არჩილ თალაკვაძე - მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში, რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ იყო მოცემული - სამწუხაროდ, დოკუმენტს ოპოზიცია არ დაეთანხმა

31 Mar 2021 03:18

მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში, რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ იყო მოცემული, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის თემა დიალოგში, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე მედიატორის მხრიდან განხილული არ იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შემაჯამებელი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.


თალაკვაძის თქმით, სწორედ რიგგარეშე არჩევნები იყო ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც ოპოზიციამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.


ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციურმა სპექტრმა დოკუმენტზე დათანხმებისთვის მზადყოფნა და პასუხისმგებლობა ვერ გამოხატა.


„რაც მნიშვნელოვანია, უნდა ვთქვათ, რომ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიცია არ დაეთანხმა. მათ ვერ გამოხატეს მზადყოფნა და პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტის ხელმოსაწერად. ეს სამწუხაროა და ამან ხელი შეუშალა შეთანხმებას და პოლიტიკური დიალოგის წარმატებით დასრულებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მინდა ვთქვა - ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მმართველი ძალა, რომელიც ერთგულია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე ერთგულია ემსახუროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ დაეთანხმა მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ის ფუნდამენტური რეფორმები, რაც დღეს შემოთავაზებულ დოკუმენტში იყო მოცემული, განვახორციელოთ რაციონალურად საქართველოს პარლამენტში, ჩვენი პირადი პასუხისმგებლობით, ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობით. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რაც მოხდა, არის ის, რომ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში, რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ იყო მოცემული, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის თემა დიალოგში, როგორც ჩემი მხრიდან, ასევე მედიატორის მხრიდან არ იყო განხილული. ამის დამატებას ითხოვდა ოპოზიცია და ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.


შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.





კომენტარები:

ფართი შოპი