აღდგომის დღესასწაულისთვის თქვენს სუფრაზე რომ ლამაზი ჯეჯილი ბიბინებდეს, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ.
ბევრმა დიასახლისმა ჯეჯილის გახარება კარგად იცის, მაგრამ ყოველთვის მოიძებნებიან ახალბედები, რომლებსაც ამის გამოცდილება ჯერ არ აქვთ. „რეიტინგი“ ცნობილ ქართველ ფლორისტს, „გარდენია შევარდნაძის“ შემქმნელს ზურაბ შევარდნაძეს ესაუბრა. სწორედ ის გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, როგორ გავახაროთ ჯეჯილი სააღდგომოდ.
ზურა შევარდნაძესთან შეხვედრისას, რა თქმა უნდა, ხელიდან არ გავუშვით შანსი და მისგან ასევე საინტერესო რჩევები შევიტყვეთ მათთვის, ვისაც მებაღეობა იტაცებს.
- ბატონო ზურა, ბოლო დროს მებაღეობა არაერთ ადამიანს იტაცებს, რა რჩევები უნდა გაითვალისწინონ საგაზაფხულოდ მათ ბაღის მოწყობისას?
- გაზაფხულზე რჩევების მიცემა სწორი არ არის, რადგან ბაღის კეთება იწყება წინა წლის შემოდგომიდან. ბევრი ადამიანი მოდის ჩვენთან „გარდენიაში“, ხედავს აყვავებულ ყვავილებს, ტიტებს, ნარცისებს და ისინი კითხულობენ ამ ყვავილების ნერგებს. მე მაინც მგონია, ჩვენს მოსახლეობას მებაღეობის ცოდნა აკლია.
შესაძლოა გასაკვირი იყოს, მაგრამ ბაღის კეთება იწყება წიგნიდან, ბაღის კეთების დროს, მთავარია სიყვარული და ინფორმაცია. გაზაფხულის ბოლქვოვნები ახლა რომ ყვაოდეს, წინა წლის ოქტომბერში უნდა დავთესოთ.
ახლაც გრძელდება დარგვის სეზონი, ზაფხულში რომ ლამაზი ბაღი გვქონდეს, ახლა უნდა დავრგოთ ყვავილები.
- გაზაფხულზე ხშირად იცვლება ტემპერატურა და ამინდი, როგორ უნდა დავიცვათ მცენარე ამინდის ცვალებადობის მავნე ზეგავლენისგან?
- სასურველია თბილი გაზაფხული, ზამთარი ზამთარს ჰგავდეს, მაგრამ ეს ფუფუნება სად არის? სამწუხაროდ, ასე რეგულარულად არ მიყვება წელიწადის დროები ერთმანეთს. ზამთრიდან ზაფხულზე გადავდივართ. გლობალური დათბობა ჰგონიათ, რომ ნიშნავს ტემპერატურის დათბობას.
გერმანელმა კოლეგამ ამიხსნა, რომ გლობალური ტემპერატურა ნიშნავს კონტრასტულ ზრდას. გართულდება კლიმატური მდგომარეობა. ეს არეული მდგომარეობა ამ დათბობასთან არის კავშირში.
კლიმატს უნდა ავეწყოთ. ჩემი ჯადოსნური სიტყვებია მიიხედ-მოიხედო. ანუ, ნახო, რა ხარობს. თუ მცენარე ხარობს, ნებისმიერი მცენარე ლამაზია. მე ეს მინდა და ამის გამო, ეგზოტიკური მცენარეები დავრგო ბაღში, არ არის გამართლებული, რადგან შესაძლოა, მცენარე კონკრეტულ პირობებში თავს კომფორტულად არ გრძნობდეს.
თუნდაც ოთახის ყვავილები ავიღოთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ტემპერატურა, საიდან შემოდის მზე, ნიავდება თუ არა ოთახი და ა.შ. უნდა შეხედო, რა პირობებია და ამის მიხედვით დარგო.
- მსმენია, რომ ყვავილების გახარებისას, აუცილებელია მათზე ზრუნვა...
- ზრუნვა ყველა ცოცხალს უხდება, მცენარე ხომ ტყვეობაშია, როცა ქოთანში გყავს? ამიტომ ის პირობები, რომელიც მის გასახარებლადაა საჭირო, ხელოვნურად უნდა შევქმნათ.
მცენარეები მგრძნობიარეები არიან, თუ არ აქვს საჭირო პირობები, ბავშვივით ვერ იტირებს, უბრალოდ არ ხარობს და არ გამოიყურება ისე, როგორც დეკორატიული მცენარე უნდა გამოიყურებოდეს.
- ბატონო ზურა, ახლა აღდგომა მოდის. ტრადიციის მიხედვით, სააღდგომო დეკორაციის განუყოფელი ნაწილია ჯეჯილი, როგორ უნდა გავახაროთ?
- ჯეჯილზე მე ახალი რა უნდა ვთქვა? მე არ მომწონს პატარა თეფშებზე დათესილი ჯეჯილი. დიდ სინებზე ვთესავ. სააღდგომო გამოფენას ვგეგმავთ „გარდენიაში“, ამიტომ გუშინ მოვიტანე ხორბალი, ძველი ლეიბი დავშალე და ორ დღეში დავთესავ ჯეჯილს სპილენძის სინებზე.
ძალიან ლამაზია მაგიდებზე ჯეჯილის დიდი მინდვრები.
- რამდენი დღით ადრე უნდა დავთესოთ ჯეჯილი, სააღდგომოდ ლამაზად რომ ყვაოდეს?
- გააჩნია, სად გიდევს. მე გაუთბობელ ოთახში უნდა დავაწყო. ცივ ოთახში რთულად ამოდის ჯეჯილი. თბილ ოთახში კი მესამე დღეს ამოდის. კარგა ხანს ძლებს, მაგრამ როცა თესლი გამოიფიტება, ფერმკრთალდება.
reitingi.ambebi.ge