როგორ მოიპოვა გავლენა რუსეთის იმპერიამ აფხაზეთში ქრისტიანი შერვაშიძეების დახმარებით მუსლიმი შერვაშიძეების წინააღმდეგ

24 Mar 2021 17:33

მართალია, მოცემულ ეტაპზე რუსეთსა და დე-ფაქტო აფხაზეთს შორის დიდი სიამტკბილობაა და ლამისაა, თვალში ხელი არ ამოისვას აფხაზმა, თვით რუსი სამხედროც რომ ჩაუვარდეს და აფხაზი და რუსი ისტორიკოსებიც ცდილობენ ამბის ისე წარმოჩენას, რომ აფხაზეთი ლამის გაშლილი სუფრით შეეგება რუსეთის იმპერიას, მაგრამ ისტორიული ფაქტები საპირისპიროს მოწმობს. ისტორიკოს ვახტანგ გურულთან ერთად გავიხსენებთ, როგორ დაიპყრო რუსეთის იმპერიამ სულ ბოლო ქართული სამთავრო – აფხაზეთი.

ვახტანგ გურული: აფხაზეთის სამთავრო რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს გახდა, მანამდე ის ოსმალეთის სავასალო ტერიტორიას წარმოადგენდა. მეთვრამეტე საუკუნის დამდეგიდან, აჭარაში გაბატონების შემდეგ, ოსმალეთმა ნელ-ნელა დაიწყო შავიზღვისპირეთის სიმაგრეების დაკავება, საუბარია ტერიტორიაზე ყულევიდან ტუაფსემდე. მათ ყველგან ჩააყენეს ჯარი. რა თქმა უნდა, არც სამეგრელოს, არც გურიის მთავარს, არც იმერეთის მეფეს ამ პროცესისთვის ხელის შეშლა არ შეეძლო. ოსმალეთი ძლიერი სახელმწიფო გახლდათ და მასთან ბრძოლა რუსეთის იმპერიასაც კი უჭირდა. ამდენად, მას ხელისშემშლელი აქ არავინ ჰყავდა. ოსმალეთის აფხაზეთში დამკვიდრებას, უპირველესად, სანაპირო ზოლში მოჰყვა დიდი უარყოფითი პროცესი – აფხაზეთში ისლამის გავრცელება. უპირველესად, ეს შეეხო შერვაშიძეთა საგვარეულოს, ანუ მთავრის სახლს, შემდეგ – არისტოკრატიას. ძნელი სათქმელია, რა მდგომარეობა იყო რელიგიური თვალსაზრისით თვითონ მოსახლეობაში, იმიტომ, რომ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიპყრო აფხაზეთის სამთავრო, სერიოზული აღწერა არ ჩაუტარებიათ. ეს უკვე მეცხრამეტე საუკუნის დასასრულიდან ხდება შესაძლებელი. აფხაზეთში ისლამის მასობრივად გავრცელება გამოწვეული იყო იმით, რომ მთიან რაიონებში მაინცდამაინც მტკიცედ ვერ მოიკიდა ფეხი ქრისტიანობამ. ამას დაერთო ოსმალეთის აგრესია და მოხდა ისე, რომ შერვაშიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები გამუსლიმდნენ, ისევე, როგორც აფხაზეთის ელიტა.

– ოსმალეთის იმპერიაც ცდილობდა, რომ ქართულიდან თავიანთ დამწერლობაზე გადაეყვანათ აფხაზები, რაც მოგვიანებით სცადა რუსეთის იმპერიამაც.

