გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს მოუსმინეს

05 Apr 2021 17:24

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა, იმერეთის რეგიონში არსებულ საწარმოთა მიმდინარე საწარმოო პროცესების გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ საკითხი განიხილეს. 

კერძოდ, დღევანდელ სხდომაზე შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს ნიკოლოზ ჩიქოვანს მოუსმინეს.


კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საინტერესო უნდა იყოს ინფორმაციის მიღება იმ სამუშაოების შესახებ, რომელიც კომპანიაში გარემოსდაცვითი მდგომარეობის და წიაღის მდგრადი მოპოვების სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით მას შემდეგ განხორციელდა, რაც სახელმწიფომ კომპანიაში დროებითი მმართველი შეიყვანა.


ნიკოლოზ ჩიქოვანმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა  „ჯორჯიან მანგანეზში“ 2017 წლამდე, სპეციალური მართვის რეჟიმის ამოქმედებამდე არსებულ მდგომარეობას, შემდგომ პერიოდში განხორციელებულ პროექტებს და სამომავლო გეგმებს.


მომხსენებლის განცხადებით, არსებული რთული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით დამტკიცებულ იქნა განვითარების 14-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ფაქტობრივად შესრულებულია, გარდა ზოგიერთი იმ საკითხისა, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ ობიექტური პირობების გამო ჯერ-ჯერობით განუხორციელებელი დარჩა.

მისი ინფორმაციით, 2017-2020 წლებში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:   

• ჭიათურაში, ქალაქის ტერიტორიაზე  აიკრძალა მადნით და კონცენტრატით დატვირთული მძიმეწონიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება;

• აშენდა მანგანუმის მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა;

• ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ქუჩების დასუფთავება;

• დაიწყო დაზიანებული ტერიტორიების აღდგენა-რეკულტივაცია;

• ხორციელდება მდინარე ყვირილას დაცვის პროექტი;

• კომპანიაში შეიქმნა ეკოლოგიისა და რეკულტივაციის სამსახური;

• მომზადდა ჭიათურის საბადოს განვითარების 50-წლიანი გეგმა და ა. შ.


ნიკოლოზ ჩიქოვანმა ასევე ისაუბრა ზესტაფონში განხორციელებულ პროექტებზეც, პანდემიის პერიოდში კომპანიის მუშაობაზე და სამომავლო გეგმებზე, რომელთა შორისაც უმთავრესად დასახელდა მდინარე ყვირილას პრობლემის მთლიანად გადაჭრის საკითხი.  ითქვა იმის თაობაზეც, რომ კომპანია ორივე ქალაქში ახორციელებს ასევე სოციალურ პროექტებს. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია და მასზე მოდის ქვეყნის  ექსპორტის 10%.

შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მომხსენებელმა კომიტეტის წევრებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა.


მაია ბითაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომლებიც  კომპანიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში განახორციელა, თუმცა კვლავ რჩება საკითხები, რომლებიც დროულად გადასაწყვეტია და ეს ამ მოსმენაზეც გამოიკვეთა, შესაბამისად,  მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად  მოგვარდეს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ჰაერის და მდინარის დაბინძურება.


სხდომის შეჯამებისას, კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ის ფაქტი, რომ  დროებითი მმართველის შეყვანამდე ნამდვილად მძიმე მდგომარეობა იყო და სამუშაო კვლავ ძალიან ბევრია ჩასატარებელი.

„პრაქტიკულად წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემაზე ვსაუბრობთ და ნამდვილად, ეს დანახარჯებს მოითხოვს. ის რაც თქვენ თქვით, რომ თუ დავუშვათ  წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება  რაღაც ხელშესახები შედეგები იმ კუთხით,  რომ წყალი  არ დაბინძურდეს, ანუ  წყლის დაბინძურებას თავისი ეკონომიკური ეფექტი აქვს, თქვენც კარგად მოგეხსენებათ და ასე ვთქვათ, ძალიან ძნელია შეადარო, ხარჯთსარგებლიანობის კუთხით, რა უფრო მეტ ზიანს აყენებს ეკონომიკურად ქვეყანას - დაბინძურებული მდინარე და მისგან გამოწვეული პრობლემები, თუ დავუშვათ გაღებული გარკვეული ინვესტიციები. თუმცა გეთანხმებით, ეს ხარჯთსარგებლიანი უნდა იყოს და თუ წლის ბოლოდან იგეგმება გარკვეული ღონისძიებები ქარხნების ჩანაცვლების კუთხით, ეს პროცესს ნამდვილად გაამარტივებს“- განაცხადა მაია ბიწაძემ.  მან იმედი გამოთქვა, რომ კომპანიაში ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ გარემოზე ზიანი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.


კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ თავად კომპანიის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.





კომენტარები:

ფართი შოპი