როგორ დავსაქმდეთ პანდემიის დროს?

09 Apr 2021 14:56

გასულმა წელმა მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი წარმოდგენები ბევრი საკითხის მიმართ, საკუთარ თავთან დარჩენილებმა კი დავიწყეთ ახალი გზების მოძიება. სამყარო, რაღაც მხრივ, აღარ იქნება ისეთი, როგორიც პანდემიამდე იყო, რადგან უფრო მეტად დავაფასეთ ჩვენი წილი თავისუფლება, ვისწავლეთ სწრაფად ადაპტირება და მეტი დრო დავუთმეთ ციფრულ სამყაროს ათვისებას. პანდემიამ განსაკუთრებული ზეგავლენა სამუშაო პირობებზე იქონია, რომელმაც ბევრისთვის ოფისიდან სახლში გადაინაცვლა, ხოლო ვისაც ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ჩვეული სამუშაო რითმი შეინარჩუნა მეტი უსაფრთხოების დაცვით, ბევრმა კი სამსახურიც დაკარგა. მეორე მხრივ, კომპანიები იძულებულნი გახდნენ ყოფილიყვნენ უფრო მეტად მოქნილები და გამბედავები, რათა განვითარებისთვის ახალი გზები მოეძიებინათ და პარალელურად ადამიანური რესურსი შეენარჩუნებინათ. სამყაროში ახალმა გამოწვევებმა ახალი შესაძლებლობიც გააჩინა, ორგანიზაციებისთვის ადამიანების დასაქმება უფრო მეტად მათზე და მათ ნაყოფიერებაზე მორგებული გახდა, შესაბამისად კი იმატა ინტერესმა ისეთი საქმის მიმართ, რომელიც უფრო მეტად იქნებოდა კომფორტული.


სახლში მეტად დროის გატარებისას შესაძლებლობა მოგვეცა გადაგვეაზრებინა ის საქმე რასაც ვაკეთებდით, რამდენად მოგვწონდა და რა შეიძლება უფრო მეტად მოგვწონებოდა. ახალი აღმოჩენებისკენ მიმავალ გზაზე, პირველ რიგში, უნდა გააფართოვეთ თქვენი ცნობიერების არეალი, მოძებნეთ ისეთი საქმე რასაც ჰობის დონეზე სიამოვნებით გააკეთებდით. ძებნა ნამდვილად გაგიყვანთ ახალი აღმოჩენების კვალზე, რის შემდეგაც სურვილი გაგიჩნდებათ ამის შესახებ უფრო მეტი ისწავლოთ. იგივე მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როდესაც უშუალოდ იცით რისი კეთება გსურთ, სასურველი ვაკანსია შეიძლება რთული მოსაძებნი იყოს, თუმცა ცდად ყოველთვის ღირს. მუდმივად თვალი ადევნეთ საყვარელი ბრენდების სიახლეებს, აღმოაჩინეთ ლინქდინი და გამოიწერეთ სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები, არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიციას იკავებენ, ინფორმაცია ყველა მხრივ შეიძლება გავრცელდეს.


დასაქმება განსაკუთრებით რთული იმ ახალგაზრდებისთვისაა, ვისაც გამოცდილება ჯერ არ აქვს და შეიძლება ჯერ არც გადაუწყვეტია რას შეიძლება მიუძღვნას თავი. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ლოდინის რეჟიმიდან გამოხვიდეთ და პირველი სამსახურის ძიება დაიწყოთ იმ პოზიციაზეც კი, სადაც თავს მომავალში ვერ ხედავთ რამდენიმე მიზეზის გამო: 1. მუდმივ მოძრაობაში იქნებით, გექნებათ საკუთარი ანაზღაურება და გაგიჩნდებათ მოტივაცია არსებული მდგომარეობა მუდმივად გააუმჯობესოთ, 2. გაიცნობთ ახალ ადამიანებს, არ არსებობს წარმატება სწორი კონტაქტების გარეშე, 3. ისწავლით როგორ გაუკლავდეთ ახალ დაბრკოლებებს, რაც თქვენს თვითშეფასებას ნამდვილად გაზრდის, 4. მეტი შანსი გექნებათ მიაგნოთ სასურველ საქმეს და ვინ იცის, შეიძლება იმდენად დაგაინტერესოთ, რომ სწორედ აქ გადაწყვიტოთ კარიერულად განვითარება.


კომპანიები ხშირად ცდილობენ მაქსიმალურად თქვენზე მორგებული პირობები შემოგთავაზონ, ზოგი კი სწორედ ისეთ ადამიანებს ეძებს, ვისაც გამოცდილება არ აქვს, თუმცა აქვს მოტივაცია მუდმივად განვითრდეს. ასეთი ორგანიზაცია ყოველთვის კომფორტული და  დასაქმებულებზე მორგებულია. ასევე გაითვალისწინეთ, ვაკანსიის ძიებისას სრულებით შესაძლებელია უშუალოდ კომპანიას დაუკავშირდეთ და შესთავაზოთ თქვენი კანდიდატურა კონკრეტულ პოზიციაზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოცხადებული არ აქვს ვაკანსია, დაინტერესების შემთხვევაში კი აუცილებლად განიხილავენ თქვენს მონაცემებს.



კომენტარები:

ფართი შოპი