რამდენ მილიონ ოქროდ იყო შეფასებული თამარ მეფის უნიკალური ჯვარი

07 Apr 2021 19:58

"ძელო ჭეშმარიტო, ძალო ჯვრისაო, შენითა წინძღომითა, ყოვლადვე შემწე და მფარველ ექმენ მეფესა დედოფალსა თამარსა" - ასეთი წარწერა აქვს თამარ მეფის ჯვარს, რომელიც ასომთავრული წარწერითაა შესრულებული.

ქართველი ერის სათაყვანებელ განძს, თამარ მეფის გულსკიდ ჯვარს ექვთიმე თაყაიშვილმა 1913 წელს ხობის მონასტერში მიაკვლია. ჯვარი მე-12 საუკუნის მეორე ნახევარშია შესრულებული და დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება.

1921 წელს საქართველოს მთავრობის მიერ საფრანგეთში გატანილ განძეულობას შორის იყო თამარ მეფის უნიკალური გულსაკიდი ჯვარი. 1927 წელს, ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს დროებითმა მთავრობამ შექმნა სპეციალური კომისია, რომელმაც თამარის ეს უნიკალური ჯვარი, თავისი სასვენებლით, ორ მილიონ ოქროს მანეთად შეაფასა.

"დასაკეცი ხატი მაცხოვრისა ოქროისი, რომელშიც ინახება ყელის ჯვარი თამარ მეფისა, ჯვარი თამარის შედგება ძვირფასი ქვებისგან ოთხი მოგრძო ზურმუხტისგან, ხუთი სარდიონისგან. ექვსი დიდრონი მსხლის მსგავის მარგალიტისგან. მეორე გვერდზე ჯვრისა საკიდით ასომთავრული წარწერაა"- ასე აღწერს ექვთიმე თაყაიშვილი თამარის ჯვარს.

ბაჯაღლოს ოქროს ჯვრის სასვენებელი, ოქროს ორკედი კიდობანი, შემკულია ძვირფასი თვლებით, ფირუზებით, საფირონებით, ამთვისტოებით. ბუდის ორივე მხარეს გამოსახულია ღვთისმშობელი, იოანე მახარობელი და ანგელოზები.

კიდობანს ამშევენებს 9 მედალიონი, ხუთ მედალიონში გამოსახულია წმინდანები, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, ანტონი და იოანე მახარობელი. დანარჩენ მედალიონებში წმინდა დიმიტრი, ღვთისმშობელი და წმინდა გიორგი. კიდობანი შემკულია ტიხრული მინანქრით.

თამარ მეფის ჯვარი, განძეულობასთან ერთად 1945 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოში დააბრუნა.



რეზონანსი 





კომენტარები:

ფართი შოპი