– რა თქმა უნდა. ოსმალეთი ცდილობდა, საფუძვლიანად დამკვიდრებულიყო აფხაზეთში და ისინი იმასაც ვარაუდობდნენ, რომ დიდი ხანი არ იყო დარჩენილი იმ დრომდე, როდესაც რუსეთი მათ აფხაზეთს შეედავებოდა და ამისთვის ემზადებოდნენ. მეცხრამეტე საუკუნის დამდეგისთვის აფხაზეთში ძალზე გამწვავდა აფხაზეთის სამთავროს ტახტისთვის ბრძოლა. ისტორიოგრაფიაში ისეა წარმოჩენილი, რომ თითქოსდა ეს იყო მთავრის, შერვაშიძეთა კარზე პროოსმალურსა და პრორუს დაჯგუფებებს შორის ბრძოლა, არადა პრორუსული დაჯგუფება მეცხრამეტე საუკუნის დამდეგისთვის აფხაზეთში არ არსებობდა. ასე რომ, ბრძოლა მიმდინარეობდა გამუსლიმებურ აფხაზებს შორის. პრომუსლიმსა და პრორუს დაჯგუფებებს შორის ბრძოლა დაიწყო მას შემდეგ, რაც აფხაზეთი რუსეთის ქვეშევრდომი გახდა. განსაკუთრებით მაშინ გამწვავდა ვითარება, რაც 1806 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო და რუსეთს შესაძლებლობა მიეცა, რომ აფხაზეთში პოზიციები მოეპოვებინა. 1808 წელს აფხაზეთის მთავარი, ოსმალეთის ქვეშევრდომი, ქელეშ მეჰმედ ბეი შერვაშიძე, შვილის – არსლან ბეის მიერ მოწყობილ შეთქმულებას ემსხვერპლა და ამ შეთქმულებაში მონაწილე ორივე მხარე აღმსარებლობით მუსლიმი იყო.

– ანუ შვილმა მამა მოკლა?

– უფრო სწორად, ესროლა, მაგრამ ტყვია ასცდა და ამის შემდეგ ქელეშ ბეი შერვაშიძეს ორმა თავადმა ესროლა და მათ მოკლეს. შეთქმულება კი შვილის, არსლან ბეის, მიერ იყო ორგანიზებული, მაგრამ ამ დიდი ცოდვისგან ის ღმერთმა იხსნა, მისი ხელიდან გასროლილ ტყვიას არ მოუკლავს მამამისი. მეორე მხრივ, არსლან ბეიმ კარგად იცოდა, რომ მას ძმა, სეფერ ბეი არ აპატიებდა ჩადენილს და ამიტომ სოხუმის ციხეს შეაფარა თავი, სადაც ოსმალთა ძლიერი გარნიზონი იდგა. ამასობაში სეფერ ბეიმ რუსეთს სთხოვა ქვეშევრდომობა. ის იმედოვნებდა, რომ არსლან ბეი ვერასდროს გახდებოდა აფხაზეთის მთავარი და ტახტი თავად ერგებოდა. ამისთვის მან ყველაფერი გააკეთა: მოინათლა ქრისტიანად, სახელად დაირქვა გიორგი, ქართველი ქალი, სამეგრელოს მთავრის და, დადიანი შეირთო ცოლად და 1808 წლის 12 აგვისტოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ითხოვა შესვლა. