყო, რაც ხარ. თუ მსახიობი ხარ, უბრალოდ, სცენაზე, ეკრანზე და კინოში შენი საქმე აკეთე ნორმალურად.

– გიფიქრია, ერთ დღესაც რომ დასრულდეს ან განელდეს პოპულარობა, მერე რა იქნება?

– ყოველთვის უნდა იყო მზად იმისთვის, რომ შეიძლება, ერთ დღეს ყველაფერი გაქრეს. ეს კი აბსოლუტურად ყველა სფეროში შეიძლება, მოხდეს. ჩემი საყვარელი პროფესიის გარეშე რა იქნება, არ ვიცი. პანდემიის გამო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩემი პროფესიით ვერ ვმუშაობდი, ჩემი პროექტები დაიხურა. ნამდვილად ძალიან რთული პერიოდი იყო, არ ვიცოდი, როდის რა იქნებოდა. ამ დროს დავფიქრდი ამ თემაზე და გავაცნობიერე, რამდენად ცუდია საყვარელი საქმის გარეშე დარჩენა. თორემ ის არ უნდა გაიხადო იდეაფიქსად, რომ აუცილებლად ცნობილი იყო და ყველას უყვარდე. მგონია, რომ ყოველთვის ვიფართხალებ და შევეცდები, ის გავაკეთო, რაც მიყვარს. არა იმიტომ, რომ მაყურებელს მოვაწონო თავი, ეგეც ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ისიც კარგია, როცა საკუთარი საქმის კეთება გსიამოვნებს. მგონია, რომ ამას მაყურებელიც გრძნობს, ამიტომ თავი და თავი ესაა. რაც შეეხება პოპულარობის დაკარგვას – მგონია, მოიტყუება ყველა, ვინც იტყვის, რომ მისი დაკარგვა არ გაუჭირდება. რა თქმა უნდა, გამიჭირდება, მაგრამ ყველაფერთან გამკლავება და ფეხზე წამოდგომა უნდა შეძლო. შეუძლებელი არაფერია. ამ წინადადებას შაბლონურად იყენებენ ხოლმე, მაგრამ მართლა ვთვლი, რომ ეს ასეა. ყოველთვის უნდა ეძებო გამოსავალი, რომელიც აუცილებლად იარსებებს.

– რა გამოსავალი იპოვე პანდემიის დროს?

– ამ დროს ვერანაირი გამოსავალი ვერ ვიპოვე. ვერაფერს ვაკეთებდი და ეს იყო ჩემთვის ყველაზე რთული და გაუგებარი პერიოდი. არაფერი მაინტერესებდა, გარდა იმისა, რომ ცხოვრებას ვაგრძელებდი და შვილის აღზრდაზე ვზრუნავდი. იმედია, ნელ-ნელა დასასრულისკენ მივდივართ და თუ ეს ასე არაა, ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრებას მაინც ვსწავლობთ.

– ბევრმა დაიწყო ამ პერიოდის პლუსებზე საუბარი. ვერანაირად ვერ შეირგე?

– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წელია, კარგად არ დამისვენია და ახლა ამის საშუალება იყო, ამ პერიოდს ჩემთვის არანაირი პლუსი არ ჰქონდა. არც მანამდე ვიკლებდი შვილთან ურთიერთობას თუ ნებისმიერი რამის კეთებას, რაც მინდოდა, გამეკეთებინა. რაც უნდა დაკავებული იყო, ყველაფრის მოსწრება შეგიძლია. ამიტომ სახლში ჯდომა და არაფრის კეთება ძალიან გამიჭირდა.

– ემოცია და შიშები – როგორი აღმოჩნდი ამ მხრივ?

– ემოციური და მშიშარა ისედაც ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი რომ დაუსრულებლად გაგრძელდა, ძალიან დავიღალე. იმის შიში, რომ კორონა დამემართებოდა, არ მქონია და არც ახლა მაქვს. ყველანაირ რეკომენდაციას ვიცავ, მაგრამ ვიცი, რომ ამის მიუხედავად, მაინც შეიძლება, დამემართოს, ამიტომ მგონია, რომ ამაზე ნერვიულობას არ უნდა გადაჰყვე.

