სახელმწიფოსგან სოციალური დახმარების მისაღებად ქულების მინიჭების მეთოდოლოგია და ადმინისტრირების წესი იცვლება

04 Apr 2021 10:33

სოციალურ დახმარებაზე განაცხადის შეტანის შემდეგ სამი თვეა საჭირო, რომ დაგენერირდეს ქულა და მიიღოს მოქალაქემ პირველი დახმარება. ბუნებრივია როცა ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს ეს საკმაოდ დიდი დროა. 

ჩვენ ვაკეთებთ მეთოდოლოგიასა და ადმინისტრირებაში ცვლილებას, რომ სოციალური დახმარების მიღებიდან გაცემამდე დრო ერთ თვემდე შემცირდეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განაცხადა.


„ეს მეთოდოლოგია, რომლითაც მოქალაქეების მოწყვლადობის შეფასება ხდება 2015 წელსაა შემუშავებული. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები ისეა შეცვლილი, რომ საჭიროა გადახედვა, რათა სწორად და კარგად დავინახოთ მოქალაქეების საჭიროებები. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებული მეთოდოლოგია მსოფლიო ბანკისა და გაეროს ექსპერტებთან ერთად შემუშავდა და წარმატებულად ითვლება, ეკონომიკურ ცვლილებებთან ერთად მისი დამიზნების არეალი უარესდება. სხვადასხვა ცვლადებია და განმაპირობებელი კრიტერიუმებია, რომლითაც ფასდება ბენეფიციარის მოწყვლადობა ავტომატურად წინასწარ განსაზღვრული ქულებისა და კრიტერიუმების მიხედვით“, - განაცხადა ბარკალაიამ 


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბენეფიციარისთვის სოციალური ქულების მინიჭებისას კრიტერიუმები ფართოვდება. „დღეს თუ მცირე რაოდენობის კრიტერიუმით ხდება შეფასება, როდესაც ეს სპექტრი გაფართოვდება უკეთესად მოხდება საჭიროებების დანახვა. ის ადამიანები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ბაზაში, ახლა სისტემა მათ მოწყვლადობას დაინახავს“, - აღნიშნა ბარკალაიამ.


მისი თქმით პანდემიის პერიოდში 100 ათასი ბენეფიციარით გაიზარდა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. 2020 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 450 ათასი იყო. „ეს ნათლად აჩვენებს რომ ჩვენი ახლანდელი სისტემა კარგად ხედავს იმ ეკონომიკურ საჭიროებებს. რადგან პანდემიასთან ერთად გაიზარდა მოწყვლადობა, შესაბამისად სოციალურ დახმარებაზე მომართვიანობა და მიმღებთა რაოდენობაც“, - აღნიშნა ბარკალაიამ.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, როგორ ხდება მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარების დანიშვნა. 

„მოწყვლადობასა და სიღარიბეზე რეაგირების მექანიზმია ე.წ. სოციალური დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საჭიროების მიხედვით, ჩვენი მოქალაქეები მიმართავენ სოციალური მომსახურების სააგენტოს. წერენ განცხადებას, აფიქსირებენ საჭიროებას და ამის შემდეგ იწყება მათი მოწყვლადობის შეფასების პროცესი. ამის შედეგად გენერირდება მოწყვლადობის ქულა. რაც უფრო დაბალია ქულა, მით უფრო მოწყვლადია და ღარიბია ოჯახი და შემდეგ შესაბამისად ენიშნება დახმარება“, - აღნიშნა ბარკალაიამ.


imedinews.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი