გიორგი ვაშაძე - პრემიერის ერთადერთი ამოცანაა, შეინარჩუნოს საკუთარი თანამდებობა - ამით არის ნაკარნახევი მისი დესტრუქციული განცხადება

01 Apr 2021 20:03

პრემიერის ერთადერთი ამოცანაა, შეინარჩუნოს საკუთარი თანამდებობა. ამით არის ნაკარნახევი მისი ეს დესტრუქციული განცხადება,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება უფლებას იტოვებს ოპოზიციის ახირებას არ აყვეს და უშინაარსო მოლაპარაკებებზე დრო აღარ დაკარგოს.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის არასწორი როლი მოლაპარაკების პროცესს კარგად ეტყობა.

„შარლ მიშელთან კონტაქტზე პასუხისმგებელი სწორედ ეს ადამიანი იყო. დაველოდოთ ჩვენ ევროპელ, დასავლელ კოლეგებს. ასეთ მძიმე ვითარებაში, ამ პოლიტიკურ ჩიხში ისინი საქართველოს არ დატოვებენ. მათ ექნებათ საკუთარი მკაფიო პოზიცია ამ საკითხებთან მიმართებაში. ჯერ ჩვენ მზად ვართ მომდევნო რაუნდისთვის, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია მედიატორებზე, ისინი რა პოზიციას გამოხატავენ“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციასთან მოლაპარაკებების საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. მან ოპოზიციის პოზიციას ახირება უწოდა და განაცხადა, რომ მთავრობას არ აქვს დრო არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგოს. „უფლებას ვიტოვებთ, ოპოზიციის ახირებაზე დრო არ დავკარგოთ - ჩვენ არ გვაქვს ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასაკარგი დრო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა





კომენტარები:

ფართი შოპი