– ახლა მგონია, რომ ცოტა მოდაშიცაა ბავშვის აღზრდის მეთოდებისადმი განსაკუთრებული ინტერესი, თითოეულ ნაბიჯზე ფსიქოლოგთან კონსულტაციები და ასე შემდეგ. დედების ამ კატეგორიას მიეკუთვნები თუ დინებას მიჰყვები?

– კი, ძალიან მოდაშია, რომ ყველაფერზე ფსიქოლოგთან გაიარო კონსულტაცია. მე მგონია, რომ ყველა გადაწყვეტილება მშობელმა უნდა მიიღოს და არა სხვამ. ბავშვს დედა და მამა ზრდის. ის, რომ ყველაფერზე ფსიქოლოგთან გავაქანო ბავშვი, ჩემთვის წარმოუდგენელია. ყველა ბავშვი ინდივიდუალურად იზრდება. ჩემი შვილი იქცევა ისე, როგორც ძალიან ცელქი ბავშვები იქცევიან. ჰიპერაქტიურია და მივყვები. ვცდილობ, ყველაფერი სწორად გავაკეთო, მაგრამ გადაფიჩინებული და ისტერიკული დედა არ ვარ. მეც ვცდი რაღაც ხერხებს, მე და სანდროც ვსწავლობთ, ვცდილობთ, რომ ბავშვი ყველაფერზე არ დავზაფროთ, ყველაფერი თვითონ შეიცნოს, თვითონ მიხვდეს, რა არის ცუდი და რა – კარგი. დასჯის მეთოდებსაც ვიყენებ, რადგან რაღაც მომენტში ესეც საჭიროა, ბავშვს „თავს არ უნდა გაუვიდეს“. ძალიან იშვიათად შეიძლება, მივიყვანო თავის ნევროპათოლოგთან, როცა უკვე მართლა თავზეხელაღებულად იქცევა. მშობელი ძალიან კარგად გრძნობს, როგორ უნდა მოიქცეს შვილთან მიმართებაში, რა უნდა აუკრძალოს, როდის უნდა გაუბრაზდეს და ასე შემდეგ. ასე რომ, მეც ჩვეულებრივად ვიქცევი.

– მიჩვეული ვართ, რომ აღზრდის დროს მეტი დატვირთვა დედაზე მოდის. თქვენს ოჯახშიც ასეა?

– მე და სანდრო თავიდანვე ვცდილობდით, ყველაფერი ერთად გვეკეთებინა, მაგრამ რაღაც მომენტში, როცა დედა ხარ, თვითონ გინდება, რომ უფრო მეტი შენ გააკეთო. ვერ ვიტყვი, რომ სანდრო არ არის ჩართული ამ პროცესში, პირიქით, ძალიან ჩართულია. არა მხოლოდ ის, დედაჩემიც, სანდროს დედაც, ყველას თავის როლი აქვს. თუმცა მთავარი ფიგურები მაინც მშობლები არიან. ილიას ძალიან უყვარს სანდროს დედასთან თამაში, შაბათ-კვირას დედაჩემთან მიდის, იმიტომ კი არა, რომ მშობლები დაიღალნენ, იმიტომ რომ მათთანაც უნდა იყოს, ჩემს დასთან, დისშვილთან, ჩემს ძმასთან გაატაროს დრო. ძალიან კონტაქტურიცაა, ბაღშიც დადის და ვცდილობ, რაც შეიძლება, ბევრ ადამიანთან იურთიერთოს, რომ სხვადასხვანაირი გამოცდილება დააგროვოს.

– მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრებას რა პლუსები და მინუსები აქვს?

