მეუფე ანტონი ჭყონდიდის ეპარქიაზე - უნდა მოექცნენ სამართლებრივ ჭრილში და არ ეურჩონ ეპისკოპოსს - არ მოგწონვარ? გადი ტყეში და იქ ილოცე

08 Apr 2021 22:10

ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტ ანტონის (ბულუხია) განცხადებით, ის მოვლენები, რაც ვითარდება ჭყონდიდის ეპარქიაში ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხია.


როგორც მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეკრების დასრულების შემდეგ განუცხადა, დღევანდელ შეხვედრა ანალიტიკური ხასიათის იყო, სადაც უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირებმა ერთმანეთის მოსაზრებები შეაჯერეს. 


მისვე განმარტებით, ჭყონდიდის ეპარქიაში ამბოხებული სასულიერო პირები ცხადია, რომ მეუფე პეტრეს ემორჩილებიან, თუმცა მისთვის გაუგებარია, „ მეუფე პეტრეს ეს რაში სჭირდება“.


მღვდელმთავრის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელის, მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ქმედებებიც შეაფასეს.


მისი თქმით, მეუფე სტეფანეს ქმედება აბსოლუტურად სწორია.


„ფაქტი ის, არის რომ ყველა ერთნაირად ვუყურებთ საკითხს. ვხედავთ, რომ ყველაფერი ის, რაც კეთდება, ფაქტობრივად, ამბოხია ეკლესიის წინააღმდეგ. ნელ-ნელა გამოვიკვლევთ თუ ვისგან მართულია, მაგრამ უდავო ფაქტია, რომ ეს ამბოხია. ეს არ არის სამართლებრივ ჭრილში. 


სჯულის კანონში, რომელზეც ასე იჩემებენ, რომ ძალიან კარგად იციან, წერია, რომ პირადი ცოდვის გამო არ შეიძლება მღვდელმთავარს განუდგე, სანამ ამ კანონს კრება არ მიიღებს. 


კრებას არ ელოდებიან, ცხადია, რომ მათთვის ინტერესი კრება არ არის. მათი ინტერესია ამბოხი და პროვოკაცია. შემოტანილი აქვთ აპელაციები. ძალიან არაკანონიკურად იქცევიან, ვინაიდან, ეს ბრალდება უფროა, ვიდრე აპელაცია. 


აპელაციაში მითითებულია, რომ გთხოვთ, განიხილოთ და ა.შ. აქ კი, ბრალდებაა. 


ეს უნდა გამიჯნონ თვითონ. ამის გამო არ დავაბრკოლებთ, მაგრამ თუ მათ ნამდვილად სურთ განხილული იყოს ეს, მანამდე უნდა მოექცნენ სამართლებრივ ჭრილში და არ ეურჩონ ეპისკოპოსს. თუ ამბოხებულებს კანონიერ ჭრილში უნდათ დამორჩილება, მანამდე უნდა დაექვემდებარონ მღვდელმთავარს წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დაადასტურებენ იმას, რომ მღვდელმთავარი სწორად მოიქცა... 


ეს მონასტერი არის საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილება. არ მოგწონვარ? გადი ტყეში და იქ ილოცე. რომ არ ემორჩილებიან (მღვდელმთავარს) რა არის მათი სახე? ვფიქრობ, როცა იქნება, აზრზე მოვლენ“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.





კომენტარები:

ფართი შოპი