მაკო კვიტაიშვილი: ამ პროცესში შეიძლება, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვა

31 Mar 2021 00:30

ტელეწამყვან მაკო კვიტაიშვილის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო – მან სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ოჯახი შექმნა და ახლა უკვე დედობისთვის ემზადება.


მაკო კვიტაიშვილი: ორი წელია, რაც ტელეწამყვანის აპლუა მოვირგე. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი. საკუთარი თავის მიმართ საკმაოდ კრიტიკული ვარ და მგონია, რომ ასეც უნდა ვიყოთ, რომ უკეთ შევძლოთ საკუთარი მინუსების დანახვა. ამ პროცესში შეიძლება, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვა, მაგრამ ეს კატასტროფად არ მიმაჩნია. ვხვდები იმასაც, რომ ძალიან გავიზარდე და ტელევიზია საოცრად შემიყვარდა. მგონია, რომ ეს ის ადგილია, სადაც უნდა ვიყო.


– მანამდე რამდენიმე მიმართულებით მოსინჯე შესაძლებლობები, ტელევიზიის გარდა ყველაფერს დაემშვიდობე?

– დაახლოებით 22 წლამდე ძიების პროცესში ვიყავი. ყველა სფერო, რომელშიც საკუთარი თავი გამოვცადე, ძალიან მომეწონა და კონკრეტულ მომენტში თითოეულ მათგანში ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს. არ ვთვლი, რომ აღარ უნდა ვიმღერო. აუცილებლად დადგება დრო და იმედია, მალე, როცა ისევ შევძლებ ჯგუფის შეკრებას და მუსიკალური კარიერის განახლებას. თუმცა, ტელევიზიაში თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. იმის მიუხედავად, რომ მეგონა, ეს ჩემი სფერო არ იყო და ვერასდროს წარმოვიდგენდი თავს აქ, დღევანდელი გადმოსახედიდან, მინდა, მთელი ჩემი ცხოვრება აქ გავატარო. თუმცა, არა ერთ ადგილას გაყინულმა, მინდა, წინ წავიდე.

– რატომ არ წარმოგედგინა თავი ამ სფეროში?

– ალბათ, დედის გრაფიკიდან გამომდინარე. მაშინ ჩემთვის ტელევიზია მხოლოდ და მხოლოდ „ნიუსთან“ ასოცირდებოდა. ეკას ძალიან რთული გრაფიკი ჰქონდა და არ მინდოდა, ეს ჩემს თავზეც გამომეცადა. „ნიუსზე“ მუშაობა დღესაც ვერ წარმომიდგენია, ეს მიმართულება, პოლიტიკასთან ერთად, ჩემგან ძალიან შორსაა.

– ალბათ, ეთერში შეცდომები გაკომპლექსებს განსაკუთრებით იმის გამო, რომ ეკას შვილი ხარ...

– მე არ ვარ პროფესიით ჟურნალისტი. თუმცა, თავიდან ტელევიზიაში მივედი, როგორც ჟურნალისტი. გამოცდილება მივიღე, სხვის მაგალითებს ვაკვირდებოდი, ვცდილობდი, ბევრი რამ მესწავლა, ეკასგან რჩევებს ვიღებდი და სირთულეებსაც წავაწყდი. ბევრისთვის ვიყავი ეკა მიშველაძის შვილი და არა მაკო კვიტაიშვილი. თუმცა, ჩემი ხასიათიდან და მიდგომებიდან გამომდინარე, ვცდილობ, თავი დავიმკვიდრო, როგორც მაკომ და არა, როგორც ეკას შვილმა. ჩემი და ეკას სფეროები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და მას ვერ შემადარებენ, რადგან მე არ ვარ პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი. ვერ მოვიტყუები, თავიდან მქონდა ამის კომპლექსი. ვფიქრობდი – „ეკა რას მეტყვის, ხალხი რას იტყვის?!“ პირველი ერთი წელი საკუთარ თავს ვებრძოდი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ეკა ეკაა, მაკო – მაკო და ორივეს ჩვენი ადგილი გვაქვს. არ მგონია, რომ ეს ხმამაღალი განაცხადია, მხოლოდ იმიტომ ვამბობ ასე, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა სფეროში ვართ. სხვათა შორის, ეკასგან ბევრი კრიტიკა მაქვს მიღებული, მაგრამ ეს ცუდად სულაც არ მახსენდება, პირიქით, მისგან ბევრს ვსწავლობ.

