სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში ან გარეთ, - ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მოსამართლეს.
მან ადვოკატებს და მოსამართლესაც პროცესის მალე დასრულებისკენ მოუწოდა.
„მალე დავასრულოთ ეს პროცესი, ბევრი საუბარი ნიშნავს, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ვართ სასამართლოში. ჩემი თხოვნაა, მალე დავასრულოთ პროცესი, ვიცი ის გადაწყევტილება, რაც უნდა გამოაცხადოთ, უკვე ცნობილია...
თითქოს, მე შემიძლია სურვილის შემთხვევაში გადავიხადო გამოსასყიდი, გირაოს რომ ეძახიან. გეკითხებით, მე შემიძლია რომც მინდოდეს, გირაო გადავიხადო? არა, რა თქმა უნდა, ჩემზე კარგად იცით ეს. ან რამდენი ათასი ლარი უნდა გადავიხადო? არავინ იცის, რადგან სამართლებრივი დოკუმენტი არ არსებობს.
აქ სხედან პროკურორები, რომლებიც 2 თვის განმავლობაში საუბრობენ, მელია ღია კარში არის ციხეში და არ გამოდისო. რატომ არ აყენებენ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას? არც გადავიხდი, რადგან უკანონოა.
სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში, ან გარეთ“, - განაცხადა მელიამ.
ამასთან, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ერთ-ერთმა პროკურორმა ია დარჯანიამ განცხადებაზე, რომ „პროკურორები გავრილოვის და რუსეთის ნავში სხედან“, განაცხადა, რომ ის აფხაზეთიდან დევნილია და როცა „საუბარი იქნება ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებაზე, მათთან ერთად იქნება“. აღნიშნულთან დაკავშირებით, მელიამ განაცხადა, რომ „ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედი არც ერთი პირი არ ამბობდა, რომ ისტორიის არასწორ მხარეს იყო“.
„ყველა ამბობდა, რომ საქართველო უყვარდა. თენგიზ კიტოვანი რამდენი წლისაა და თქვენზე უფრო მეტად პატრიოტულ სიტყვებს ამბობს, მაგრამ ერმა იცის ყველაფერი“,- განაცხადა მელიამ.