ნიკა მელია - თუ გამოვიდა გახარია და თქვა, რომ ქვეყანას მართავს ოლიგარქი და დიახაც, ეს ასეა, თუ ნამდვილად ამხელს ივანიშვილს, ეს აბსოლუტურად სხვა სცენარია

03 Apr 2021 23:03

თუ გამოვიდა გახარია და თქვა, რომ ქვეყანას მართავს ოლიგარქი და დიახაც, ეს ასეა, თუ ნამდვილად ამხელს ივანიშვილს, ეს აბსოლუტურად სხვა სცენარია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით.


როგორც ნიკა მელია აცხადებს, მთავარია ადამიანი პოლიტიკაში კი არ დასაქმდეს, რეალურად იყოს პოლიტიკოსი.


„გახარია თუ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას, უნდა თქვას, უნდა მოვისმინო, ქვეყანას ოლიგარქი მართავს თუ არა, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველია, ვის ექვემდებარება? სუს-ის ხელმძღვანელი ვის ექვემდებარება, ვინ არის ფარცხალაძე და ზოგადად, რა წეს-წყობილება გვაქვს, ოლიგარქიული თუ დემოკრატიული. ან გვაქვს ამ ქვეყანაში ევროატლანტიკური მისწრაფებები, ან ავტოკრატია. თუ გამოვიდა გახარია და თქვა, რომ ქვეყანას მართავს ოლიგარქი და დიახაც, ეს ასეა, გეთანხმებით, ფარცხალაძე -ფარცხალაძეა, თუ ნამდვილად ამხელს ივანიშვილს, ეს აბსოლუტურად სხვა სცენარია. ეჭვი მეპარება, მაგრამ დაველოდოთ. მთავარია პოლიტიკაში კი არ დასაქმდეს, რეალურად იყოს ადამიანი პოლიტიკოსი. ვინ დათხარა 20 ივნისს თვალები?! ვინ გასცა ბრძანება?! სიმართლე ვთქვათ, გახარიაზე ძალიან მძიმე ცოდვებს ამბობენ, ამ ყველაფერზე პასუხს რომ მოვისმენ, შემდეგ გავაკეთებ ჩემ კომენტარს“, - აცხადებს ნიკა მელია.


ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. რამდენიმე დღის წინ კი ყოფილმა პრემიერ - მინისტრმა, გიორგიმ გახარიამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.


„არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი