ალუდა ღუდუშაური: ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გვყავდეს განათლებული, პრინციპული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თაობა

24 Mar 2021 22:01

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და ამავდროულად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა სტუდენტური პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა მათივე თხოვნით.

 

საქართველოს პარლამენტის წევრი სტუდენტებს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელს წარმოადგენდნენ,  ესაუბრა სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებზე და ამ პროცესებში ახალგაზრდობის როლზე, მათ უფლებებსა და მოვალეობებზე. ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით საქართველოში არსებულ კანონმდებლობასა და სამართლის საკითხებზე.

 

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქვეყანაში ადამიანებმა სამართლიანობის კუთხით დაცულად იგრძნონ თავი, ამისთვის კი ასევე აუცილებელია თქვენ - ახალგაზრდებს გქონდეთ ცოდნა, რისთვისაც დრო და ენერგია არ უნდა დაზოგოთ“, - მიმართა სტუდენტებს ალუდა ღუდუშაურმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი თავის რწმენა და პასუხისმგებლობა გაითავისონ. 

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა და სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. აქვე მომავალ შეხვედრებზეც შეთანხმდნენ, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, სხვა სფეროების მიმართულებით წარმოადგინონ თავიანთი ხედვები.

 

როგორც ალუდა ღუდუშაურმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ახალგაზრდებთან მსგავსი შეხვედრები ფრიად მნიშვნელოვანია, აზრთა ურთიერთგაცვლა სახელმწიფოს მშენებლობის საკითხებზე კი იმის საწინდარი იქნება, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ.

„მსგავს შეხვედრებს, პირველ რიგში, მე ვუყურებ როგორც ჩვენ მომავალ თაობასთან მჭიდრო კონტაქტს და  სინერგიას იმ ჯაჭვში, რომელიც ძველის ახლით ჩანაცვლების პრინციპს გულისხმობს. აი ამ პრიზმიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ თაობასთან გვქონდეს ძალიან მჭიდრო და ახლო კონტაქტი. ეს გულისხმობს სწორედ იმასაც, რომ მათ ასევე ჰქონდეთ განცდა იმისა, რომ არა მომავალში, არამედ ახლაც, ამ წუთსაც ჩართულები არიან სახელმწიფო მართვაში ამა თუ იმ ფორმით. სტუდენტობა ხვალ ნამდვილად  არის ჩვენი მომავალი და ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მე ვიტყოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავდეს განათლებული, პრინციპული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თაობა. ამიტომ, ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ დღესვე კარგია, რომ ჩვენ ამ მომავალ თაობას ვასწავლოთ, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობის გააზრება  და განცდა იმისა, რომ თვითონაც არიან ამ სახელმწიფოს უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ მათი პოზიცია, ჩართულობა და ყოველდღიურობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 





კომენტარები:

ფართი შოპი