ანი ბებია: არაადეკვატური ფიქრები მქონდა, მეშინოდა ყველაფრის, მათ შორის – ბავშვის

26 Mar 2021 12:34

ანი ბებია და ილო ბეროშვილი

ანი ბებია და ილო ბეროშვილი პატარა ჯერის მშობლები გასულ წელს გახდნენ. ანისთვის ფეხმძიმობის პერიოდი ემოციურად საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რასაც პანდემიის ფონი კიდევ უფრო ამძაფრებდა. თუმცა, ამ სიტუაციაში ბედი ახალ საქმეში სცადა და „მთავარ არხზე“ ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანი გახდა, რაც მისთვის ახალი გამოწვევა აღმოჩნდა და ბევრ რამეში დაეხმარა.

ანი ბებია: ზუსტად იმიტომ, რომ გამოცდილება არ მქონდა, ეს საქმე ჩემთვის ახალი იყო და მიმიზიდა. სიმართლე რომ ვთქვა, პანდემიის და ორსულობის პერიოდი ამან გადამატანინა. ახლა, როცა არც თეატრია, არც კინო და სულ სახლში გიწევს ჯდომა, ესეც რომ არ ყოფილიყო, გავგიჟდებოდი. მუშაობა რომ დავიწყე, უკვე ორსულად ვიყავი და იმ პერიოდში – ზედმეტად ემოციურიც. ფეხმძიმობას თან სდევს ჰორმონების ცვლილება და ქალის ორგანიზმში ბევრი რამ ხდება. თუმცა, იქ ძალიან კარგი გარემო იყო, ყველა მეფერებოდა, თავს მევლებოდა. ამ გუნდმა გადამატანინა ყველანაირი სირთულე.

– ეთერში პატარასთან ერთად გამოჩნდი, რაც სტიმული იყო ახალბედა დედებისთვის.

– სულ დამყავდა ბავშვი სამსახურში. ერთადერთხელ მოხდა, რომ სახლში დავტოვე, ილოსთან. მეხმარებოდნენ გრიმიორები, მძღოლები და ყველა ადამიანი, ვინც კი კადრს მიღმაა. რთული იყო, მაგრამ სახლში რომ დამეტოვებინა, უფრო რთული იქნებოდა. იქ თუ იტირებდა, ავდგებოდი, გავიდოდი ეთერიდან და შემოვიყვანდი. მთავარ წამყვანებსაც ბევრჯერ შემოუყვანიათ ჩემს ეთერში შესვლამდე. ძალიან დიდი პლუსი იყო ის არაჩვეულებრივი გარემო, რაც იქ გვქონდა.

– რატომ დასრულდა ეს ამბავი?

– ყველაფერში მაქსიმალისტი ვარ და მგონია, რომ ამ ამპლუაში ჩემი თავი ამოვწურე. ჩემი აზრით, იქ დარჩენა ჩემთვის უკვე ერთი ადგილის ტკეპნა იქნებოდა, ვეღარ განვვითარდებოდი, ამიტომ ვარჩიე წამოსვლა. სამომავლოდ ჯერ არაფერი დამიგეგმავს, ბედს ვარ მინდობილი.

– სერიალიც ბრუნდება ეთერში, იქ წამყვანი ხაზი გქონდათ, ხომ არ ბრუნდებით?

– ილო არის სერიალში, მე – ჯერ არა, მაგრამ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან მინდა, რომ ვიყო, თუმცა ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული.

– ფეხმძიმობის დროს დეპრესია – ეს ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანი თემაა, რომელსაც ბევრი გაურბის ან უჭირთ პრობლემის არსებობის აღიარება, როგორია ანის გამოცდილება?

– ამის შესახებ ჯერ კიდევ ვერ ვსაუბრობ ბოლომდე, იმიტომ, რომ ძალიან რთულია. ბოლომდე ვერც გამოვედი ამ მდგომარეობიდან და ჯერ კიდევ ძალიან ქაოტური ვარ. ძნელია, დალაგებულად ჩამოთვალო ის პრობლემები, რომელსაც ორსული ქალი აწყდება. ყველაფერი ინდივიდუალურია. ჩემს შემთხვევაში, ორსულობა ძალიან მოულოდნელი იყო. წლების განმავლობაში ვერ ვორსულდებოდი და როცა ეს მოხდა, სრული შოკი მქონდა. არ მივსულვარ ექიმთან და არ გამომიკვლევია, რა პრობლემა მქონდა, თან ფილმში მთავარ როლზე ვიყავი დამტკიცებული და ეს გეგმა ჩაიშალა. ყველაფერთან ერთად, ჩემი თავი ბავშვისთვის პატარა მეგონა. 30 წლის ვხდები, მაგრამ მგონია, რომ ჯერ კიდევ პატარა ვარ (იცინის). შოკი იყო, მეშინოდა. რეალობა მაშინ აღვიქვი, როცა ბავშვის გულისცემა პირველად მოვისმინე. მაშინ გავაცნობიერე, რომ მუცელში პატარა არსება მყავდა, მაგრამ ბოლომდე – მაინც, ვერა. მუცელი რომ კარგად დამეტყო და ბავშვმა მოძრაობა დაიწყო, მერე უფრო მოვედი აზრზე. მანამდე მართლა ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა.

