„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია, ტვ პირველს საპატიმროდან წერილს უგზავნის. ოპოზიციური ლიდერი წერილში იმ პოლიტიკურ ფასზე საუბრობს, რომელსაც "ქართული ოცნება" მასთან მიმართებაში ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში გადაიხდის. მელია წერს, რომ „ქართული ოცნება“ დილემის წინაშეა.
წერილს უცვლელად გთავაზობთ:
ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები დილემის წინაშე დგანან. პირველი: ფიქრობენ, თუ გამიშვეს, მოლაპარაკების მაგიდასთან ვჯდები და ჩემი მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა მათთვის დიდი დისკომფორტი იქნება. ასევე, 15 მაისამდე მთელ თბილისს და საქართველოს შემოვივლი და თავისუფლებაზე ყოფნის ყველა უპირატესობას გამოვიყენებ ქვეყნის სასარგებლოდ და მათ საწინააღმდეგოდ.
მეორე: საერთაშორისო და ადგილობრივი ზეწოლა უფრო მზარდი გახდება. ვერავის მსოფლიოში ვერ არწმუნებენ, რომ მათ არ ჰყავთ პოლიტიკური პატიმარი. ამიტომ მოუწევთ, წილი ყარონ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება, - წერს ნიკა მელია.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს თუ არა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე საპატიმროს.
tv პირველი