– სულ განიხილავდნენ, ვინ უყვარდა თუ მოსწონდა მაკოს და ცოტა ხნის წინ ძალიან კარგი ამბავი მოხდა – ოჯახი შექმენი.

– მე და თორნიკე უკვე სამი წელია, ერთად ვართ და ვფიქრობ, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ. მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. არცერთი წამი არ შემშინებია ოჯახის, პირიქით, ძალიან დიდი შემართებით ავიღე ეს პასუხისმგებლობა და დავთანხმდი, რადგან მიყვარს ეს ადამიანი.

– როგორი გოგოა მაკო ოჯახში?

– ყოველთვის ძალიან ზედაპირული დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემს მეოჯახეობასთან დაკავშირებით (იცინის). შეიძლება, იმიტომ, რომ მხოლოდ ვიზუალით მაფასებდნენ. ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომდის, მაგრამ ძალიან მიყვარს საოჯახო საქმეები, ვგიჟდები საჭმელების მზადებაზე, სახლში ფუსფუსზე, ვერც კი წარმოიდგენთ, სახლში ისეთი რამეების კეთება შემიძლია და ძალიან მიხარია, რომ ასეა. საერთოდ არ მეთაკილება, რომ დიასახლისობა კარგად გამომდის. დღეს ძალიან ბევრი ამბობს, სახლში ვერაფერს გავაკეთებო და მე თამამად ვიტყვი, რომ ყველაფერს ვაკეთებ, რაც საჭიროა.

– მეუღლე რას საქმიანობს და ეკამ როგორ მიიღო სიძე?

– თორნიკე სპორტსმენია. ეკა არ არის სტანდარტული სიდედრი. რა თქმა უნდა, აინტერესებდა, ვინ იყო თორნიკე, მაგრამ როცა ეს ნაბიჯი გადავდგით, მას ჩემ გარშემო უკვე ყველა იცნობდა და ყველას მოსწონდა, ამიტომ მისი მიღება არავის გასჭირვებია. ყველას ძალიან უყვარს. მე და თორნიკეც ახლა კიდევ უფრო მეტად შეყვარებულები ვართ, ვიდრე აქამდე. მშვიდად ვცხოვრობთ, ყველაფერში ანგარიშს ვუწევთ ერთმანეთს და რომ ამბობდნენ, „ოჯახი ხრამიაო“ – ცოტა არ მესმის. თანაცხოვრებაში სირთულეები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ამას კატასტროფად არ აღვიქვამთ. სიყვარული ყველაფერს გადაგვალახვინებს – თუ ერთმანეთი გვაპოვნინა, მომავალშიც ყველაფერს შევძლებთ. ჩვენი ოჯახებიც ბევრ რამეში გვიწყობენ ხელს, თუმცა ორივე დამოუკიდებელი ადამიანები ვართ და ყველაფერს ჩვენით ვუმკლავდებით.

– მალე მშობლებიც გახდებით, ბოლომდე გაცნობიერებული გაქვს ეს ამბავი?

– კი, ოთხ თვეში ველოდებით. ფეხმძიმობის შესახებ რომ გავიგე, რატომღაც მეგონა, რომ 17 წლის ვიყავი და ვიფიქრე, რომ ამისთვის ძალიან პატარა ვიქნებოდი. მაგრამ რომ დავფიქრდი და გამახსენდა, რამდენი წლის ვარ, რომ ცხოვრებისგან არც ისე ცოტა გამოცდილება მივიღე, მივხვდი, რომ ამ ამპლუისთვის მზად ვარ როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. შინაგანი მზაობა ასეთ მომენტში ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ის, რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება, ყველაზე სწორი და კარგი გადაწყვეტილებაა. ქალისთვის ფეხმძიმობის პერიოდი რთულია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა ყველაზე პოზიტიური განწყობა მაქვს. ძალიან უპრეტენზიო ორსული ვარ, არაფერი მაწუხებს, მხოლოდ მუცელი მეზრდება და ნელ-ნელა წონაში ვიმატებ. ვარ ძალიან აქტიური, ვვარჯიშობ. მე და თორნიკე ბევრს ვსეირნობთ, კვების რაციონიც ერთად გავაჯანსაღეთ და ყველანაირად ვუწყობთ ხელს ერთმანეთს.

– დედა როგორ ემზადება ბებიობისთვის?

– ეკას ძალიან უხარია, ყველანაირად ემზადება, რჩევებს მაძლევს და სახლში ადგილს ეძებს ბავშვის საწოლისთვის (იცინის).



თბილისელები






კომენტარები:

ფართი შოპი