– მეუღლესთან ურთიერთობა და პრობლემები, რომელიც ამ დროს შეიძლება, გაჩნდეს...

– ძალიან ბევრისგან გამიგია, რომ ორსულობის დროს წყვილს ურთიერთობა ეძაბება, შორდებიან. ჩემი აზრით, ეს უფრო მამაკაცების ბრალია. ვერ ხვდებიან, ორსული ქალი რომ „გაგიჭედავს“, უნდა მიხვდე, რომ ეს ჰორმონების ბრალია და გონიერება გამოიჩინო. ამ მომენტში მამაკაცებზე ბევრია დამოკიდებული. ილომ რაღაც მომენტში ვერ გაუძლო. მერე, პირიქით, ძალიან დამეხმარა და ყველაფერში გვერდით ვედექით ერთმანეთს.

– დეპრესიის გაცნობიერება რთული იყო?

– ჩემს შემთხვევაში, ასე იყო. მეგობარმა მითხრა, შენ დეპრესია გაქვსო. მანამდე ამას ვერ ვხვდებოდი. მისი ნათქვამის შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ეს აშკარა იყო. არაადეკვატური ფიქრები მქონდა, მეშინოდა ყველაფრის, მათ შორის ბავშვის. სიხარულს არაფერი მანიჭებდა, პირიქით. ზუსტად ვერც აღვწერ ამ მდგომარეობას. ახლა რომ უკან ვიხედები, კიდევ უკეთ ვაცნობიერებ, მაშინ რა მდგომარეობაში ვიყავი. იმ დროს საერთოდ ვერაფერს აღვიქვამდი. მეგონა, რომ ბავშვი არასდროს გაიზრდებოდა, მთელი ცხოვრება გაგრძელდებოდა ტირილი, გამოცვლა, ჩემი ფიზიკური ტკივილები, სახლიდან გაუსვლელობა და ასე შემდეგ.

– იმდენი დრო არაა გასული, რომ ყველაფერი თავის ადგილას დალაგებულიყო, თუმცა, ნელ-ნელა, ალბათ, ყველაფერს ფერები უბრუნდება. ეს თავისთავად ხდება, საკუთარი ძალისხმევის თუ სხვისი დახმარების შედეგად?

– იდეალური იქნება, თუ ამ დროს ექიმს მიმართავენ. თუ ეს არ გამოდის, ამ შემთხვევაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეუღლის დახმარებას, ამასთან ერთად, იმ ადამიანებსაც, ვინც ჩვენ გარშემოა. მე და ჩემი მეუღლე ცალკე ვცხოვრობდით. პანდემიიდან გამომდინარე, ადამიანებთან შეხებაც ნაკლებად მქონდა და მე და ილო მარტოები ვიყავით. ის მივლიდა და მეხმარებოდა ამ ყველაფრის გადატანაში. ახალბედა დედებს გარშემო მყოფები უნდა დაუდგნენ გვერდით. მერე, როცა ბავშვი იზრდება და უკვე ტირილის მიზეზსაც გახვედრებს, რომ გაგიღიმებს, ნელ-ნელა ამასაც აზრზე მოჰყავხარ. თან, ამ ყველაფერს პანდემიაც დაემთხვა და ამ ფონზე კიდევ უფრო რთული იყო. ყველა თავს იკავებს სტუმრობისგან, რომ ვირუსი არ მოგიტანოს. მე კი ვცდილობდი, რომ ყველგან გავსულიყავი, მაგრამ ასეთი ადგილების რაოდენობაც ძალიან შეზღუდული იყო.

– თუმცა ეს ყველაფერი ეთერში საერთოდ არ იგრძნობოდა.

