დიდ ბრიტანეთში გაიცა რეკომენდაცია, რომ 30 წლამდე ადამიანებს „ასტრაზენეკას“ ალტერნატივა შესთავაზონ

07 Apr 2021 21:57

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო (MHRA) აცხადებს, რომ 30 წლამდე ადამიანებს „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის ალტერნატიულ ვაქცინას შესთავაზებენ სისხლის შედედების იშვიათ სინდრომთან კავშირის მზარდი მტკიცებულებების გამო - ამის შესახებ BBC-ი წერს.

მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანოს მოხსენების თანახმად, მარტის ბოლომდე დიდ ბრიტანეთში იშვიათი თრომბები 79 ვაქცინირებულ ადამიანს განუვითარდა და მათგან 19 ადამიანი დაიღუპა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს არ არის მტკიცებულება იმისა, თითქოს თრომბები ვაქცინამ გამოიწვია, თუმცა კავშირი უფრო და უფრო მტკიცდება.

მარეგულირებლის თქმით, გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია და ვაქცინის ეფექტურობა დადასტურებულია. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ვაქცინის მიღების სარგებელი დიდი უმრავლესობისთვის კვლავ ძალიან მაღალია. აღნიშნულმა მოხსენების პირობებში, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის საკითხებში დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველთა დამოუკიდებელი კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, რომ 18-დან 30 წლამდე ადამიანებს, სადაც შესაძლებელია, ალტერნატიული ვაქცინა შესთავაზო.

მათ, ვინც ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღეს, მეორე დოზაც უნდა მიიღონ. თუმცა მათ, ვისაც პირველი დოზის შემდეგ იშვიათი თრომბები გამოუვლინდა, მეორე დოზა აღარ უნდა გაუკეთდეთ. იმ პირებმა კი, ვისაც სისხლთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ და რისკჯგუფს მიეკუთვნებიან, ვაქცინაციამდე რისკები და მისი სარგებელი ექიმთან უნდა განიხილონ.

მოხსენების თანახმად, თრომბების განვითარების შემთხვევათა ორი მესამედი ქალებზე მოდის. გარდაცვლილთა ასაკი 18-დან 80 წლამდეა.





კომენტარები:

ფართი შოპი