რატომ ცხოვრობენ ცოდვილი ადამიანები მართალ და წმიდა ადამიანებზე უკეთ და რის გამო არ სჯის ღმერთი ბოროტებისთვის

31 Mar 2021 11:51

როგორც უნდა ვეცადოთ და არ შევიმჩნიოთ, ფაქტი ფაქტად რჩება – ადამიანები, რომლებიც საკმაოდ უღირს მეთოდებს იყენებენ და არანაკლებ უღირსადაც იქცევიან, ამ წუთისოფელში არათუ ცუდად, ფრიად კარგადაც გრძნობენ თავს. საკუთარი ყურითაც მომისმენია (ალბათ, თქვენც) ძალიან კონკრეტული ადამიანებისგან, რაოდენ კმაყოფილები არიან, თუკი ვინმეს ავნეს. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, ვის გულში რა ცეცხლი ტრიალებს, მაგრამ გარეგნულად, რაც მეტად ცუდად იქცევა ადამიანი, მით მაღალია მისი ცნობილობისა და სოციალური სტატუსი და მით მეტი კეთილდღეობითაა სავსე მისი ცხოვრება, რაც მეტ უკეთურობას კადრულობს. ამ თემაზე გვესაუბრება დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია).


მამა გურამი: ეს პრობლემა – უსამართლოდ ცოდვილი ადამიანის კეთილდღეობა და პირიქით, ძალიან მართალი, წმიდა ადამიანის ტანჯვა – გადაუჭრელია ადამიანურ დონეზე, იმიტომ რომ მძიმე გასაგებია ადამიანისთვის, მაგრამ, თუ ჩავუღრმავდებით, არის პასუხი. ჩვენ რომ წინასწარ ვიცოდეთ, რომ ამ დედამიწაზე თითოეული სიკეთის ჩადენის შემდეგ მივიღებთ ჯილდოს, მაშინ თუნდაც ამის გამო გახდებოდა ადამიანი კეთილი, განა იმიტომ, რომ უნდა, კეთილი იყოს, არამედ სიკეთეს მიუდგებოდა, როგორც ბიზნესს; ჩადებდა სიკეთეს და სანაცვლოდ მიიღებდა მეტ სიკეთეს, ამდენად, იქნებოდა იძულებით კეთილი, რადგან დაინახავდა, რომ სიკეთის კეთება ერთი ერთზე კეთილად ბრუნდება. და პირიქით – თუ ადამიანი დაინახავდა, რომ ბოროტების გაკეთებისთანავე, ცხოვრება დაარტყამდა, მაშინ ვინღა იქნებოდა ბიროტი და ვინ ჩაიდენდა ცუდს?! არავინ და არა იმიტომ, რომ ცუდის ჩადენა არ მოუნდებოდა, არამედ შიშის გამო. ორივე შემთხვევაში შეიზღუდებოდა ადამიანის თავისუფალი ნება და თუ ეს ასე იქნებოდა, რაღა განსხვავებაა ადამიანს, რობოტსა და ინსტინქტურად მოქმედ ცხოველს შორის?! რა აზრი ექნებოდა სამყაროს, სადაც ადამიანი სიკეთის გამო დაჯილდოვდებოდა და ბოროტების გამო დაისჯებოდა? ეს ხომ სიყალბეა?! წუთისოფელი დროებითაა დაშვებული და არ არის საბოლოო სინამდვილე, ის დაბინდულია. ებრაულად დაბურული ადგილი ჰქვია წუთისოფელს, რომელსაც ღმერთმა მოაკლო თავისი შუქი და ამ თავის სიცხადეს ღმერთი განზრახ არ აცხადებს აქ, რომ ადამიანს დაუტოვოს სარბიელი, რათა მან ამ ნახევრად დაჩრდილულ გარემოში თავად იპოვოს კითხვებზე პასუხი. მაგალითად, როდესაც ბავშვი მათემატიკის ამოცანას ხსნის, ამოცანის პირობა სრული არ არის, პასუხი დაფარულია და ბავშვმა ის თავისით უნდა იპოვოს. ასეთივე ადგილია წუთისოფელი – აქ უნდა იქცეს ღვთის ხატი ადამიანი ღვთის მსგავსად. ღვთის მსგავსებისთვის კი ადამიანს უნდა ჰქონდეს მოქმედების არეალი – ის ღმერთის შუქით გარედან არ უნდა დაიტბოროს, იმიტომ რომ მაშინ არჩევანი არ ექნება და იძულებული გახდება, მხოლოდ სიკეთე გააკეთოს.


– ეს გასაგებია, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, იმ ადამიანთა უმეტესობამ, რომლებიც არც თუ მოსაწონი მეთოდებით, ანუ ცოდვებით აღწევენ თავიანთ მიწიერ მიზნებს, ძალიან კარგად იცის, რომ მათი მეთოდები ვერაგულია. გამოდის, ადამიანის არჩევანია, იყოს ზნედაცემული, მატყუარა, უღირსი, რომ ჰქონდეს ბევრი ფული, მაღალი სტატუსი საზოგადოებაში...


– ვიმეორებ, წუთისოფელი არ არის სამართლიანობის ადგილი. სამართლიანობის ადგილი იქნება ის, სადაც წარვსდგებით სამსჯავროს წინაშე. ეს სამსჯავრო აქვე რომ იყოს, მაშინ არავინ მოიქცეოდა ცუდად, ყველა კარგი გახდებოდა შიშის გამო. თქვათ, ვიღაც, ვინც აირჩია მომხვეჭელობის კარიერული გზა, ღმერთმა უცებ დასაჯა, როგორც კი ხელი გაიშვირა სხვისი ქონებისკენ? ადამიანი მაშინვე შეშინდებოდა. ამიტომ მიეცა მას ასპარეზი. ღმერთი ეუბნება: შვილო, მოგეცი წუთისოფელი, დრო ჩაგირთე, მოგეცი მცნება, სიტყვა და როგორც გინდა, გამოიყენე. სიტყვასა და მცნებას შეგიძლია, დაუჯერო ან არ დაუჯერო; ასევე, მოგეცა სინდისი, რომელიც კი არ გიჭერს, უბრალოდ, მიგითითებს, მაგრამ შენ ყოველთვის გრჩება არჩევანი – დაუჯერო თუ არ დაუჯერო. ანუ მთავარი ბოროტების შიშის გამო არჩადენა კი არა, ბოროტების ჩადენის შინაგანი სურვილის გაქრობაა. როგორ მოვარჯულოთ ადამიანი, რომ კეთილისკენ გადაიხაროს?! ან არის კი ცოდვილი ადამიანი ბედნიერი? სახლი სახლზე აქვს მიდგმული, მანქანა – მანქანაზე, მაგრამ ჩახედე, აბა, გულში, მართლაც ბედნიერია? თორემ ცხოველიც ჭამს და სვამს. წუთისოფელი არის ადგილი, სადაც დრო ჩაირთო და გამოირთვება და ადამიანს მიეცა საშუალება, იცხოვროს, როგორც უნდა. ღმერთმა მიუთითა გზა, რაც მოუტანს ნეტარებას. ან დაიჯერებ ამას, ან არა, ან იმოქმედებ ღვთის მცნებებით, რომლებიც დაგეხმარება, რომ ამ სამყაროს მიმართ სწორი დამოკიდებულება შეინარჩუნო და სიკეთეს ეწიო, ან დაარღვევ და მიენდობი საკუთარ განმრჩევლობას, ტვინს, ეგოს და ისე იმოქმედებ. ისმის ხოლმე კითხვები, სად არის კეთილი ღმერთი, როდესაც პატარა ბავშვს კლავენ? ამ კითხვას მიწაზე პასუხს ვერ გავცემთ. ყველა ტკივილი და ტანჯვა, რაც აქ ხდება, ადამიანურ დონეზე არ გადაიჭრება. წუთისოფელში ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. აქედან მოდის ისიც, რომ ჩვენი ღმერთიც ჯვარცმული და ტანჯულია. მე თითქმის არ მინახავს ურწმუნო შვილმკვდარი დედა, არადა, ადამიანურად, თითქოს პირიქით უნდა იყოს. მშობელს ერთადერთი შვილი უკვდება და მაინც ღმერთთან მიდის, სად არის აქ ადამიანური ლოგიკა?! ამდენად, ადამიანი ის კი არ არის, რაც ფიზიკურად ჩანს, არამედ ის სული, რომელიც მარადისობიდან მოდის და მარადისობაში მიდის. ამიტომაც არ იბრძვის იესო ამ წუთისოფელში სოციალური თანასწორობისთვის, მან იცის, რომ ამით არ იხსნება წუთისოფლის პრობლემა. რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ყველაფერი წარმავალია და თავის თავში არსებობა არ აქვს – პირიქით: იმით, რაც აქ ხდება, ადამიანებს საშუალება ეძლევათ, რომ, როდესაც ბოროტებას ხედავენ, სიკეთის გზა აირჩიონ.


– მათ რატომ არ ურტყამს ცხოვრება? თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ ტანჯვა და ტკივილი არის ღმერთის პედაგოგიკა ადამიანის გონს მოსაყვანად.

– ვთქვათ, ადამიანს უნდა, რომ ამ წუთისოფელში იშოვოს ბევრი ფული და განცხრომით იცხოვროს, ღმერთი მას ხელს არ უშლის. მიშვებული ჰყავს. გინდა, რომ ეს წუთისოფელი სიმდიდრის დასაგროვებლად გამოიყენო? გამოიყენე, მაგრამ, აქ რომ ყველაფერი დაიწვება, ქონებასაც რომ აქ დატოვებ, იქ რას წაიღებ?! გამოდის, რომ ასეთი ადამიანი უფრო დაჩაგრულია. ბერები ტიროდნენ ხოლმე, როდესაც განსაცდელი არ ეწვეოდათ და, როგორც კი განსაცდელი მოაწევდათ, ამბობდნენ, ღმერთი მეწვიაო. იმიტომ რომ განსაცდელი მათ აიძულებდა, უფრო ამაღლებული გზები ეძებნათ. ხოლო, ვინც მიშვებულია თავის ცხოვრებაში, ვისაც შეუძლია, ხატს ესროლოს, დაანგრიოს ეკლესია, უამრავი ადამიანი გაამწაროს, ბევრი ბოროტება ჩაიდინოს, ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთი ამას ვერ ხედავს, ის უბედურია. თუ შენი ცხოვრება ასეთი წარმავალობისთვის გაწირე და, თუ ღმერთმაც მიგიშვა, ესე იგი, განწირული ხარ. ასე რომ, ჯობია, არ მიგიშვას და ტკივილით გაგიყვანოს იმ გზაზე, რომელიც ღვთის ხატს ღმერთს მიგამსგავსებს.



თბილისელები






კომენტარები:

ფართი შოპი