ირაკლი ქადაგიშვილი - ნუ ჰყავთ მძევლად აყვანილი ნიკა მელია და თუ რიგგარეშე არჩევნები უნდათ, ეგ აბსოლუტურად სხვა ამბავია, სხვა ისტორიაა

06 Apr 2021 14:24

ყველაფერი ებმება იმას, თუ როგორ უნდა დავთმოთ ხელისუფლება და არ დაითმობა ეს ხელისუფლება არალეგიტიმური გზით. არჩევნები არის ლეგიტიმური, ნუ ვეძებთ არალეგიტიმურ გზებს, ამაში არც ნიკა მელია არის ბერკეტი და არც სხვა არავინ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თუ მათ ნიკა მელიას ბედი აწუხებთ, მისი საკითხი უადვილესად გადასაწყვეტია.

"ნუ ჰყავთ მძევლად აყვანილი ნიკა მელია და თუ რიგგარეშე არჩევნები უნდათ, ეგ სხვა ამბავია აბსოლუტურად, სხვა ისტორიაა,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ის ასევე 8 აპრილს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როგორც არ უნდა გადაწყდეს ნიკა მელიას ბედი, ეს ბევრს არაფერ შეცვლის ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომლისთვისაც ნებისმიერი შეთანხმება მიუღებელია.

"როგორი იქნება ნიკა მელიას ბედი, დამოკიდებულია გარკვეულწილად მასზე, იმ პოლიტიკურ პარტიაზე, რომლის თავმჯდომარეც იგი ახლა არის, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია სასამართლოზე.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან მაშინ ვთქვით, რომ თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდიდა, ჩვენ მზად ვიყავით, პოლიტიკური ამნისტიის საკითხი განგვეხილა მოლაპარაკების საგნად ყველასთან ერთად, რომ ერთხელ და სამუდამოდ 20 ივნისის გარშემო სპეკულაციები დამთავრებულიყო. როცა ეს საკითხი ამდაგვარად დაისვა, ოპოზიციური პარტიების მხრიდან, მაინც ითქვა, რომ არ მოაწერდნენ დოკუმენტს ხელს, რადგან მათი ინტერესი არ არის იქ ჩამოთვლილი საკითხები, მათი სურვილია რიგგარეშე არჩევნები,რეალურად რომ ვთქვათ ხელისუფლების ხელში აღება,"- განაცხადა ქადაგიშგილმა.

ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ „განხილვადია“ საკითხი ნიკა მელიამ გირაო თავად გადაიხადოს, თუ მედიატორ დანიელსონის მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტში ახალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით „რაიმე ფორმულირებაზე შეთანხმება შედგება“.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს არის ჩანიშნული.





კომენტარები:

ფართი შოპი