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა 1812 წელს აფხაზეთის სამთავრო მიიღო ქვეშევრდომობაში, თუმცა იმ დროისთვის აფხაზეთში პროსუსი ძალები არ იყვნენ, თავადაზნაურთა აბსოლუტურ უმრავლესობას პროოსმალური ორიენტაცია ჰქონდა, გიორგი შერვაშიძე, იგივე სეფერ ალი ბეი მუსლიმობაში, აფხაზეთშიც ვერ გაჩერდა, რადგან მას არავინ უჭერდა მხარს და სამეგრელოში გადავიდა. არსლან ბეი, ჯერ ერთი, ძალიან მამაცი კაცი იყო, მეორე – მას მხარს უჭერდა ოსმალეთი, ასევე, აფხაზი თავადებისა და აზნაურების უმეტესობა, თანაც, ცოტა თავზე ხელაღებული პიროვნებაც იყო, გიორგის კი ამდენი არ შეეძლო და ამიტომაც გადავიდა სამეგრელოში. 1806 წელს რუსეთის იმპერიის მიერ ოსმალეთის წინააღმდეგ დაწყებული ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდა. 1810 წელს რუსეთის ჯარმა დაიკავა სოხუმი და ოსმალეთის გარნიზონმა კაპიტულაცია გამოაცხადა. აი, ამის შემდეგ იწყება პრორუსი ძალების ორგანიზება აფხაზეთში და პრორუს გიორგი შერვაშიძეს მხარი დაუჭირეს მისმა ძმებმაც და ის მათთან და რუსეთის ჯართან ერთად სოხუმში გადავიდა. ოსმალეთმა აღიარა აფხაზეთის სამთავროს რუსეთის შემადგენლობაში გადასვლა და იმ დროიდან სოხუმში არსებობდა მთავრის რეზიდენცია. მაგრამ გიორგი შერვაშიძე სუსტი მმართველი აღმოჩნდა. მისი ძალაუფლება მხოლოდ სოხუმზე ვრცელდებოდა და ისიც იმიტომ, რომ იქ რუსული გარნიზონი იდგა. იმავდროულად, აფხაზეთში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა, ასევე, რუსული ორიენტაციის ჰასან ბეი შერვაშიძე. საქართველოს, შემდგომ კავკასიის მთავარსარდალი, ერმოლოვი აფხაზეთში შექმნილ ვითარებას უაღრესად საშიშად მიიჩნევდა გიორგი შერვაშიძის სისუსტის გამო. ამის შესახებ ის რუსეთის იმპერატორსაც სწერდა და აფხაზებს წერილში მოიხსენიებდა „ველურ და მტაცებელ ხალხად“, ასევე, იმპერატორს ურჩევდა ანაპასთან ციხესიმაგრის დაარსებას, თორემ ყუბანისპირელი მთიელები აფხაზეთს წაგვართმევენო. გიორგი შერვაშიძე 1921 წელს გარდაიცვალა და მას დარჩა 4 ვაჟი. იმპერატორმა აფხაზეთის მთავრად პეტერბურგში მყოფი დიმიტრი დაამტკიცა, რომელიც ამის შემდეგაც გარკვეულ ხანს დარჩა პეტერბურგში. აფხაზეთში უკმაყოფილება გამოიწვია ფაქტმა, რომ მთავრის საკითხი პეტერბურგში გადაწყდა და მეფის რუსეთის კავკასიის კოლონიური ხელისუფლების რჩევით მთავრის რეგენტად დამტკიცდა დედოფალი თამარი.

