ირაკლი კობახიძე - არჩევნებთან დაკავშირებით ყველაფერი დღესავით ნათელია, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომ არჩევნები გაყალბდა

31 Mar 2021 02:22

არჩევნებთან დაკავშირებით ყველაფერი დღესავით ნათელია, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიატორ კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


მისი თქმით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არგუმენტები რომ არ არსებობს, ამის დასტური იყო ის, რომ დღეს საერთაშორისო პარტნიორებმა წარმოადგინეს დოკუმენტი, რომელშიც არავითარი ჩანაწერი არ იყო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით.


„არჩევნებთან დაკავშირებით ყყველაფერი დღესავით ნათელია, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა. სამაგიეროდ, ჩვენ წარვადგინეთ მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ PVT სწორედ რადიკალური ოპოზიციის მიერ გაყალბდა. ჩვენ შევთავაზეთ გადამოწმების ყველა საშუალება, მათ შორის გადათვლა, ჯერ კიდევ მეორე რაუნდის დროს, შევთავაზეთ პოლიტიკური დებატები, დროებითი საგამოძიებო კომისის შექმნა და ა.შ. ყველაფერზე უარი თქვეს და რატომ? იმიტომ, რომ მათმა 11 ათასმა პარტიულმა კომისიის წევრმა ხელი მოაწერა იმ ოქმებს, რომელსაც შემდეგ თვითონვე აკრიტიკებდნენ. ყველაფერი დღესავით ნათელია. არჩევნები არ გაყალბებულა, რასაც ასევე ადასტურებს ყველა შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტის დასკვნა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ეუთო/ოდირის დასკვნაზე, ნული მტკიცებულებებია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და ამ ყველაფრის კიდევ ერთი ცხადი დასტური იყო ის, რომ დღეს საერთაშორისო პარტნიორებმა წარმოადგინეს დოკუმენტი, რომელშიც არავითარი ჩანაწერი არ იყო არც რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ფორმით“,- განაცხადა კობახიძემ.






კომენტარები:

ფართი შოპი