კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტთა ჯგუფი გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის პროცესში დაშვებულ ხარვეზებს შეისწავლის

03 Apr 2021 13:05

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მოადგილეებთან ერთად არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფს შეხვდა, რომელიც სპეციალურად გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის პროცესში საშემსრულებლო ხარვეზების შესწავლისა და მათი აღმოფხვრის გზების ძიების მიზნით შეიქმნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, რომ იუნესკოსთან სრულფასოვანი კომუნიკაცია აწარმოოს და მოკლე ვადებში მიაღწიოს საქართველოში ისეთი სპეციალიზაციის მქონე ექსპერტების მოწვევას, რომლებიც ქვეყანას სამწუხაროდ არ ჰყავს (სხვებს შორის, მოჭიქული კრამიტით გადახურვის სპეციალისტი).

ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, მიმდინარე წლის 5 აპრილამდე სამინისტროსა და ექსპერტებს წარუდგინოს გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის სარესტავრაციო სამუშაოების 2008 წელს შემუშავებული პროექტი და ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც დღემდე სახურავზე ჩატარებულ სამუშაოებს ქრონოლოგიურად ასახავს (მათ შორის ფოტო- და ვიდეომასალა, ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მოცემული მასალები სამინისტროსა და ქართველ არქიტექტორ-რესტავრატორებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ ჩატარებული სამუშაოების შესრულებისას დაშვებულ შეცდომებს და მათი გამოსწორებისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა უცხოელ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავონ.

გარდა ამისა, განისაზღვრა არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფი, რომელიც ძირითადი ტაძრის სახურავის ერთ-ერთ მონაკვეთზე წითელი მოჭიქული კრამიტის ნიმუშებს აიღებს ექსპერტიზაზე გადაგზავნის მიზნით, ვინაიდან, როგორც შეხვედრაზე გაირკვა, წითელი კრამიტის სახურავზე დაგებამდე მას სამხარაულის ექსპერტიზა არ ჩატარებია. წითელ კრამიტზე ექსპერტიზის პასუხი და 2008-2020 წლების დოკუმენტების კვლევა აუცილებელია უცხოელ ექსპერტთა ვიზიტის სათანადოდ მოსამზადებლად.

შეხვედრის ბოლოს, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სამინისტრო გეგმავს მეორე ჯგუფის შექმნასაც, რომელშიც ფერწერის სპეციალისტები გაერთიანდებიან და დაზიანებული ფრესკების გადარჩენის საკითხზე იმუშავებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.






კომენტარები:

ფართი შოპი