მაია ბითაძე: არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან დაკავშირებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და საკითხის პოლიტიზირებას

13 Apr 2021 15:53

„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო, იმ ადამიანებს, რომლებიც სპეკულირებენ და მიზანმიმართულად ჩრდილს აყენებენ იმ საჩუქარს, რომელიც ფონდმა ქართუმ გაუკეთა ქალაქს და აბსოლუტურად უსასყიდლოდ აშენებს პარკს, რომ შეეშვან მუდმივი ანტაგონიზმის მდგომარეობაში ყოფნას“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


დეპუტატის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ქვეყანასა და განსაკუთრებით, დედაქალაქში, ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ბევრი რამ კეთდება, ეს საკითხი მაინც სპეკულაციის საგნად რჩება. კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე ფოტომასალაც წარმოადგინა და განაცხადა, რომ „ქართუ ჯგუფის“ მიერ ტერიტორიის გამოსყიდვამდე, ყოფილი იპოდრომისა და კორტების ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობების აგება იგეგმებოდა.


„მინდა, გამოვეხმაურო ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან დაკავშირებულ საკითხს, რომელიც „ქართუ ჯგუფის“ მიერ 50 მილიონი ლარის ქონების სახით გადაეცა დედაქალაქს და იქ აბსოლუტურად უსასყიდლოდ შენდება ცენტრალური პარკი - არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და ამ საკითხის გარკვეულწილად, პოლიტიზირებას. მინდა, გაგიზიაროთ სურათები, თუ რა იგეგმებოდა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მანამდე, სანამ „ქართუ ჯგუფის“ მიერ იქნა გამოსყიდული ეს ტერიტორია. ამ ფოტოებზე არის წარმოდგენილი ის შენობა-ნაგებობები, 40 სართულიანი კორპუსები, რომლებიც უნდა აშენებულიყო იპოდრომის ტერიტორიაზე, ისევე, როგორც მის გვერდზე არსებული ყოფილი კორტების ტერიტორიაზე 35 სართულიანი და 40 სართულიანი შენობები. ამჯერად, „ქართუ ჯგუფი“ აფინანსებს მთლიან რეაბილიტაციას ტერიტორიისა, იქ იქნება ბილიკები, სივრცეები ყველა ადამიანისთვის და 70 ჰექტარით ჩვენი მოსახლეობა ამ ფორმით ისარგებლებს ამ ტერიტორიით. ეს იქნება საქალაქო დონის და არა რაიონული დონის ცენტრალური პარკი, სადაც სივრცეები იქნება განკუთვნილი ყველა ადამიანისთვის. მინდა, მოვუწოდო, კიდევ ერთხელ, იმ ადამიანებს, რომლებიც სპეკულირებენ და მიზანმიმართულად ჩრდილს აყენებენ იმ საჩუქარს, რომელიც „ქართუ ფონდმა“ გაუკეთა ქალაქს და აბსოლუტურად უსასყიდლოდ აკეთებს პარკის მშენებლობას, რომ შეეშვან მუდმივი ანტაგონიზმის მდგომარეობაში ყოფნას და გაითვალისწინონ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჭირდებათ ველობილიკი, რომლებსაც ჭირდებათ ბავშვების გასეირნება და შესაბამისად, ბილიკები და შესაბამისად, კარგად დააკვირდნენ იმ რეკრეაციულ პარკებს და სივრცეებს, რომლებიც გაშენებულია მთელი ევროპის და ამერიკის მასშტაბით. იხილონ ნიუ იორკის ცენტრალური პარკის განაშენიანების გეგმა, იხილონ ბერლინის ტიერგარენის განაშენიანების გეგმა, მადრიდის ცენტრალური პარკის და ასე შემდეგ. ეს პარკი, 70 ჰექტარი, იქნება ყველა თბილისელისთვის და იქ იქნება მიზიდულობის ცენტრები მათ შორის, ჩვენი ტურისტებისთვის და იქნება, რეალურად, თბილისის ტურისტული და თბილისში ქონების ღირებულების მატების ერთ-ერთი წინაპირობა, რომ არაფერი არ ვთქვათ იმ ეკოლოგიურ ღირებულებაზე, იმ ათი ათასობით ახალ ხე-მცენარეზე და მთლიანად გამოსაცვლელ ნიადაგზე, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება“,- განაცხადა მაია ბითაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი