მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობა მიიღო ვებინარში „შვედეთი XIX საუკუნის ქართულ პრესაში“

01 Apr 2021 14:16


ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა ვებინარი „შვედეთი XIX საუკუნის ქართულ პრესაში“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და შვედეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ელექტრონული წიგნის „შვედეთი XIX საუკუნის ქართულ პრესაში“ ფართო საზოგადოებისთვის წარდგენას, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ პრესაში არსებულ სტატიებს და იმ პერიოდის შვედეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ასახავს. ღონისძიება შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის ორგანიზებით, შვედეთის საელჩოსა და შვედური ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

თავის გამოსვლაში მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობები მიმოიხილა, რომელიც საერთო ფასეულობებზე და ინტერესებზეა დამყარებული. მან მადლობა გადაუხადა შვედეთის სამეფოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა შვედეთის როლს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის ჩამოყალიბებაში და აღნიშნა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკა გარდამტეხი და ისტორიული აღმოჩნდა მთლიანად რეგიონისთვის და განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომელმაც ქვეყანა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე მიიყვანა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, შვედეთი დღესაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკის მომავლისა და ახალი სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებაში.

შვედეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შვედ კოლეგებთან ფიზიკური კომუნიკაცია და სამუშაო ვიზიტები მალე აღდგება და ქვეყნებს შორის არსებული საპარლამენტო დიპლომატიის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

მაკა ბოჭორიშვილმა დამსწრე საზოგადოებას ასევე, გააცნო საქართველოს ამბიციური გეგმა 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით. ამ კუთხით მან ხაზი გაუსვა ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის აუცილებლობას და ამ პროცესში შვედეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

დასასრულს, კომიტეტის თავმჯდომარემ წარმატება უსურვა წიგნის ავტორებს და მადლობა გადაუხადა ღონისძიებაზე მოწვევისთვის.






კომენტარები:

ფართი შოპი