– ეს უკვე ჩემი სამსახიობო ამბავია (იცინის). თითქმის ყოველთვის ჩემი ღიმილის უკან ღამენათევი ვყოფილვარ, ცუდი ფიქრებით, მაგრამ პასუხისმგებლობა როცა გაქვს რაღაც საქმისადმი, ბოლომდე იქ უნდა იყო.

– პატარას სახელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორ შეარჩიეთ?

– შარშან ხომ ვირთხის წელიწადი იყო და ძალიან არ მომწონდა, რომ ჩემი შვილი მის წელიწადში უნდა დაბადებულიყო, რადგან ადამიანებს არასასიამოვნო ასოციაცია აქვთ ვირთხასთან. ამიტომ მინდოდა, როგორღაც გამესაყვარლებინა ეს ამბავი (იცინის). შემთხვევით დავინახე „ტომი და ჯერი“ ეკრანზე, გამახსენდა, რომ ისიც ვირთხაა და თან ძალიან საყვარელი. ზუსტად მაშინ დამარტყა თავში – რატომაც არა-მეთქი და გადავწყვიტეთ, ჯერი დაგვერქმია (იცინის).

– ჯერი საოცრად სიმპათიური ბიჭია...

– კი, საოცრად ლამაზია, მე თვითონაც ვაღიარებ. ძალიან ყოჩაღი ბიჭია და ყველანაირ განვითარებას უსწრებს. კბილების ამოსვლის პროცესი და გაზები მასაც აწუხებს, როგორც ყველა პატარას, ძალიან აქტიურია, სულ მოძრაობაშია და ვერასდროს ისვენებს. ამიტომაც გავხდი და ჩვეულ ფორმას დავუბრუნდი. ყველა მეკითხება, როგორ მიაღწიე ამასო. ეს ამბავი მხოლოდ და მხოლოდ ჯერის დამსახურებაა, არანაირი შეზღუდვები (იცინის).

– რა შეცვალა ჯერის დაბადებამ?

– მივხვდი, რომ აქამდე არ მიცხოვრია. ახლა ვფიქრობ, რომ ტყუილად მიცხოვრია ამდენი წელი შვილის გარეშე. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა.

– ილო თავიდან ისე ვერ მოიქცა, როგორც საჭიროა, მაგრამ მერე ყველაფერი დალაგდაო. ახლა როგორია ამ ამპლუაში?

– ახლა ილო ჩვეულებრივი დედაა, ერთადერთი ძუძუს ვერ აჭმევს ბავშვს. ბავშვი გიჟდება ილოზე, მე კი ვეჭვიანობ, რომ მამა უფრო უყვარს. აქამდე ილო მამშვიდებდა, არა, შენ უფრო უყვარხარო, მაგრამ ახლა იმდენად გამოკვეთილია ეს ამბავი, რომ ამასაც ვეღარ მეუბნება (იცინის). ჯერიმ ყველაფერი კარგი მოიტანა, რაც კი შეიძლებოდა, ჩვენს ურთიერთობაში მომხდარიყო.

– ჯერი ბუნებრივ კვებაზეა?

– კი და ყველა ქალს მოვუწოდებ, რომ ბავშვი ბუნებრივად კვებონ. ეს ძალიან კარგია მისი ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის. შეიძლება, ამას დღესვე ვერ ვხედავდეთ, მაგრამ სამომავლოდ, იდეალურ შედეგს იძლევა. ბევრს ჰგონია, რომ ეს ბავშვს დედაზე მიწებებულს ხდის, მაგრამ პირიქით – ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები, ყველაზე მეტად დამოუკიდებელ ადამიანებად იზრდებიან.

– ამ გამოცდილებით, რა შეგვიძლია ვურჩიოთ ახალბედა დედებს?

– ფეხმძიმე ქალბატონების გარშემო მყოფებს ვურჩევდი, რომ განსაკუთრებულად იზრუნონ მათზე და ყველანაირად შეეცადონ, რომ გაულამაზონ ეს პერიოდი. ეს ეხება მედპერსონალსაც, რადგან ახალნამშობიარები ქალი ასმაგად მგრძნობიარეა და სამწუხაროდ, ბევრისგან მსმენია, რომ ამ დროს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. ორსულებს და ახალბედა დედებს ვურჩევდი, რომ უფრო მეტი იფიქრონ დადებითზე. ეს შეიძლება, რთული იყოს ამ პერიოდსა და ამ ქვეყანაში, მაგრამ მაინც ეცადონ, დადებითი ენერგეტიკა გაუშვან სამყაროში და უკან აუცილებლად დადებითი დაუბრუნდებათ.



თბილისელები





კომენტარები:

ფართი შოპი