ვინ შეცვალა მაკა შალიკაშვილის ცხოვრება და რატომ უკრძალავდა ის საკუთარ თავს ლაპარაკს

23 Mar 2021 21:19


მაკა შალიკაშვილი


როცა მსახიობი მაკა შალიკაშვილი ლექსს კითხულობს, ხვდები, შენს სათქმელსაც ამბობს, მისი ყოველი ამოთქმული სიტყვა გულზე გხვდება და გრძნობ, სხვანაირად იწყებს ძგერას. როგორც თავად ამბობს, ლექსის თქმას, ნიჭთან ერთად, სჭირდება ფიქრი, ანალიზი, პირადი ბიოგრაფია და რაც მთავარია, გულწრფელი ემოცია.


მაკა შალიკაშვილი: სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით ქართული ენა და ლიტერატურა მიყვარდა. ბავშვებს, ძირითადად, მოყოლის კომპლექსი აქვთ, შეიძლება, კარგად იცოდეს და ვერ მოყვეს. მე კი, პირიქით, ძალიან მიყვარდა გაკვეთილის მოყოლა და კარგადაც შემეძლო. მასწავლებელი რომ გაკვეთილს ხსნიდა, გულისყურით ვუსმენდი და ისე მომწონდა მისი ახსნა, სახლში რომ მივდიოდი, სარკესთან ვდგებოდი და როგორც მასწავლებელი, ისე ვუყვებოდი, ვითომ ბავშვებს (იცინის). საოცრად მიყვარდა ლექსები, განსაკუთრებით კი ვაჟა-ფშაველა, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, იოსებ ნონეშვილი, გოგლა ლეონიძე, შოთა ნიშნიანიძე, გალაკტიონი, მუხრან მაჭავარიანი... ყველა ეს ადამიანი და მათი შემოქმედება ჩემი ბავშვობის დროინდელი სიყვარულია.


– თავად თუ დაგიწერია ლექსი?

– პატარაობაში ვწერდი და შენახული მაქვს. სხვათა შორის, პატრიოტულ ლექსებს ვწერდი და ყველა საქართველოზე იყო. არადა, ჩემი ტოლები მაშინ რომანტიკულ ტალღაზე იყვნენ და ძირითადად, სიყვარულზე წერდნენ და კითხულობდნენ.

– დღეს, როცა სატელევიზიო შოუში ლექსს ემოციურად კითხულობ, ყველა სულგანაბული გისმენს. ამ დროს თავად რას განიცდი და რა ემოციას იღებ მათგან, ვინც გისმენს?


– პოეზიის სიყვარული ყოველთვის იყო ჩემში და ვერ ვიტყვი, პანდემიის დროს მიიღო დიდი მნიშვნელობა-მეთქი. არა! მახსოვს, თუ რაღაც მიხაროდა ან მწყინდა, ამ დროს ლექსის თქმა მშველოდა. თუ რაღაც ცუდი ხდებოდა, ვხვდებოდი, დეპრესიისკენ მივდიოდი და მეტირებოდა, ვიღებდი ლექსების კრებულს და ვიწყებდი კითხვას. ამ დროს ჩემს პირად დრამაზე მეტირებოდა, ემოციებისგან, გრძნობებისგან ვიცლებოდი. ლექსი გაძლევს საშუალებას, მოარგო შენი განწყობა, შენი ცხოვრება ჩაატიო და ნეგატივისგან დაიცალო. ერთ რამეს მივხვდი: მე არ უნდა ვილაპარაკო, სჯობს, ლექსით გითხრათ სათქმელი და ასე გადმოგცეთ ემოცია, გულისნადები და განწყობა.


– ამასაც ხომ ნიჭი უნდა?

– ნიჭთან ერთად სჭირდება პირადი ბიოგრაფია – ნათქვამში შენი ცხოვრება, ფიქრები, ანალიზი, დამოკიდებულება უნდა ჩანდეს. როცა ლექსს ისმენ და დაფიქრდები, გაგახსენდება შენი ცხოვრების დეტალები, ფაქტები და ხვდები, რომ გახარებს, ან აგატირებს, ესაა მთავარი.


– რომელი ლექსი ასახავს შენს ცხოვრებას?