– ანუ დედა, დადიანის ქალი?

– დიახ, ყველაზე აქტიური პერსონა იმ დროს იყო ჰასან ბეი შერვაშიძე. ის, ცხადია, უკმაყოფილო დარჩა, რომ, ჯერ ერთი, მთავრად არ გამოაცხადეს და მეორე – არც რეგენტად დანიშნეს. ამდენად, ჰასან ბეი რუსეთთან ოპოზიციაში გადავიდა. რუსებმა ჯერ მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს, თუმცა კოლონიურმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაინც დააპატიმრა ჰასან ბეი – იმხანად აფხაზები თავს დაესხნენ რუსების საგუშაგოს, მოკლეს ერთი და დაჭრეს 4 რუსი ჯარისკაცი, მართალია, მსხვერპლი დიდი არ ყოფილა, მაგრამ რუსებმა ეს აჯანყებად ჩათვალეს. თუმცა თავდასხმა ჰასან ბეის ძმებმა მოაწყვეს და თავად ჰასან ბეიმაც არაფერი იცოდა ამ თავდასხმის შესახებ, რუსებმა ის მაინც დააპატიმრეს და აფხაზისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი ფორმით. ამან აფხაზების თვალში ძალიან გაუტეხა სახელი რუსეთის ხელისუფლებას. 1821 წლის ივლისში აფხაზეთში იმერეთის მმართველი გორჩაკოვი ჩავიდა, რომ როგორმე ვითარება განემუხტა, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა და იმავე წლის ივნისში აფხაზეთში მაინც დაიწყო აჯანყება, რომელსაც სათავეში ედგნენ ჰასან ბეის ძმები და აფხაზი თავადები: მარშანიები და ინა-ლიფები. 1821 წლის ნოემბერში გორჩაკოვი ჯარით შევიდა აფხაზეთში და დიმიტრი შერვაშიძე აფხაზეთის მთავრად გამოცხადდა. ის, გითხარით, რომ გვიან ჩამოვიდა პეტერბურგიდან და შემდეგ თბილისშიც შეყოვნდა, ამდენად, დაგვიანდა მისი მთავრად წარდგენა. თუმცა დიმიტრი შერვაშიძე 1822 წელს გარდაიცვალა. 1823 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა აფხაზეთის მთავრად გიორგი შერვაშიძის მეორე ვაჟი მიხეილი დაამტკიცა. სხვათა შორის, ის უაღრესად საინტერესო პიროვნება იყო, დიდხანს დაჰყო მთავრის ტახტზე, დიდი ტანჯვა-წამება გადაიტანა, სამთავრო, სწორედ, მის დროს გაუქმდა და ის უცხოობაში, გადასახლებაში გარდაიცვალა. აფხაზეთში მორიგმა აჯანყებამ ახალი ძალით 1824 წელს იფეთქა, მას შემდეგ, რაც არსლან ბეი შერვაშიძე ოსმალეთიდან აფხაზეთში დაბრუნდა. ეს ის არსლან ბეია, რომელმაც მამა მოკლა, შემდეგ სოხუმს შეაფარა თავი და იქიდან ოსმალეთში გაიქცა. 1824 წელს გორჩაკოვის მეორე სამხედრო ექსპედიცია გაიგზავნა აფხაზეთში და, აფხაზები დამარცხდნენ. გორჩაკოვის რაზმმა აჯანყებულებთან ბრძოლაში 6 ოფიცერი და 222 ჯარისკაცი დაკარგა, ანუ დიდი სისხლი დაიღვარა ორივე მხრიდან. ამის მიუხედავადაც, ოსმალეთი არ ურიგდებოდა აფხაზეთის დაკარგვას და 1830 წელს სტამბოლიდან აფხაზეთში ჩავიდა სულეიმან ფაშა. მან სოფელ ლიხნში შეკრებილ აფხაზებს ოსმალეთის სულთნის ფირმანი წაუკითხა და რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდა. ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში 3 000-მა აფხაზმა იარაღი აისხა და დაიწყო აჯანყება, რომელსაც სათავეში ედგა მიხეილ შერვაშიძის ბიძა ტაირ ბეი შერვაშიძე. საფრთხე დაემუქრა სოხუმში მყოფ რუსულ გარნიზონს, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ სოხუმში მყოფი მიხეილ შერვაშიძე და მისი ოჯახი, რუსული ორიენტაციის მცირერიცხოვანი აფხაზი თავადებიც, რომლებიც თავს აფარებდნენ სოხუმის ციხეს. რუსებმა საფრთხე ჯეროვნად შეაფასეს და საგანგებო ზომები გაატარეს: სოხუმის ყურეში შევიდა ორი რუსული სამხედო გემი. ყულევიდან ანაპამდე კი მუდმივად მოძრაობდნენ ქვემეხებიანი რუსული სამხედრო გემები, რადგან რუსებმა არ იცოდნენ, სად გადმოსხამდნენ ოსმალები დესანტს, ამიტომ მთელ სანაპიროს აკონტროლებდნენ. რუსებმა აფხაზეთში გასაგზავნი ჯარების თავმოყრა ყულევში დაიწყეს. აფხაზეთში შესასვლელი გზა გამოუსადეგარი იყო და ამიტომ ჯარი ნელა გადაადგილდებოდა. ამან აჯანყებულები წაახალისა, თუმცა 1830 წლის ივლისში რუსებმა დიდი სისხლისღვრის ფასად კონტროლი დაამყარეს გაგრაზე, ბიჭვინთაზე, სოხუმსა და სხვა სტრატეგიულ პუნქტებზე. აფხაზეთის, აი, ეს 30-წლიანი ისტორიული მონაკვეთი ამტკიცებს, რომ რუსების შესვლა აფხაზეთში უმტკივნეულოდ არ მომხდარა, როგორც ამას დღეს რუსი და აფხაზი ისტორიკოსები ამტკიცებენ. ეს, ფაქტობრივად, იყო 30-წლიანი ომი რუსეთის იმპერიასა და აფხაზეთის სამთავროს შორის.




თბილისელები 






კომენტარები:

ფართი შოპი