– ძალიან დიდი პლუსი აქვს. პირველ რიგში, უნდა გაგიმართლოს, რომ გყავდეს ისეთი დედამთილ-მამამთილი, ვისთან ერთადაც კომფორტულად იცხოვრებ. დავიწყოთ იქიდან, ჩვენი სახლი ძალიან დიდია და თან ძალიან გამიმართლა იმაში, რომ სანდროს მშობლები მართლა ძალიან კარგი ადამიანები არიან, ვერ აღვიქვამ, რომ დედამთილ-მამამთილია. ჩემი მეგობრები და ჩემი მეორე მშობლები არიან. ურთიერთობაში არანაირი დისკომფორტი არ გვაქვს. ერთად ცხოვრებას ის პლუსიც აქვს, რომ ბავშვს სახლში, რომელშიც იზრდება, ბებია და ბაბუა ჰყავს, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამიმართლა იმაშიც, რომ ისინი ჩემი შვილის აღზრდაში არ ერევიან და ჩემსა და სანდროს შორის არ დგებიან. როცა სახლში ასეთი კომფორტი გაქვს, ფანტასტიკური ადამიანების სახით, რომლებიც ყველაფერში გვერდით გიდგანან, ბოლომდე შენიანები არიან, სად უნდა გაიქცე?! თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა ოჯახი იზრდება, ბავშვიც წამოიზრდება და მეორე და მესამე შვილიც ჩნდება, ცალკე ბუდე უნდა გაიკეთო და ალბათ, ბუნებრივია, ჩვენც ცალკე ოჯახად გადავალთ. ძალიან მომწონს, რომ ასე განვითარდა ყველაფერი.

– სანამ ამ ადამიანებს გაიცნობდი, მანამდე გინდოდა ცალკე ცხოვრება?

– მომავალ მეუღლეს სამი წელი ვხვდებოდი და ძალიან კარგად ვიცნობდი მის მშობლებს. როდესაც სანდრომ მითხრა, ცალკე გადავიდეთო, მე ვუთხარი, რომ არსად გადავიდოდით და გადასარევად ვიცხოვრებდით ერთად. ეს ჩემი არჩევანი იყო.

– მეორე პატარას ელოდებით, როგორია ეს პერიოდი?

– კი. ვიფიქრე, სანამ შემიძლია მეორე პატარასაც გავაჩენ-მეთქი (იცინის). ამის გამო ილიამ ძალიან იეჭვიანა. ახლა ნელ-ნელა ვმშვიდდებით. თავიდან ძალიან აურ-დაურია ყველაფერი. ისედაც ძალიან ცელქი სულ მთლად გადაირია. მე ვგიჟდები ცელქ ბავშვებზე, ვაფრენ; როდესაც ვუყურებ ილიას, როგორი ჰიპერაქტიურია და მაწაკიც კი, მომწონს, რომ ასეთია, თუ არ მოგწონს, მაშინ უნდა დაიტანჯო შვილის ყურებით. პატარას შესახებ რომ გაიგო, ქცევები შეცვალა და ცუდად მოქცევა დაიწყო, მაგრამ ახლა ნელ-ნელა სიმშვიდისკენ მივდივართ. რომ გაჩნდება, ალბათ, მერე კიდევ გვექნება პატარა ეჭვიანობები და ნელ-ნელა დავლაგდებით. პატარებისთვის თავზარდამცემი ამბავია, რომ მის სამყაროში ვიღაც ახალი უნდა შემოიჭრას და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ილიამ ეს უმტკივნეულოდ გადაიტანოს.

– მეორე ფეხმძიმობა ჰგავს პირველს?

– პირველ ფეხმძიმობასაც ძალიან მსუბუქად მივუდექი და ახლაც იგივე განწყობა მაქვს. თუმცა, ახლა ბევრად მშვიდად ველოდები ჩვენს გოგოს. პირველი ფეხმძიმობა ძალიან მარტივი იყო, ახლა პირველი ტრიმესტრი ურთულესი მქონდა. საშინელი ტოქსიკოზი გამოვიარე და კვირაში ერთხელ გადასხმას ვიკეთებდი. თუმცა გადაიარა ამ პერიოდმა და აქტიურად ვაგრძელებ მუშაობას. ამბობენ და ჩემი გამოცდილებითაც ვფიქრობ, რომ ბიჭზე ფეხმძიმობა გაცილებით მარტივია, ვიდრე გოგოზე.



თბილისელები.





კომენტარები:

ფართი შოპი