– რასაც მე ვკითხულობ, ყველა ლექსი ჩემს ცხოვრებას ეხება. განსაკუთრებით კი შოთა ნიშნიანიძის „კარუსელი“. ხომ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ლექსის კითხვის დროს სიტუაციიდან „გადიან“ და თავის სამყაროში „იკეტებიან“? მე კი მიყვარს, როცა ადამიანს თვალებში ვუყურებ, ლექსს კი არ ვამბობ, არამედ, თვალგახელილი ვუყვები და ველაპარაკები. როცა ლექსს ვკითხულობ, არ ვწყდები დედამიწას, გარშემო ყველაფერს ვამჩნევ და ვხედავ. იცით, რატომ მოსწონს ხალხს ჩემი ნათქვამი ლექსი? იმიტომ რომ, მე ამით მარტო ჩემს კი არა, ყველას სათქმელს ვამბობ. თორემ, გონება რომ გათიშო, თვალი დახუჭო და შენი სამყაროდან, ასტრალიდან ელაპარაკო, ის არ მოგისმენს. ხალხს მოსწონს ის, რომ ლექსებში თავის თავს ხედავს. უამრავი უცხო ადამიანი მწერს და მადლობას მიხდის. მეუბნებიან: გელოდებით, გეხვეწებით, არ გაჩერდე, ბევრი ლექსი თქვი და ჩაწერეო. ლექსის ძალა საოცარია. მაგალითად, პოეტ რეზო ჩხარტიშვილის შემოქმედებაც ფართო საზოგადოებამ არ იცოდა და როდესაც „პრაიმ შოუში“ წავიკითხე მისი ლექსი – „ცარცით რომ ვწერდე სიყვარულს, გული რომ იყოს დაფა, მე გავაქრობდი შენს სახელს, თებერვლის ფონზე სწრაფად, უბრალო გრძნობა რომ იყოს, დავშლიდი, როგორც ფაცერს, მაგრამ სიყვარულს რა ვუყო, ძარღვით და სისხლით ნაწერს“... ბევრმა, ამ სიტყვებში თავის ცხოვრება და სიყვარული დაინახა. გესმით, რამხელა გრძნობაა მასში ჩადებული? აშენებულის დანგრევა რთულია, ბევრი აშენებულ სიყვარულს ვერ ანგრევს და ამიტომ, როცა ადამიანის სათქმელს ამბობ და სიხარულში თუ მწუხარებაში თანაზიარი ხარ, ეს მოსწონთ. მწერენ: მაკა, ვისია ეს ლექსიო... მეც, ვპასუხობ. როცა მამა ადამის ლექსი „ჯვარი დასწერე“ წავიკითხე და სოციალურ ქსელში დაიდო, უამრავი კომენტარი წამოვიდა. 23 ათასი კაცი წერდა: უფალო, დაიფარე საქართველო... უფალო, გააძლიერე ჩვენი საცოდავი ქვეყანაო. წარმოიდგინეთ, ამდენმა ადამიანმა რომ მოისმინა ლექსი, წუთით მოიცალეს, თავისი საქართველო დალოცეს, ამდენი ათასი კაცის ლოცვა ხომ, სამყაროში მიდის და კოსმოსში არ იკარგება? ჩვენი ხმა და ლოცვა უფლის ყურამდე აუცილებლად მიაღწევს და უკან სიკეთით დაგვიბრუნდება.


– მაკა, შენ ამბობ, რომ ლექსის კითხვას განსაკუთრებული ნიჭი არ უნდა, მთავარია ადამიანმა მოინდომოს და ყველაფერი გამოუვა?


– მე, ჩემი პედაგოგების დამსახურებით, ძალიან დიდი სკოლა მაქვს გავლილი. მახსოვს, თეატრალურ უნივერსიტეტში რომ მინდოდა ჩაბარება და აბიტურიენტი გოგონა ლეილა ბერიკაშვილთან მივედი, მოსამზადებლად, მითხრა: რამე ლექსი წამიკითხეო. წავიკითხე „დროშები ჩქარა“. მეგონა, კარგად გამომდიოდა, მაგრამ ჩემი წაკითხული თავდაყირა დააყენა ქალბატონმა ლეილამ, მერე ქალბატონმა მანანა ბერიკაშვილმა. მასწავლეს, როგორ უნდა ვიგრძნო ლექსი, დავფიქრდე, რას ვამბობ და რატომ ვამბობ, იმის უკან რა დევს... მერე, მოვხვდი შალვა გაწერელიასთან და მასთან ვისწავლე ლექსის კითხვის ოსტატობა. მერე მეტყველების პედაგოგთან დავხვეწე მეტყველება. მერე, გურამ და მარინა საღარაძესთან მომიწია შეხება. არ დამავიწყდება, მურმან ჯინორია რომ ლექსს კითხულობდა, ისე მომწონდა, პირდაღებული, მონუსხული ვუსმენდი, რა მანერით კითხულობდა და როგორ გამოგზაურებდა იმ სამყაროში, სადაც თავად მოგზაურობდა. შემდეგ დამიკავშირდა ჩემი მეგობარი ლიკა დგებუაძე და მითხრა: ცისანა ბოცვაძე ეძებს მამა ადამ ახალაძის, სასულიერო პირისა და პოეტის პოეზიის საღამოსთვის ლექსების მკითხველ ქალს და შენი თავი შევთავაზეო. ასე მოვხვდი მამა ადამთან და მისი ლექსებით მთლიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. თბილისში, ყველა თეატრში გვაქვს პერფორმანსები, მათ შორის, ჩემს სათაყვანებელ რუსთაველის თეატრის სცენაზე. ჩემთვის უძვირფასესი მამა ადამის ლექსებით ვეზიარე და ამით დღესაც ძალიან კმაყოფილი და გამარჯვებული ვარ. მისი უდიდებულესობა ლექსით ჭეშმარიტი, ყველაზე ნაღდი და გულწრფელი ემოციით ვიყავით გაჯერებულები.



თბილისელები





კომენტარები:

ფართი შოპი