სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსის, გოგი წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, წულაია 7 დღეა შიმშილობს და მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. აღნიშნულის შესახებ გელბახიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც ის განმარტავს, წულაიას დიაბეტი აქვს, რის გამოც, ნებისმიერ დროს შესაძლოა, კომაში ჩავარდეს.
„ძალიან სუსტად არის, ერთი კვირაა შიმშილობს. გარდა იმისა, რომ გულის სერიოზული ოპერაცია აქვს ჩატარებული - შუნტირება გაუკეთდა, მას შაქრიანი დიაბეტიც აქვს და შიმშილობის ფონზე შესაძლოა, ყოველ წამს ჩავარდეს კომაში“, - აცხადებს გელბახიანი.
მისივე განმარტებით, გოგი წულაიას ოჯახის წევრები მის შიმშილობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ადვოკატის თქმით, წულაიამ შიმშილი პროტესტის ნიშნად დაიწყო, ვინაიდან პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ის საკუთარი პოლიტიკური განცხადებების მსხვერპლია და სამაგიერო გადაუხადეს იმ განცხადებებისთვის, რაც მან ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მისამართით გააკეთა.
ადვოკატმა წულაია პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს მოინახულა.
ცნობისთვის, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა წულაია 19 მარტს დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.